თელეთის ფერმაში ღიღიტო დღეში 45 ლიტრ რძეს იწველის! - კვირის პალიტრა

თელეთის ფერმაში ღიღიტო დღეში 45 ლიტრ რძეს იწველის!

"პაპაჩემის პაპიდან დაწყებული თბილისში ასეთი გამოთქმაც კი დამკვიდრდა, ლაღიძის წყლები და ლალიაშვილის სულგუნიო! მეც მალე მივხვდი, რომ ოჯახის სარჩენად მათხოვრობა არასოდეს დამჭირდებოდა, თუ მამა-პაპის საქმეს გავაგრძელებდი"

თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, თელეთთან ახლოს, ლალიაშვილების ფერმაა. ომარ ლალიაშვილმა საუკეთესო ჯიშის პირუტყვის ფერმა გამართა და ოჯახსაც და ქვეყანასაც ისე უდგას მხარში, რომ სხვისთვის არაფერი უთხოვია.

- ვინც შემხედავს, პირუტყვს როგორ ვუვლი და მის გასაჭირს წამში როგორ ვხვდები, ყველას ვეტექიმი ვგონივარ, ამ დროს კი ცხოვრებამაც შემიშალა ხელი და 8 კლასის გარდა არაფერი დამიმთავრებია. თუმცა შრომამ კი მიპატრონა, 70 წლისა მოვიყარე და დღესაც ისე ვშრომობ, რომ ხანდახან ძილისთვისაც არ მრჩება დრო. სამაგიეროდ, ჩემი შრომის შედეგი მახარებს - იმის ფიქრი არა მაქვს, ოჯახი რით ვარჩინო. თელეთში დავიბადე, თბილისიდან ორიოდე ნაბიჯზე, ჩემს ოჯახს მუდამ სუფთა და გემრიელი რძე და ყველი გაჰქონდა გასაყიდად და კლიენტი არ გვიჭირდა. ან რა გაგვიჭირდებოდა, როცა ცხონებული პაპაჩემის პაპიდან დაწყებული თბილისში ასეთი გამოთქმაც კი დამკვიდრდა, ლაღიძის წყლები და ლალიაშვილის სულგუნიო! მეც მალე მივხვდი, რომ ოჯახის სარჩენად მათხოვრობა არასოდეს დამჭირდებოდა, თუ მამა-პაპის საქმეს გავაგრძელებდი.

ქართული ძროხა უმაღლესი ხარისხის რძეს იძლევა, მაგრამ წველადობა ნაკლები აქვს. ყოფამაც საშუალება არ მოგვცა, წველადობის გაუმჯობესებაზე გვეზრუნა.

ამასობაში ჩემი ვაჟიც წამოიზარდა და პირუტყვის მოვლაში ისიც ამყვა. ჩვენს ნაშრომს რომ გადავხედავდი, გული მწყდებოდა, - იმდენს ვშრომობდით, რომ შემოსავალი პურის ფულზე მეტი უნდა გვქონოდა. გადავწყვიტე, რუსეთში რეისებიდან დიდი წველადობის ძროხა ჩამომეყვანა; ასეთი თავად რუსული ჯიშის ძროხები არ არის, მაგრამ ამ ხალხს ქვეყანა არ დანგრევია, ჩვენზე ადრე მონახეს გზა საზღვარგარეთისკენ და უკვე 25-30 წლის წინ ჩამოჰყავდათ უცხოეთიდან ის მეწველი ჯიშების ძროხები, რომელთა ჩამოყვანა თუ ხელოვნურად გამრავლება ჩვენ მხოლოდ ბოლო წლებში დავიწყეთ. ასე ჩამოვიყვანე რუსეთიდან დაახლოებით 25 წლის წინ პირველი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა. ასე, ერთი ძროხიდან დავიწყე ყველაფერი.

- მაშინ ჩვენში ასეთი მაღალი წველადობის ჯიშის პირუტყვის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ.

