გეჯა - "პირველყოფილი" ფუტკრის სამფლობელო - კვირის პალიტრა

გეჯა - "პირველყოფილი" ფუტკრის სამფლობელო

"გეჯიდან ამოღებულ ფიჭიან თაფლს გოლეული ეწოდება და ძალიან გემრიელია. მეტიც, ორმაგად სასარგებლო და ხარისხიანია, ვიდრე ჩვეულებრივ, ფიცრიან სკაში, ხელოვნურ ჩარჩოებზე მოყვანილი თაფლი"

სვანეთში ყოფნისას ყურადღება მიიქცია მასპინძლის ბაღში საყრდენებზე გადებულმა სახურავიანმა ხის მორებმა. მითხრეს, რომ ასეთია სვანური სკა, საიდანაც თაფლიც განსაკუთრებული ამოგვაქვს და ფიჭაც განსხვავებული აქვსო. გეჯა, იგივე მრგვალი სკა, წინათ არა მხოლოდ სვანეთში, მთლიანად საქართველოში სცოდნიათ. თანამედროვე მეფუტკრე სვანებმა არ იციან, როგორ გაჩნდა გეჯა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ოდესღაც ძველმა ადამიანმა, სანამ ფუტკარს მოიშინაურებდა, სწორედ ბუნებაში ნახა მისი წინამორბედი.

აკაკი ზუმაძე, ხაიშელი მეფუტკრე, ისტორიის მასწავლებელი: - თანამედროვე სკა ფიცრებისგან არის შეკრული და შიგნით მავთულგაყრილი, ხელოვნური ჩარჩოები აქვს, რომელზედაც ფუტკარი ფიჭას აკეთებს და თაფლს ასხამს. გეჯა კი ხის ჯანმრთელი მორისგან კეთდება. ორად უნდა გაყო და შუაგული ამოაცალო. მორებს ორკაპა საბჯენებს ან კუნძებს ვუდგამთ. მიწიდან 80 სმ სიმაღლეზე იდგმება. გეჯისთვის საუკეთესო მასალაა თელა, ცაცხვი, წაბლი. ეს ჯიშები ადვილი დასამუშავებელია და სითბოსაც კარგად ინარჩუნებს. გეჯას ხის ქერქი ან სხვა სახურავი უნდა დააფარო, წყალი რომ არ ჩავიდეს. წინათ თეთრ ქვებს აფარებდნენ, ვითომ თვალისგან დასაცავად. გეჯიდან ამოღებულ ფიჭიან თაფლს გოლეული ეწოდება და ძალიან გემრიელია. მეტიც, ორმაგად სასარგებლო და ხარისხიანი, ვიდრე ჩვეულებრივ, ფიცრიან სკაში, ხელოვნურ ჩარჩოებზე მოყვანილი თაფლი, თუმცა უფრო ცოტა მოდის გეჯაში, რადგან ფუტკარს არა მხოლოდ თაფლის, არამედ ჩარჩოს, ფიჭის წარმოებაზეც უწევს მუშაობა.

ჩრდილოეთ კავკასიაში იმდენად პოპულარულია ჩვენებური გეჯა და ფუტკარი, რომ სვანეთში ხშირად ჩამოდიან სტავროპოლიდან და ფუტკარს გეჯიანად ყიდულობენ. ამბობენ, თქვენებურ ფუტკარს უფრო გრძელი ხორთუმი აქვს და ყვავილიდან ნექტარი უფრო ღრმად ამოაქვს, გეჯა კი ბუნებრიობიდან გამომდინარე იდეალურიაო.

- გეჯა სკის ბინადარ ფუტკარს რა თავისებურებები ახასიათებს?

- უფრო დამოუკიდებელია და ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულად ცხოვრობს, ვიდრე ფიცრის სკის ბინადარი კულტურული ოჯახი. მეფუტკრის ნაკლებ ჩარევას საჭიროებს. ფიცრულ სკაში ოჯახს მეფუტკრე გაყოფს, გეჯაში კი ბუნებრივად ხდება. დედა ფუტკარი სკიდან გამოვა, იქვე ხის ტოტს დაეკიდება, ნაყარიც გვერდით ჩამოუსხდება და ამ დროს მეფუტკრეს ახალი სკა მზად უნდა ჰქონდეს, რომ ჩაფერთხებით ჩაყაროს ახალი ოჯახი. თუ მეფუტკრე ყურადღებით არ იქნება, შესაძლოა, ფუტკარი დაკარგოს, ტყეში წავლენ და ბინას იქ დაიდებენ. ხშირად მინახავს ასეთი გაველურებული ოჯახები. თავს შესანიშნავად გრძნობენ ფუღუროში. ძირითადად, ცაცხვს ეტანებიან. ერთხელ, მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, საწნახლის მასალად მსხვილი ცაცხვი მოვჭერი, დაახლოებით 18 მეტრ სიმაღლეზე ტოტი არ ჰქონდა, წვერში, ფუღუროში ფუტკარი ჰყოლია. ხე რომ წაიქცა, ფუღურო დაიმსხვრა. იქვე საძოვარზე გარეკილი ჩემი თხები აყვირდნენ, ვიფიქრე, კრაზანებმა დაკბინეს-მეთქი, მაგრამ ადგილზე მისულს ირგვლივ 50-60 კილოგრამამდე ქათქათა, თეთრი გოლეული დამხვდა. თხებს თაფლში გაევლოთ და ფუტკარიც იმიტომ დასეოდა. შინ დაბრუნებულმა ეს მამას ვუამბე, მითხრა, ის ადგილი მიმასწავლეო. მარლა აიღო და ტყეში წავიდა. ვეცდები, ფუტკარი შინ მოვიყვანო, შენ კი სკა გამიმზადეო. უპოვია დედა ფუტკარი (რომელიც გარეგნულად განსხვავებულია) და ემალის სათლში, სიროფში ჩაუსხამს მამას. ცოტა ხანში ფუტკარს ჭურჭელი გაუვსია, მერე მარლით თავი მოუკრავს და ასე მოიყვანა სახლში, სადაც თავიდან მოვიშინაურეთ.

