მარანი "კოშკში" - მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე - კვირის პალიტრა

მარანი "კოშკში" - მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე

აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ორი ტიპის მარანი - კოლხური და კახური. ახლა კი გაჩნდა მესამეც - კოშკის მარანი - მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე. ლიფტიდან გამოდიხარ, #37 ბინის კარზე ზარს რეკავ და მასპინძელთან შეხვედრისთანავე, ქალაქისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდები. ვერანდაზე, კოლხური ტყრუშული ღობითა და კრამიტით გადახურულ მარანში განთავსებულია 43 ქვევრი, ძველისძველი საწნახელი, თონე... ღობეში ისე გაუჩრიათ სარცხელი, ორშიმო და მარნის სხვა ატრიბუტები, რომ ირგვლივ გადაშლილი თბილისის ხედების მიუხედავადაც, გიჭირს დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ქალაქის შუაგულში ხდება და თანაც მე-8 სართულზე.

"მარნის კარი უჭრიალებს"

ზურაბ ნატროშვილი: - ბევრი მეკითხება, რა არის ეს, რესტორანი თუ მარანიო. ალბათ ყველას თავისებურად შეუძლია აღიქვას, მე კი ძალიან მინდოდა გამეკეთებინა სახლი, სადაც სტუმრებს ჩვენს ღვინოსა და სამზარეულოს გავაცნობთ. ყოველი შემთხვევისთვის, აქ, ამ ბინაში მნიშვნელოვანია რამდენიმე ფასეულობა: "ღვინოშია ჭეშმარიტება", სტუმარი ღვთისაა და საუკეთესო ხალხია ის, ვისაც უყვარს გემრიელი საჭმელი.

განათლებით ექიმი ვარ. კარგა ხანს ვიყავი ჩაბმული ფარმაცევტულ და სამედიცინო ბიზნესში. ნატურალური მეღვინეობის მიმდევართა და ფერმერთა გავლენით, წელიწად-ნახევარია, მეღვინეობამ გამიტაცა და 2015 წელს მე და ჩემმა მეგობარმა პირველად დავაყენეთ ღვინო - 4 ტონა ყურძენი დავწურეთ, მერე ღვინო ყოველწლიურ ფესტივალზე საოჯახო მარნის სახელით წარვადგინეთ. მარანს სახელი უნდა ჰქონოდა, მისამართიდან გამომდინარე, "ბინა 37" დავარქვით. ჯერ არ გვაქვს ჩვენი ვენახი, რადგან მიგვაჩნია, რომ კარგი ღვინის საწარმოებლად აუცილებლად კარგი ვენახი უნდა გქონდეს, რაც ადვილი საქმე არ არის; ამიტომ ისეთ მევენახეებთან ვიჭერთ საქმეს, ვინც ვაზის მოსავლელად ნაკლებ პრეპარატებს ხმარობს და იცის, რომ კარგი ღვინისთვის ჯანსაღი ყურძენია საჭირო.

კახეთში, ღვინის ფესტივალზე, ჩვენს ღვინოს რომ აჭაშნიკებდნენ, გვეკითხებოდნენ, მარანი სად გაქვთო. თბილისში, ვეძისში, მე-8 სართულზე-მეთქი. ხალხი გაოცებული გვიყურებდა. ვერ წარმოედგინათ, რომ 4 ტონა ყურძენი მე-8 სართულზე დავწურეთ.

უნდოდათ, საკუთარი თვალით ენახათ ჩვენი მარანი. რახან ინტერესი გაჩნდა, რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ვთქვი, რატომაც არ შეიძლება, რომ მართლაც ქვევრებიანი მარანი გავმართოთ-მეთქი. ეს აზრი მეუღლესა და ბავშვობის მეგობარს, ზაზა ნოზაძეს გავანდე. ჯერ ეჭვიანად შემომხედეს, მერე კი ამყვნენ. ახლა მე მენეჯმენტს ვხელმძღვანელობ, ზაზა ღვინოზე ზრუნავს.

ეს საცხოვრებელი კორპუსი ჩემი ხელმძღვანელობით აშენდა - მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ერთ სახლში გვეცხოვრა. კონსტრუქციის შექმნისას აუზი გავითვალისწინეთ და ის ნაწილი, სადაც ახლა ქვევრებია, სწორედ აუზისთვის იყო განკუთვნილი. როცა გადავწყვიტეთ ქვევრების ჩაყრა, კვლავ მივმართეთ შენობის კონსტრუქტორებს, სხვებსაც გავაცანით პროექტი. გვითხრეს, პრობლემა არ შეიქმნებაო.

ყველაზე დიდი ქვევრი 310-ლიტრიანია, ყველაზე პატარა - 200 ლიტრს იტევს. სპეციალისტების რჩევით, ქვევრებს შორის ფიქსაციისთვის პემზა და სილა, ზემოდან კი ბეტონი გამოვიყენეთ. ქვევრები შიგნიდან გასანთლულია, გარედან კი ცემენტით არის დამუშავებული. ისინი იმერეთში, სოფელ ტყემლოვანაში დავამზადებინეთ.

