მავნე, მაგრამ იოლად მისაჩვევი... თამბაქო
16-01-2017
მავნე, მაგრამ იოლად მისაჩვევი... თამბაქო
"ოჯახურ პირობებში თამბაქოს მოყვანა მწევლის ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი შეღავათია"

თამბაქო და მისი ნაწარმი ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია, მაგრამ მას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეტანება. როგორ ახარებენ მცენარეს, რომლის უარყოფით თვისებებზე მრავალგზის თქმულა და დაწერილა, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გელა ზენაიშვილი გვესაუბრება.

- დღეს ადამიანი თამბაქოს ძირითადად მოსაწევად იყენებს. მისი ფოთლებისგან მზადდება სიგარები, სიგარეტები და თუთუნი. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ თამბაქო მედიცინაშიც გამოიყენება - მისგან სამკურნალო
პრეპარატებს ამზადებენ. თამბაქოს ფოთლებისგან ლიმონმჟავა და ვაშლმჟავა მიიღება, რომელთაც ქიმიურ და კვების მრეწველობაში იყენებენ. საქართველოში თამბაქოს მოყვანა შედარებით გვიან, მე-19 საუკუნეში დაიწყეს. 60-იან წლებში თამბაქო მოჰყავდათ შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, აფხაზეთში. საბჭოთა პერიოდში თამბაქო ზემო აჭარაში - შუახევისა და ქედის რაიონებშიც გავრცელდა, აღმოსავლეთ საქართველოში კი
თამბაქოს წარმოებით ლაგოდეხის რაიონი გამოირჩეოდა, რადგან იქ ამისთვის საუკეთესო პირობებია. მცირე რაოდენობით მოჰყავდათ თამბაქო გურიაშიც. ცნობილია, რომ ფუტკარი თამბაქოს ყვავილებისგანაც იღებს ნექტარს, ამიტომ სადაც მეფუტკრეობაა განვითარებული, ცდილობენ, თამბაქოს პლანტაციები ახლოს არ იყოს. თამბაქოს ფოთლებისგან დაბალი ხარისხის თაფლი მიიღება, თანაც მწარეა.

- როგორ ახარებენ თამბაქოს?

- თავდაპირველად თამბაქოს ჩითილები გამოჰყავთ სათბურებში, კვალსათბურებში ან სპეციალურ კასეტებში. თამბაქოს თესლი გაზაფხულის ბოლოს უნდა დაითესოს, როცა დათბება, ოღონდ, რაც შეიძლება ზედაპირულად. მისი ღრმად ჩაფვლა სასურველი არ არის. უყვარს სითბო, ამიტომ სათბურში საჭირო ტემპერატურა უნდა შევინარჩუნოთ. ჩითილები სათბურში დაახლოებით 35 დღეს უნდა გავაჩეროთ, შემდეგ კი წინასწარ შერჩეულ ფართობზე გადავრგოთ. ჩითილებისთვის აუცილებელია, მათ გადარგვამდე ნიადაგი მუდმივად ტენიანი იყოს, გადარგვის წინა პერიოდში კი ნიადაგი დღეგამოშვებით უნდა მოვრწყოთ.
ჩითილებს სამი წყვილი ფოთოლი რომ განუვითარდება, სასუქების შეტანა უნდა დავიწყოთ. აუცილებელია შეწამვლა, რათა მავნებლები და დაავადებები არ მოერიოს. ჩითილების გადარგვამდე აუცილებელია პესტიციდების გამოყენებაც. სასუქი გადარგვის მერეც, 3-4-ჯერ უნდა მივაშველოთ.

- როდის იწყება ჩითილების გადარგვა პლანტაციაში?

- თამბაქოს პლანტაციებში გადარგვის დრო განსხვავებულია რეგიონებისა და კლიმატის მიხედვით. მაგალითად, აჭარაში ჩითილების გადარგვა 15 აპრილიდან მაისის ბოლომდე მიმდინარეობს, ლაგოდეხში - აპრილში. მიზანშეწონილი არ არის თამბაქოს ერთბაშად გადარგვა, რადგან მოსავალი ერთიანად შემოვა და მისი აღება და გაშრობა გაჭირდება.

დასავლეთ საქართველოში ჩითილები უნდა გადავრგოთ დამუშავებულ პლანტაციაში, სადაც სასუქია შეტანილი. რიგებს შორის დაშორება 60 სმ უნდა იყოს, რათა კულტივაცია თავისუფლად მოხერხდეს, ხოლო მწკრივში ნერგებს შორის 15 სმ უნდა დავტოვოთ. აღმოსავლეთ საქართველოში ჩითილებს შორის მანძილი მეტი უნდა იყოს: რიგებს შორის - 65 სმ, მწკრივებს შორის - 20 სმ.

- გადარგული ნერგები ძნელი მოსავლელია?

