თანამედროვე ჭრიჭინა წიწილებს "სკაიპით" ითვლის - კვირის პალიტრა

თანამედროვე ჭრიჭინა წიწილებს "სკაიპით" ითვლის

"არასოდეს დანებდე" - ამ დევიზით, საკუთარი დანაზოგით, შემართებით, მეტი ცოდნით და შემდეგ უკვე კვერცხების საჩეკი აპარატით მეფრინველეობა წამოვიწყე"

ფიქრობს, რომ ნაყოფიერი წელი ჰქონდა და 2017 წლისგან მეტს მოელის, რადგანაც მეტის გაკეთებას გეგმავს ახალგაზრდა ფერმერი თამთა მამულაიძე, რომელმაც წლეულს სოფლის მეურნეობის მინისტრისგან სამადლობელი სიგელიც მიიღო. ამასთან, პერსპექტიულ მეფრინველეს მთავარი სიხარული წინ აქვს - იანვარში დედა გახდება...

თამთა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, წერს ლექსებს, ჩანახატებს, ხატავს. მუშაობდა სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში. არის სპორტის ოსტატი და საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრების წევრი. ახალდაქორწინებულს ყვარელში მეუღლის ოჯახის გაცნობის შემდეგ გაუკვირდა, რომ მიწა დაუმუშავებელი იყო და ვენახიც არ ჰქონდათ. "მას მერე, რაც ყვარლის მშვენიერებით მოვიხიბლე, იმასაც მივხვდი, როგორი შესაძლებლობა არსებობდა იქ მეურნეობისთვის. პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, იყო: - რატომ ცხოვრობთ ისე, როგორც ქალაქში?, - გვეუბნება თამთა და განაგრძობს მოყოლას:

- ფერმერობისთვის მხოლოდ მოტივაცია არ კმარა. ცოდნაც საჭიროა, დროის სწორად განაწილება და სხვადასხვა სფეროდან უნარების ათვისება. "არასოდეს დანებდე" - ამ დევიზით, საკუთარი დანაზოგით, შემართებით, მეტი ცოდნით და შემდეგ უკვე კვერცხების საჩეკი აპარატით მეფრინველეობა წამოვიწყე. მოსახლეობისთვის კვერცხების გაყიდვა მომგებიანი იყო, ჩემთვის და ოჯახისთვის კი - მოლოდინი, რა გამოვიდოდა და როგორ განვითარდებოდა ახალი წამოწყება. ყვარელში ასეთი ტიპის ინკუბატორი მაშინ არ იყო და როგორც ვიცი, არც ახლაა. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის დანერგვა ყველასთვის სიახლე აღმოჩნდა. წიწილები გამოიჩეკა და პირველი პარტიაც აქაურ ბაზარზე გაიყიდა. შემდეგი ნაბიჯი ხარჯების შემცირება იყო და ოჯახის კიდევ ერთ აუთვისებელ მიწაზე ფრინველებისთვის საჭირო საკვების, ყვითელი სიმინდის მოყვანა დავიწყეთ. ვოლიერებს ახალი ვოლიერებიც შეემატა და გადაწყდა კვერცხისმდებელი ქათმების გაზრდა. ნატურალური და სუფთა პროდუქტის წარმოება და მიწოდება მეტ მოტივაციას გაძლევს, თან ყვარელში ტურიზმის დაწინაურებასაც ვუწყობ ხელს. რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებით ჩემი წვლილის შეტანას ვცდილობ ამ სფეროში, რათა ტურისტიცა და მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩეს.

მომდევნო ეტაპი დიდი ფერმის მშენებლობა ან შეჩერებული ფერმის განახლებაა, ეგზოტიკური ფრინველების მოშენება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ნებისმიერი საქმის კეთებისას მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს როლი დიდია, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მეტი ინვესტიციის ჩადება. დაბრკოლებები განსაკუთრებით მაშინ გვხვდება, როცა საქმეს სხვების დაუხმარებლად აკეთებ, საკუთარ შეცდომებზე სწავლობ, მაგრამ მთავარია შედეგი.

- მეუღლე ვინ არის პროფესიით და ამ საქმიანობაში გვერდით თუ გიდგას?

- იურისტია და ისიც გულმოდგინედ არის ამ საქმეში ჩართული. როცა საჩეკი აპარატი შევიძინეთ, გადავწყვიტეთ, კვერცხიც ქართული და ქათამიც მხოლოდ ადგილობრივი ჯიში ყოფილიყო. ვცდილობდით, მოსახლეობისგან გვეყიდა კვერცხი, ამიტომ ბევრმა მოამრავლა 10-15 ფრთა ფრინველი, მაგრამ ბოლოს პრობლემას წავაწყდით, - ინკუბატორს 70-80% გამოსავლიანობა რომ უნდა ჰქონოდა 30 დღის განმავლობაში, გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, გამყიდველები კვერცხის ზუსტ "ასაკს" არ გვეუბნებოდნენ. ამიტომ კვერცხისმდებელი ქათმების გაზრდა გადავწყვიტეთ.

მომავალში შერეული ტიპის ფერმის გამართვა გვინდა. როგორც შევიტყვე, დანიამ უნდა გამოყოს ახალგაზრდა ფერმერებისთვის გრანტი.

- ახლა ვინ უვლის შენს ფრინველებს, შენ ხომ პატარას ელოდები?

- თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, სკაიპით დააკვირდე, როგორ არიან ქათმები. მათ ჩემი ოჯახის წევრები უვლიან და აქაურებსაც ვიხმარებთ. ჩემი დედამთილი და მამამთილიც მეტად არიან მოტივირებული, ამაყობენ, რომ სხვა საქმის კეთებაც შეუძლიათ. მამამთილმა საკუთარი ხელით გააკეთა თანამედროვე სტანდარტების ვოლიერები. წიწილებს თავისი ტემპერატურა, დათბუნება სჭირდებათ. თუმცა მინდა, ფრინველი ბუნებრივ პირობებში გვყავდეს და ამისთვის კიდევ ჩვენი ტერიტორიის ათვისებას ვაპირებთ. იქ სიმინდის კენკვის გარდა, ქათმები თვითონაც მოიძიებენ საკვებს. ასეთ ფრინველს ხორცი გემრიელი აქვს.

- მოკლედ, თანამედროვე ჭრიჭინა ხარ.

- კი, ქალბატონი ნინო ზედგინიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასე მეძახის. მინდა გავამართლო მისი სიტყვები. ვიქნები თანამედროვე ჭრიჭინა, სიმღერაც მიყვარს, საქმეც და ამ ყველაფერში თანამედროვე ელემენტებსაც შევიტან.

ლალი ფაცია