კიდევ ერთი მარანიც გვაქვს, აქვე, ახლოს, კერძო სახლის ეზოში. იქ 9 დიდი ქვევრია, თითოეული 1-1,5 ტონას იტევს. აქ, მზის პირდაპირი სხივებისგან ქვევრების დასაცავად მარანი კრამიტით გადავხურეთ. სანამ დაცხება, ღვინოს ქვევრებში ვაჩერებთ, მერე სპეციალურ ჭურჭელში გადაგვაქვს. აქ, ამ ბინაში ყველა პირობაა შექმნილი სასმლის შესაბამის ტემპერატურაზე დასაღვინებლად. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მარანი მე-8 სართულზე არ ყოფილიყო მხოლოდ მარკეტინგული ხერხი და ქვევრიცა და სასმლის დაყენების ტექნოლოგიებიც ზედმიწევნით სრულად დაგვეცვა. ღვინო ჯერ არ გაგვიყიდია, მაგრამ მალე გაყიდვაზეც ვიზრუნებთ.

ნიკო მარის ფესვები

დედის მხრიდან ბებია, ციალა მარი, ნიკო მარის ძმის ერთ-ერთი შთამომავალი იყო. დედაჩემი და ბებია დიდ პატივს სცემდნენ გურიაში წინაპრების დანატოვარს. ყველაფერი დალაგებული და მოვლილი უნდა ყოფილიყო. არადა, ბიძაჩემი, დღეს რუსეთის ფედერაციის მთავარი ფსიქიატრი, ცნობილი ექიმი იყო და მამაპაპეული მემკვიდრეობის მოსავლელად ვერ ჩამოდიოდა. ამიტომაც დედა და ბებია უძღვებოდნენ მამულის საქმეებსა და ვაზს, ვენახსაც ისინი უვლიდნენ. ჩემს მეხსიერებაში ძალიან ლამაზად შემორჩა დედა, ზურგზე ვენახის შესაწამლი აპარატით და ჩვენ, სამივე შვილი, მის გვერდით. მას შემდეგ მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ არაფერი მაგონდება ისე ტკბილად, როგორც ჩოხატაურის რაიონის სოფელი დაბლაციხე.

მომავალი მეღვინე

ჩემი ვაჟი ირაკლი 8 წლის არის. ძალიან მოსწონს, რასაც მამა აკეთებს. მარანში საკუთარი ქვევრიც აქვს. ჰქონდა ყულაბა, რომლის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 504 ლარი მოეგროვებინა. შევთავაზეთ, ამ ფულით, რაც გინდა, გავაკეთოთ, სათამაშოები შევიძინოთ, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად გამოიყენე, შეგიძლია ანაბარი გააკეთო, ან ბიზნესში ჩავდოთ-მეთქი. ბიზნესიდეა მოეწონა. იმ თანხით ერთი პატარა ქვევრი და მისი გასავსები ღვინისთვის საჭირო ყურძენი შევიძინეთ. შევთანხმდით, რომ იშრომებდა კიდეც. ირაკლი და ჩემი ნათლული გიორგი ცნობილი მეღვინის, იაგო ბითარიშვილის შეგირდები არიან. მან გააცნო, რას ნიშნავს მევენახეობა და მეღვინეობა, რა ტიპის შრომას ითხოვს და ბავშვები აღფრთოვანდნენ, იაგოს დაჰპირდნენ, რომ ჩავლენ და მევენახეობაში მიეხმარებიან. ირაკლიმ ჭიქის დატრიალებით ღვინის არომატის შეცნობა რომ ისწავლა, მთხოვა, ფოტო გადამიღე და იაგოს გაუგზავნეო. აქ სტუმრები რომ მოდიან, არ გვცილდება, ყველაფერი აინტერესებს. ღვინის გადაღების პროცესს ელოდება - მეც უნდა მივიღო მონაწილეობაო.

P.S. მე-8 სართულის მარანში საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცნობილი ყურძნის ჯიშების მოსავალი იწურება. მასპინძლები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს ვენახიც ექნებათ და დარბაზებში, სადაც ერთდროულად 120 კაცის მასპინძლობა შეუძლიათ, საკუთარ ვენახში მოკრეფილი და კოშკის მარანში დაყენებული ღვინო შეისმება.

- მინდა, აქ სტუმარი მოდიოდეს და არ იცოდეს, რით გავუმასპინძლდებით. ისევე, როგორც ჩვენ არ ვიცით ხოლმე, მასპინძლის ოჯახში რა გველოდება; არ მინდა, ვინმე აქაურობას აღიქვამდეს, როგორც რესტორანს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ვეძისში, მერვე სართულზე, არის სახლი, რომელსაც "ეზოში", ანუ ვერანდაზე 43 ქვევრი აქვს, სტუმარი უყვარს და სიამოვნებით ელის, - ამბობს ზურაბ ნატროშვილი.

ეკა ლომიძე