- იმხანად ჩამოყვანილი ძროხა, მართალია, ჩემი დღევანდელი ღიღიტოსავით დღეში 45 ლიტრს ვერ იწველიდა, მაგრამ 25-ზე მაინც ადიოდა. შემოსავალიც არ მოჰქონდა გრანდიოზული, მაგრამ უფრო მეტი თანხა შემოგვიტანა, ვიდრე ორი სული ძროხისგან ვიღებდით. ამან მორალურადაც გამმართა წელში, ძროხამ იმედი მომცა, რომ ოჯახის შიმშილისგან გადარჩენა ყველა სიტუაციაში შეიძლებოდა; ამ ძროხიდან დავიწყე პირუტყვის ჯიშის გაუმჯობესება. ცხადია, მისი ნამატი ბევრად მეტ რძეს მოიწველიდა, ვიდრე ადგილობრივი ძროხებისა. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი ნამატის ჯიშიანობას. ჩემი პირუტყვი საძოვარზე არასოდეს გამრავლებულა, - თუ გინდა, საუკეთესო ჯიში გაგიმრავლდეს ასევე საუკეთესო ჯიშთან უნდა შეაჯვარო.

ახლა 100 სული საუკეთესო ჯიშის პირუტყვი მყავს, უმეტესობა ჯერ არ იწველება. თუმცა წველადობისთვის ვზრდი. იმედია, რამდენიც უნდა მოიწველონ, რძე გასაყიდი არ დამრჩება.

- დღეში რამდენ ლიტრ რძეს ყიდით და ვინ იბარებს?

- ყოველდღე 500 ლიტრს რძეს ვყიდი.

- გასაკვირი არ არის, ბაზარზე მყიდველი მეტია, ვიდრე მწარმოებელი.

- ანუ ერთი კაცი შრომობს და ასს არჩენს, სამწუხაროდ, ასეა, იმიტომაც არის ყველაფერი ძვირი, რომ ჩემისთანა ერთეული ხალხი მუშაობს... რადგან ჩემი პირუტყვი მალე ბევრად მეტს მოიწველის, მინდა საკუთარი რძის ქარხანა მოვაწყო.

- წეღან ღიღიტო ახსენეთ, ბრძანეთ, დღეში 45 ლიტრს იწველისო და ვერაფრით წარმოვიდგინე, ამდენი რძე ერთმა ძროხამ როგორ უნდა მოიწველოს!

- ღიღიტო სანამ ჩემთან მოხვდებოდა, პატრონმა გაყიდა საგარეჯოში, კარგი მეგონა და იმიტომ ვიყიდე, მაგრამ უვარგისი გამომადგა, არ იწველებაო. შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ მოვლა აკლდა. ფერმაში ჩამოვიყვანე და სულ მალე იმაზე მეტი მოიწველა, ვიდრე მოველოდი. ღიღიტო კი სიყვარულით მწველავებმა შეარქვეს, - როცა პატრონს ხედავს, თავს ააღერებს და გაფაციცებული ელოდება, საკვებს რას მომცემსო. ამ ჯიშის პირუტყვს ბევრი საკვები სჭირდება, ჩემი შემოსავლის ნახევარზე მეტი, რა თქმა უნდა, მათ საკვებში მიდის, მაგრამ თუ აჭმევ, აგაშენებენ! - მითხრა ომარ ლალიაშვილმა და ღიღიტოს სანახავად წამიყვანა. ის მართლაც თავაღერილი ელოდებოდა პატრონს, ახლომახლოსაც უამრავი, მისნაირი ჯიქანსავსე ღიღიტოები იყვნენ. მათმა შემხედვარემ ომარ ლალიაშვილს კიდევ ერთხელ ვუსურვე წარმატება, რაშიც ეჭვი არ მეპარება. ამიტომაც მინდა, მისნაირები ქვეყანას რაც შეიძლება ბევრი ჰყავდეს!

ეთერ ერაAძე