მტაცებლის ინდექსი, ანუ მგლებს ზამთარში ითვლიან - კვირის პალიტრა

მტაცებლის ინდექსი, ანუ მგლებს ზამთარში ითვლიან

"მგლები უნდა დავითვალოთ და გავიგოთ, რა ტიპის რეგულაციაა საჭირო და არა გამოვიდეთ და მხეცებს დავერიოთ"

მტაცებლებისგან შევიწროებული გლეხების სახელით სტუდენტმა გიორგი ლაბაძემ პარლამენტს მიმართა, სოფლებში შემოჩვეული მგლების პრობლემა იქნებ საკანონმდებლო ცვლილებით დაარეგულიროთო. მოწოდებას პარლამენტარი, მონადირე ზაზა ხუციშვილი გამოეხმაურა, საქართველოში მგელი უფრო მეტია, ვიდრე კეთილშობილი ირემი, ამიტომაც მტაცებელთა შესამცირებლად რეგულაციას მხარს დავუჭერო. ხუციშვილის მოწოდება მონადირეების ნაწილს ეამა, მტაცებელთა ამ სახეობას მუსრი უნდა გავავლოთ, მეტიც, რაც ხორცით იკვებება, ტურა, მელა, დათვი, ყველაფერი უნდა გავწყვიტოთო. ზოგიერთმა საბჭოთა კავშირის დროინდელი, მგლის მოკვლაზე დაწესებული პრემია გაიხსენა, უნდა აღდგეს და ერთ მოკლულ მგელზე 400-500 ლარის ოდენობით ჯილდო დაწესდესო(?!).

"კვირის პალიტრა" შეეცადა, მოეკვლია, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვინმემ ნამდვილად დათვალა თუ არა მგლები ან ჩვენს ტყეებში ცხოვრობს თუ არა მითური წითელი მგელი, რომელზეც რატომღაც მხოლოდ მონადირეები ლაპარაკობენ, თვითმხილველი კი დღემდე არ ჩანს. არადა, გაიძახიან, თითქოს წითელი მგლის მოკვლაზე ჯარიმააო, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში შესაბამის პარაგრაფს ვერ პოულობენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მგლებზე ბოლო კვლევა 2012 წელს მოეწყო - სპეციალური ინდექსებით შეფასდა მგლის პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა.

კვლევის მონაწილე, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე: - შესაძლოა, შეფასების დროს დიდი ცდომილება მივიღოთ. ამიტომაც, როდესაც რეგულაციაზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია ნებისმიერი პოპულაციის ზუსტი დათვლა. უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობას ვუპირებთ შემცირებას. ეს დიდ ხარჯს და დროს, სულ ცოტა, ერთ წელს მოითხოვს. თვლა ეფექტიანია ზამთარში, თოვლზე, უამისოდ კვლავ ინდექსებით მოგვიწევს ვარაუდი.

აჭარაში დათვი მომრავლდა. მხოლოდ შარშანწინ 72 თავდასხმა აღირიცხა. სავარაუდოდ, გვალვების გამო დათვს ტყეში საკვები შეუმცირდა, ის ხომ უმეტესად მცენარეებით იკვებება. შესაბამისად, ტყის საფრის განადგურება დასახლებულ პუნქტებთან მიახლოებისკენ უბიძგებს.

სასაცილოა იმის თქმა, თითქოს მგელი ხელს უშლის ირმის შემოსვლასა და გამრავლებას. მგელი ბინადრობს ბორჯომის რაიონსა და თუშეთში, სადაც ძირითადად ცხოვრობს ირემი და მრავლდება კიდეც. ირემს ხელს უშლის საცხოვრებელი არეალის შევიწროება, ტყის ჭრა, ხმაური, ბრაკონიერები და სხვ.

"ნადირობის შესახებ" კანონში ბევრი რამ შესაცვლელია. სამონადირეო მეურნეობაში მისაღებია რეგულაციები, ტყეებში ტურასა და მგელზე ნადირობაც შეიძლება დაიშვას, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ცხოველის მოკვლაზე ჯილდოს დაწესება. ეს გამოიწვევს მტაცებლის განადგურებას.

"კვირის პალიტრას" გარემოს დაცვის სამინისტროში აცნობეს, რომ დასახლებულ პუნქტებში მტაცებელთა თავდასხმის და შინაური პირუტყვის დაგლეჯის ფაქტები არის, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს სოფლების უმრავლესობა ტყეშია, ამიტომაც მტაცებლის პირუტყვზე თავდასხმა ახალი არ არის, მთავარია, შემთხვევების რაოდენობა ზღვარს არ გადასცდესო.