- თამბაქოს პლანტაციას ზაფხულში სამჯერ სჭირდება გაფხვიერება, კულტივაცია, ნერგებს სჭირდება გაფურჩქნაც. კარგი მოვლის შემთხვევაში ერთ ჰექტარზე 2-2,5 ტონა თამბაქოს მოყვანა შეიძლება - ვგულისხმობ გამშრალ, გამზადებულ პროდუქციას, მწვანე მასა კი გაცილებით მეტია. თამბაქოს მოსავალს იღებენ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში, როცა ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა, ხოლო მისი წვერო და კიდეები ოდნავ ყვითლდება. ფოთოლი ამ დროს წებოვანი ხდება და ტკაცუნით სცილდება ღეროს. გლეხმა იცის, რომელი ფოთოლია მოსაკრეფად მზად და რომელი - არა. უმაღლესი ხარისხის თამბაქოს ზედა იარუსის ფოთლები იძლევა. ფოთლის მოკრეფა უმჯობესია საღამოს, როცა მზე არ აცხუნებს. თამბაქოს მოსავლის აღება აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მოკრეფილ ფოთოლს კი ახარისხებენ და აშრობენ.

- ფოთოლს როგორ აშრობენ?

- ფოთლები ერთ დღე-ღამეში ნემსით უნდა ააცვან 5-6-მეტრიან ზონარზე. ამას ანემსვას ეძახიან. ბმულს გასაშრობად კიდებენ. დიდ მეურნეობებში ყველაფერს მანქანები აკეთებს, ჩვენთან კი ყველაფერი ხელით კეთდება. თამბაქოს ფოთლის გამოშრობა ორ ფაზას მოიცავს - ჩაყვითლებასა და ფიქსაციას. ამ დროს ნიკოტინის რაოდენობა მცირდება, არომატული ნივთიერებებისა კი იმატებს.

მზეზე თამბაქოს გამოშრობა არ შეიძლება, ამიტომ აქვთ საგანგებო, ჩრდილიანი სხვენები და ფარდულები. გამომშრალ ფოთოლს ფშვნიან და თუთუნიც მზად არის. დიდ საწარმოებში სპეციალური საშრობი კამერები აქვთ, მაგრამ საქართველოში თამბაქოს კუსტარულად აწარმოებენ და ამგვარი დანადგარები არა აქვთ. 1 კგ გამზადებული სათუთუნე მასალა 70-80 ლარი ღირს.

- ყველაზე მეტი თამბაქო საქართველოს რომელ რეგიონში მოდის?

- აჭარაში - ქედასა და შუახევში. საბჭოთა დროს მეტი თამბაქო მოჰყავდათ აჭარაშიც და აფხაზეთშიც. ვინც თუთუნს ეწევა, ამტკიცებს, რომ უცხოეთიდან შემოტანილ სიგარეტს ადგილობრივი თუთუნი სჯობია. ის უფრო არომატულია, თანაც შემოტანილი თამბაქო ხშირად დაძველებული და დაბალი ხარისხისაა.
მინდა, ჩვენს მკითხველს ვუთხრა, რომ რაც უნდა სუფთად და კარგად იყოს დამზადებული თუთუნი ან თამბაქოს სხვა ნაწარმი, ის მაინც ნიკოტინია, თუმცა ოჯახურ პირობებში თამბაქოს მოყვანა მწევლის ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი შეღავათია.

ხათუნა ჩიგოგიძე
20 თებერვალი 2017 16:09
Aversisaptiaki

luxo
03 თებერვალი 2017 10:49
ეწევიან, ეწევიან!
მ.ს.ო. მონაცემებით., დედები რომლებიც ორსულობის
პერიოდში ეწევიან, ზრდიან რისკს შვილების გონებრივი
და ფიზიკური ნაკლით დაბადებისათვის.
იმ დროს როცა, ცივილიზებურ ევროპაში თამბაქოს მოხმარება
იზრდება, ჰიმალაის მთებთან შეყუჟულმა მონარქიულმა,
პატარა სახელმწიფო ბუტანმა, თავის ტერიტორიაზე კანონით აკრძალა,
თუთუნის წარმოება და მოხმარება.
ეწევიან, ეწევიან წეკოს და ქემალს,
ვერ გაარჩევ ბიჭს და გოგოს, ჭაბუკსა და მხევალს,
ეწევიან, ეწევიან შხამთან პაექრობენ,
იქით სიკვდილს ეწევიან, აქეთ ჩვენა გვსპობენ.
ააყროლეს ქუჩა, სახლი, დერეფანი, ლიფტი,
გაუშავეს ხეს ფოთლები, ბავშვებს თოთო ფილტვი,
თავად სისხლში დაიშრიტეს სამომავლო ხსენი,
ებადებათ ძე- ასული გამრუდებულ გენით.
მე კი ვინმე არამკითხეს, თუნდ მაკადროთ ძვირი,
ვიცი თავსაც შეგაძულებთ, მაგრამ მაინც ვყვირი:
მიყვარხართ და გეხვეწებით ჩემ დოია მტრედებს,
ჩვენ მომავალ ქალბატონებს, ჩვენ მომავალ დედებს
ლამაზებო! სატანჯველად თავს თუ გაიმეტებთ,
-შვილებმა რა დაგვიშავეს, რად უწამლავთ სვე-ბედს?
*

რედაქტორის რჩევით