- ფუტკარს რომელიმე მცენარე განსაკუთრებით უყვარს?

- ვიცი, რომ ცაცხვის ყვავილობისას ფუტკარი ტრადიციას არღვევს და ღამითაც მუშაობს - მხოლოდ ორ კვირას ყვავილობს ცაცხვი და ფუტკარიც ეშურება, რომ რაც შეიძლება მეტი მოასწროს. საოცარია, ასეთი რამ ადამიანებს ნაკლებად ესმით, ფუტკარი კი ისეთი გონიერი და შრომისმოყვარეა, ზოგჯერ კაცს მის წინაშე შენი სიზარმაცის გამო შეგრცხვება. განსაკუთრებულია ალპურ საძოვრებთან ახლოს მყოფი ფუტკრის თაფლი. გემოც სხვა აქვს, ხარისხიც და რაოდენობაც მეტია, რადგან იქვე გეჯასთან ახლოს აქვს ნექტრის საბადო და შორს წასვლა არ უწევს.

- დედა ფუტკარს განსაკუთრებული ხასიათიც ჰქონია.

- უნდა ნახოთ, დედა ფუტკარი როგორ არჩევს საქმროს. სკიდან გამოვარდება, ვერტიკალურად ძალიან მაღლა და სწრაფად აიჭრება, გაჰყვება მამრების გუნდი, მაგრამ ბევრი მალე იღლება და თავს ანებებს. ვინც ბოლომდე მიჰყვება, მეწყვილედაც იმას ირჩევს. ხშირად მინახავს საოცარი რამ - მამრი ფუტკარი განაყოფიერებას რომ მორჩება, გაზანტდება, სკიდან გამოსვლა აღარ უნდა, მზა თაფლით იკვებება. მუშა ფუტკარი ამას დიდხანს არ მოითმენს. როგორც ადამიანს, ხელკავს უკეთებენ უქნარებს, სკიდან აცილებენ და შიგნით აღარ უშვებენ.

ფუტკრებთან თითქმის მთელი ცხოვრებაა ურთიერთობა მაქვს და ხშირად მიფიქრია, ნეტავ ქართველი ამ საოცარ მწერს ჰგავდეს, მასავით დაუზარელი, შრომისმოყვარე და მოწესრიგებული გახდეს-მეთქი. გვქონდა ეს თვისებები, მაგრამ მისი დეფიციტი გაჩნდა.

გეჯა, ბეჰ, ხოკერი, ჯარა ან უბრალოდ სკა

სვანეთში სკას გეჯა უფრო მოგვიანებით დაერქვა, ძველი სახელი კი არის ბეჰ, აჭარაში მორის სკას ჯარა ჰქვია, ფშავში - ხოკერი და ა.შ. სვანურად მეფუტკრეობას ლიღბური ეწოდება და უძველესი ტრადიციებიც აქვს.

ფუტკრის გამოყრის პროცესია "ლიშგრინე", რა დროსაც ფუტკრის პატრონი "ჯგრაგ ნენჩაშს" (ტყის წმინდა გიორგის) ეხვეწებოდა, განაყარი არ გამექცესო. ფუტკრის ჩასასახლებლად მზად ჰქონდა გეჯა ("ბეჰ"), რომელსაც შიგნით წაუსვამდა თაფლიან წყალს (ფუტკრის მისაზიდად) ან ჩასვამდა ფუტკრის დედას ("დის"), თან ახმაურებდა რკინას, რასაც ჭექა-ქუხილის ეფექტი უნდა შეექმნა. ზოგჯერ ნაცრით აამტვერიანებდა გარემოს, ხანაც წყალს მოაპკურებდა გამონაყარი ფუტკრის ირგვლივ, რომ ფუტკარს წასვლა დაზარებოდა. ამბობენ, ერთი გეჯა წელიწადში 1 ფუთამდე თაფლს იძლევაო. სკიდან ასევე იღებენ ფუტკრის რძეს, დინდგელს, ყვავილის მტვერს, ჭეოსა და სხვას.

ეკა ლომიძე