კარლო ამირგულაშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: - რაიონებიდან მტაცებლის თავდასხმის შეტყობინებისთანავე ჩვენს წარმომადგენელს ვგზავნით, რათა შეისწავლოს, რამდენი მტაცებლის ამოღებაა აუცილებელი (გარემოდან ცხოველის ამოღება აუცილებლად მოკვლას არ გულისხმობს. შესაძლოა ის დაიჭირონ და შემდეგ სხვა რეგიონში გაუშვან, - ე.ლ.). ბოლო კვლევა 2016 წლის ნოემბერში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყო. გვთხოვდნენ, მგლების დახოცვის უფლება მიგვეცა. კვლევამ გვიჩვენა, რომ მოთხოვნა გაზვიადებული იყო. არსებობს სტერეოტიპი - თუ მგლების თავდასხმა რამდენიმე ადგილას აღირიცხება, თითქოს ეს მათი მომრავლების ბრალია. არადა, შეიძლება ყველა შემთხვევაზე ერთი და იგივე ინდივიდები მოქმედებდნენ, რადგან მგლები ჯგუფურად და შორ მანძილზე მეტად სწრაფად გადაადგილდებიან. აი, მტაცებელთა ამოღების სტატისტიკაც:

2012-2016 წლებში 165 მომართვა მოვიდა. 120-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების (ძირითადად, მგელი, მელა, ტურა) შესახებ. 2013-2016 წლების მონაცემებით (2016 წლის მარტის ჩათვლით), გარემოდან ამოღებულია 26 მგელი და 42 ტურა. 2013-2016 წლებში მხოლოდ მგელზე გაფორმებულია 363 ინდივიდის ამოღების ხელშეკრულება, ოფიციალური მონაცემებით ამოღებულია 63 მგელი.

- ამბობთ, რომ მოსახლეობაზე მტაცებლების თავდასხმების გახშირების მიზეზი მათი გამრავლება არ არის, აბა, რა ხდება?

- მოსახლეობა სოფლებისა და თემების ტერიტორიაზე, მდინარეთა ხევებში ნაგავსაყრელებს აწყობს. იქვე ყრის დაკლული შინაური პირუტყვის ნარჩენებსაც, რაც გარეულ ცხოველებს იზიდავს. ხშირად პირუტყვს საძოვარზე მწყემსებისა და ძაღლების გარეშე უშვებენ. ტყეში არ არის შემოღობილი (დაცული) პირუტყვთა სადგომები. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ სანამ ხალხს ამ მიზეზების აღკვეთაზე ზრუნვას ვასწავლით, არ გვავიწყდება, სოფელში რომ დათვი დადის, მაგალითად, რაჭაში.

აუცილებელია ხალხის დამცავი ღონისძიებები გატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დათვი მოვკლათ ან ამ პოპულაციას მუსრი გავავლოთ. ვცდილობთ, დონორი ორგანიზაციები პრობლემურ ადგილებში, შინაური ცხოველების სადგომების დაცვის მიზნით, ელექტროღობეების გაკეთებაზე დავითანხმოთ.

- მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ მგლის მოკვლაზე ჯარიმაა.

- კანონში გარკვევით წერია, რომ თუ გარეული ცხოველი თავს ესხმის ადამიანს ან მის ქონებას აზიანებს, დაუყოვნებლივ შეიძლება მისი ლიკვიდირება. შემდეგ ეს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა ეცნობოს. თუ მოქალაქეები მტაცებლის მოგერიებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ, მუნიციპალიტეტი მოგვმართავს და მივცემთ ლიკვიდაციის უფლებას. გარეულ ცხოველთა თავდასხმების აღსაკვეთად ან დროული რეაგირებისთვის, სამინისტროს თხოვნით, 2016 წელს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტმა გამოყო საკონტაქტო პირები. თავდასხმების სტატისტიკის მიხედვით ცხელი წერტილების რუკაც შევადგინეთ.

- რას ვარაუდობთ, მგლების რაოდენობა გაზრდილია?

- არა. სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე მოქმედი სამონადირეო მეურნეობები გარეულ ცხოველებს, მათ შორის, მგელსაც ყოველწლიურად ითვლიან. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, მგლის რიცხოვნობა მომატებული არ არის.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო რამდენიმე წელია, პარლამენტარ ზაზა ხუციშვილს არანაირი შეხება არ ჰქონია სამინისტროსთან, სპეციალისტებთან ერთად არ განუხილავს ინფორმაციები თუნდაც იმ პოპულაციის შესახებ, რომლის რეგულაციაზე თანხმობა საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შექმნამდე განაცხადა. როგორც"დეპუტატმა "კვირის პალიტრასთან" აღნიშნა, მედიამ არასწორად გაუგო და ის ამ თემაზე მსჯელობის დაწყების მომხრეა. კითხვას, საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში 2000-ზე მეტი მგელი გვყავს? პარლამენტარი აცხადებს, რომ დაეყრდნო ვულფ.ორგ-ის მონაცემებს, რომელსაც მისივე თქმით, მთელი ევროპის მასშტაბით აქვს აღნუსხული მგლების რაოდენობრივი ბაზა. არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მგლები არავის დაუთვლია.

ზაზა ხუციშვილი: - ჩემი აზრით, რეგულაცია საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახეობასთან ბრძოლის გამოცხადებას, რადგან სხვა მტაცებლების მსგავსად, მგელი ჩვენი ბუნებისთვის საჭიროა. უნდა დავითვალოთ და გავიგოთ, რა ტიპის რეგულაციაა საჭირო და არა გამოვიდეთ და მხეცებს დავერიოთ.

P.S. გარემოს დაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს ტყეებში არასდროს უცხოვრია წითელ მგელს, რომელიც სპეციალისტების განცხადებით სულაც არ არის გოლიათი, როგორც მონადირეების ან გლეხების წარმოსახვაში ცოცხლობს. კავკასიის ტყეებში მობინადრე მგლებთან შედარებით ფიზიკურად საკმაოდ მომცრო ყოფილა.

ეკა ლომიძე