უკრაინული გოლიათები გურიაში დაბინავდნენ - კვირის პალიტრა

უკრაინული გოლიათები გურიაში დაბინავდნენ

ბოლო წლებში ბოცვრების ფერმა ოზურგეთის სოფელ გურიანთაშიც შეიქმნა. კახა არობელიძემ, ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც იმ საქმის წამოწყება გადაწყვიტა, რომელიც ბავშვობიდანვე იცოდა, მაგრამ ამ საქმისთვის სერიოზულად რომ მოეკიდა ხელი, ბევრი ფული იყო საჭირო. ამიტომაც ოთხ თანასოფლელს მოელაპარაკა, რომლებმაც მებოცვრეობის კოოპერატივის შექმნის იდეა მოუწონეს და ბიზნესგეგმაც დაწერა, რომელიც კოოპერატივს სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამამ დაუფინანსა. ასე შეიქმნა მებოცვრეობის კოოპერატივი.

კახა არობელიძე: - არ ვხუმრობ, როცა ვამბობ, ბოცვერს სისუფთავე უყვარს-მეთქი. კურდღელი ტყის ცხოველია, ინსტინქტებით სუფთა გარემოში ადაპტირებული, ამიტომაც დაბინძურებულ გალიაში ჭამაც კი არ უნდა. ხშირად მინახავს, როგორ არიდებენ ბოცვრები გამოუსუფთავებელ გალიაში საკვებს თავს. ჭუჭყიან გარემოში დაავადებებიც ადვილად ვრცელდება. მე გალიებს ზოგჯერ დღეში ორჯერაც ვასუფთავებ. ჩემი ოჯახის საარსებო საშუალება ბოცვერია და ყურადღება რატომ უნდა მოვაკლო?! კურდღელი გურიაში ბევრს ჰყავდა, მათ შორის - ჩემს ოჯახსაც. მეც საათობით ვაკვირდებოდი, როგორ უვლიდნენ ჩემები ბაჭიებს. ჩემი შვილებიც ასე არიან - საბოცვრიდან ვერ გამოიყვან.

ბევრი კურდღელსა და ბოცვერს ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს. მინდა, განვმარტო: კურდღელი ტყის მოშინაურებული ცხოველია, საშუალო ზომისა, და დიდი-დიდი, 5 კილოგრამამდე იზრდება, ბოცვერი კი სპეციალურად არის გამოყვანილი და მისი წონა 12-14 კილოგრამს აღწევს. კურდღელი 2-3 თვალახელილ ბეწვიან ბაჭიას შობს, ბოცვერს კი ზოგჯერ 14 ბაჭიაც ჰყავს.

შემოსავლის სხვაობაზე აღარაფერს ვამბობ. მე ბიზნესი უკრაინული გოლიათი ბოცვრების ჯიშით დავიწყე. როცა ბოცვერს ზრდი, გვერდით ვეტექიმიც უნდა გედგას. უკრაინული გოლიათების ჯიში ქუთაისში ვიყიდე - იქ მათი სანაშენე მეურნეობაა. ნამატმა მიმახვედრა, რომ ამ საქმისთვის ხელის მოკიდება ღირდა. ამიტომაც შევქმენით კოოპერატივი. მერე სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრში პროექტის დაწერა მირჩიეს დასაფინანსებლად. რამდენიმე ათეული დედალ-მამალი კურდღელი ვიყიდე, საბოცვრე ავაშენე და საქმე დავიწყე.

ბოცვრები დაახლოებით თვე-ნახევარში ერთხელ მრავლდებიან. თითო ჯერზე საშუალოდ 7 ბაჭიას შობენ. ბაჭია 3 თვის ასაკში იყიდება. ის ამ დროს უკვე 2 კილოგრამამდე ხორცს იძლევა, 1 კგ დაფასოებულ ხორცს კი 14 ლარად ვაბარებ მაღაზიებს... თუმცა, ბოცვრის ბიზნესსაც აქვს თავისი სირთულეები - ჩვილი ბავშვებივით არიან, თუ ერთს რაიმე დაავადება შეეყარა, წამსვე ყველას გადაედება. ბევრი ბაჭია დაგვეხოცა. მხოლოდ ნაწილი გადავარჩინეთ, თუმცა ბოცვერი იმედის დაკარგვის უფლებას არ გვაძლევს - ისე სწრაფად მრავლდება, თუ მოვლა-პატრონობას არ დავაკლებთ, ფეხზეც სწრაფად წამოვდგებით.

- მართალია, რომ ბაჭიებს სურდო ხვდებათ, ამ დროს თვალები ეცრემლებათ და თათებით ბავშვებივით ისრესენ?

- ამას რინიტი ჰქვია. ამ დროს ბაჭიებს ცხვირში სპეციალურ ხსნარს აწვეთებენ. სხვათა შორის, ამ ცხოველებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებად ითვლება ფაღარათიც, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ბოცვერს ათასნაირი დაავადება ემართება, ჩვეულებრივ ტყის კურდღელთან კი დაავადებები ახლოსაც ვერ გაჭაჭანდება.

- ალბათ, ჩვენს კურდღელს ხორცი უკეთესი ექნება...

- ხორცი ბოცვერსაც გემრიელი აქვს. მით უფრო, რომ ნატურალური პროდუქტით ვკვებავთ. ბაჭია გაუჩერებლად ჭამს - დღისითაც და ღამითაც. ეს ინსტინქტიც ტყიდან მოდის - იქ ხომ ცხოველები ღამის სიბნელეშიც იკვებებიან.

- ერთი და იმავე ჯიშის სადედე და საკლავ კურდღლებს შორის ფასთა დიდი სხვაობაა. რატომ? დედა ბოცვერიც დედა ფუტკარივით არის, თითო 200 ლარი რომ ღირს?

- სადედე კურდღლის ფასი ზოგჯერ 300 ლარამდეც ადის. კოოპერატივშიც განსხვავებული ფასით ვყიდით საკლავ და სადედე კურდღლებს - ბიზნესი პატიოსანი უნდა იყოს. როცა ადამიანი საუკეთესო ჯიშს ყიდულობს და შემოსავლის წყაროს იჩენს, უნდა გადაიხადოს კიდეც.

- თუ ბაჭიებს 10 დღემდე ადამიანი შეეხო, ბოცვერი ხოცავს მათ... მართალია?

- ესეც თავდაცვის ინსტინქტია. შეხების შემდეგ ბაჭიებზე ხელის სუნი რჩება და კურდღლის ინსტინქტიც აქტიურდება, თუმცა, არც ადამიანს აკლია მოხერხებულობა და ხელთათმანს იცვამს... ბოცვრები 14 ბაჭიასაც კი შობენ, მაგრამ მაღალი შობადობისას მხოლოდ 7 უნდა დაუტოვო, სხვები კი სხვა დედას გადაუსხა, ოღონდაც აუცილებელია, ხელთათმანს ბაჭიის ბიოლოგიური დედის ბეწვი გადააყოლო, რათა უცხოდ არ იგრძნოს თავი და გაიზარდოს.

ეთერ ერაძე