კავკასიური სოჭი - ნაძვის ხის მშვენიერი "ტყუპისცალი"
02-01-2017
კავკასიური სოჭი - ნაძვის ხის მშვენიერი "ტყუპისცალი"
"ჩვენი პატრიარქის მოწოდებაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ კავკასიურ სოჭს, საქართველოს ბუნების მშვენებას"

ნაძვის ხე შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ნაძვს ჰყავს თავისი "ტყუპისცალი" - სოჭი. სადღესასწაულოდ მორთული სოჭი ისეთივე ლამაზი და ელეგანტურია, როგორიც - ნაძვის ხე. ამ მცენარის ღირსებებზე პროფესორი ლალი გოგინავა მოგვითხრობს.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოჭი ბუნების სამკაულია. მარადმწვანე მცენარე ძალიან ჰგავს ნაძვს, თუმცა სოჭს ლამაზი, ვერცხლისფერი შეფერილობა აქვს, რითაც თვალსაჩინოდ განსხვავდება სხვა მარადმწვანე ხეებისგან.
სოჭის მორთვაც ისევე შეიძლება, როგორც ნაძვის ხისა.მორთული სოჭი ძალიან ლამაზიც არის. უცხოეთში მას საგანგებოდ ამრავლებენ შობა-ახალი წლისთვის. ამ ქვეყნებში საახალწლოდ 45 მილიონი სოჭი იყიდება! მსოფლიოში სოჭის სხვადასხვა სახეობა ხარობს, მაგრამ კავკასიური სოჭი, ძირითადად, ამბროლაურის რაიონში გვხვდება. ჩრდილის ამტანი და ნესტის მოყვარული მცენარე 500-დან 800 წლამდე
ცოცხლობს. კავკასიური სოჭი თესლით მრავლდება, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება - წელიწადში მხოლოდ 10-15 სანტიმეტრი ემატება. საბოლოოდ კი 50 მეტრს აღწევს. ნაძვი მომხიბლავია, მაგრამ სოჭი განსაკუთრებული, გამორჩეული მცენარეა წიწვოვნებს შორის.

ძვირფასი ტყე ნახანძრალზე


საქართველოში, ძირითადად, კავკასიური სოჭი ხარობს. ამ ულამაზეს დეკორატიულ მცენარეს ბევრი შესანიშნავი თვისება აქვს: კავკასიური სოჭისგან უძვირფასესი ქაღალდი მზადდება; მას იყენებენ ფარმაკოლოგიაშიც. სხვა ქვეყნებში გავრცელებული ჯიშებისგან განსხვავებით, კავკასიურ სოჭს წიწვები არ სცვივა. ამბროლაურის რაიონში, სოფელ თლუღთან ძალიან ბევრი სოჭის ხეა. თლუღისთვის და მთლიანად რაიონისთვისაც კავკასიური სოჭი შემოსავლის წყაროა. რაჭველები მის გირჩებს აგროვებენ და უცხოეთში გააქვთ. შეგროვების პერიოდი 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდეა. გირჩებს 20-კილოგრამიან ტომრებში ყრიან, მათი წონა თანდათან იკლებს და 10 კილოგრამამდე მცირდება. გაგზავნილ გირჩებს უცხოეთში ამუშავებენ. საქართველოდან დიდი რაოდენობით გადის კავკასიური სოჭის გირჩა.

არსებობს გადმოცემა, რომ ნიკორწმინდის მიდამოებში გასული საუკუნის დასაწყისში ხანძარი გაჩენილა და მთელი ტყე გადაუწვავს. რამდენიმე წლის შემდეგ იმ ადგილებში უამრავი სოჭის ხე ამოსულა. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო და სწორედ ხანძრის შემდეგ მომრავლებულა იმ ადგილებში სოჭის ტყე. ამჟამად 1 კგ გირჩა 1 ლარი ღირს. იქაურები 100, 200, 500 კგ გირჩას აგროვებენ და აბარებენ. გირჩას აცლიან თესლს, რომელსაც კარგი აღმოცენების უნარი აქვს. უცხოეთში მას სანერგეებში ახარებენ და ყიდიან. დასავლეთის ქვეყნებში გამრავლებული სოჭის ხეების დიდი ნაწილი სწორედ რაჭიდან წაღებული თესლით არის გახარებული. კარგი იქნება, სოჭი აქვე გამოიყვანონ და გაახარონ. ამ მცენარეს უცხოურ ბაზარზე დიდი ფასი აქვს და ეს შემოსავალი იქნებოდა არა მარტო რაჭის მოსახლეობისთვის. თუმცა ამას გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზია სჭირდება.

"სიცოცხლე თქვენს ოჯახებში"

მართალია, ახალი წლის დღეებია, მაგრამ მაინც უნდა გამოვთქვა გულისტკივილი უმოწყალოდ მოჭრილი ნერგებისა და ტოტების გამო. თბილისში ყველგან მოჭრილი ნაძვები იყიდება. ალბათ, ამის ჩამდენებმა არ იციან, რომ თითოეული ნაძვის მოჭრა დედაბუნების განადგურებას ნიშნავს. ქალაქი გადავსებულია დაჩეხილი ხეებით. როცა ეკითხები, რატომ იქცევიან ასე, გპასუხობენ, რომ ეს ნაძვები თვითონ მოიყვანეს გასაყიდად, ტყეში არ მოუჭრიათ, მაგრამ ეს მათ საქციელს არ ამართლებს. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თქვა, თუ გვსურს, ჩვენი ოჯახი ბედნიერი იყოს, საახალწლოდ მოჭრილი მცენარე არ უნდა შევიტანოთ. "შეიტანეთ ცოცხალი ნერგი, ფესვთა სისტემით, ამას თქვენს ოჯახში სიცოცხლე შეაქვს," - ეს ჩვენი პატრიარქის კურთხევაა. ოჯახისთვის ბედნიერება ცოცხალ მცენარეს მოაქვს და როცა შინ შეიტანთ, იქ თითქოს ახალი სიცოცხლე იბადება და იზრდება...

პატრიარქის მოწოდება


"ჩვენი პატრიარქის მოწოდებაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ კავკასიურ სოჭს, საქართველოს ბუნების მშვენებას. ამიტომ სამების ტაძრის ეზოში გაიხსნა კავკასიური სოჭის სანერგე. თავდაპირველად ნერგებს პატარა ქოთანში ახარებენ, რომ წამოიზრდება, შეიძლება უფრო დიდ ქოთანშიც გადავრგოთ და აივანზე გავიტანოთ. სოჭი სიცივის მოყვარული მცენარეა და გარეთ უფრო კარგად ხარობს. ადრე გაზაფხულზე კი შეიძლება თქვენს ეზოში დარგოთ, შეიძლება ტყეში, ან აგარაკზე წაიღოთ და იქ დარგოთ. კვირაში ორჯერ მორწყვა სჭირდება, ჭიგო ან სხვა სამაგრიც უნდა მივაშველოთ, რომ გვერდზე არ გადაიხაროს. სოჭი ნელ-ნელა გაიზრდება და თქვენს ეზოს გაალამაზებს".

ხათუნა ჩიგოგიძე
ლია
14 ივლისი 2018 14:05
მინდა ვაეარმოო კავკასიური სოჭის ნერგები,მაგრამ ინფორმაცია ვერსად მოვიძიე ა.ოსვლის შემდეგ როგორი მოვლა და რით შეიება შეწამლა რომ არ გახმეს.ათასობით გამიფუჭდა.
ლია
14 ივლისი 2018 13:59
პატრიარქის მოწოდების გამო დავინტერესდი კავკასიური სოჭით,შევიძინე თესლი,ამოვიდა ათასობით,პირობებიც სათანადო ჰქონდა.მაგრამ მეორე წლიდან დაიწყო გაფუჭება და ინფორმაცია ვერსად მოვიძიე ,როგორი მოვლა და წამლობა სჭირდება.ამიტომ ეხლა ათაშობით რომ მქონდა,ახლა 100ცალიც აღარ დამრჩა.იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.
ლექსო
21 იანვარი 2017 15:36
მაინტერესებს შემიძლია თუ არა სოჭის ნერგები წავიღო გასაზრდელად ბუნებაში. კერძოდ კახეთში სოფ ნუკრიანში მჭირდება 4 ნერგი ეზოში გასაზრდელად. როდის შეიძლება მოვიდე ადგილზე პირობებოს გასაგებად?

რედაქტორის რჩევით