მეღვინე გოგონა ვენახს "აქიმობს" - კვირის პალიტრა

მეღვინე გოგონა ვენახს "აქიმობს"

"როცა იგებენ, რას ვსაქმიანობ, უკვირთ, მაგრამ მაშინვე კეთილად განეწყობიან ხოლმე... მეღვინე და ბიზნესმენი ქალი მათთვის სიახლეა...

კარგია, როცა ისეთ საქმეს პოულობ, რომელიც გიყვარს და რის გაკეთებაც გსურს, თან სასიამოვნოა, რომ დღეს შენი საყვარელი საქმე ოჯახური ტრადიცია იყო... რაც თავი მახსოვს, უფროსებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ვეხმარებოდით მე და ჩემი და-ძმა

ცოტა ხნის წინ 23 წლის მეღვინე ბაია აბულაძე გავიცანი. მეღვინეობა-მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. ღვინო მისთვის შრომასთან, ვაზსა და სოფელთან ასოცირდება. ბაია "ილიაუნის" საჯარო ადმინისტრირების განხრით მაგისტრატურაზე სწავლობს და პარალელურად, მისი ბრენდი ღვინოც წარმატებით სარგებლობს.

- ვენახები იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ მეორე ობჩაში გვაქვს. ჩვენი ოჯახი მუდმივად მონაწილეობდა ღვინის ფესტივალებში. ჩავერთეთ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და ეს წინსვლისთვის დიდი ბიძგი აღმოჩნდა. მოგვიანებით ფერმერთა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის, ნინო ზამბახიძის მხარდაჭერით ჩვენი ღვინო ბრენდად გადაიქცა.

- ქალი მეღვინე იშვიათობაა, თანაც შენსავით ახალგაზრდა...

- როცა იგებენ, რას ვსაქმიანობ, უკვირთ, მაგრამ მაშინვე კეთილად განეწყობიან ხოლმე, ბევრი მწერს და მგულშემატკივრობს. მათთვის მეღვინე და ბიზნესმენი ქალი სიახლეა. ბევრი მთხოვს გამოცდილების გაზიარებასა და რჩევას. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა და დატვირთული ცხოვრებაც სიამოვნებას მანიჭებს.

- საქმეში ოჯახის ყველა წევრია ჩართული?

- ღვინისთვის ყურძენს ჩვენ ვუვლით, მთელი ზაფხული ყველა საჭირო პროცედურას ვატარებთ. ჩართული ვართ ოჯახის ყველა წევრი - დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ჩემი ძმა და მე, საქმე ყველას დანაწილებული გვაქვს - ასეთია ჩვენი ოჯახის წესი. ვცდილობთ, საქმეს არაფერი მოვაკლოთ და მოსავალიც ყოველთვის უხვია.

- პირველად თქვენი ღვინო როდის ჩამოისხა?

- 2015 წელს და მაღაზიებშიც გამოჩნდა, თუ დაინტერესება იქნება, ეს პროდუქტი უფრო მეტგან შევა. კარგია, როცა ისეთ საქმეს პოულობ, რომელიც გიყვარს და რის გაკეთებაც გსურს, თან სასიამოვნოა, რომ დღეს შენი საყვარელი საქმე ოჯახური ტრადიცია იყო... რაც თავი მახსოვს, უფროსებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ვეხმარებოდით მე და ჩემი და-ძმა. მაგალითად, ლერწის (წალამი) გაბოჭვაში ან სხვა "მწვანე" სამუშაოები... ლერწის გაბოჭვა გასხვლის შემდგომი პროცედურაა, რომელსაც ბავშვები ვასრულებდით. გასხლულ ტოტებს მივუყვებოდით, ყოველ მეორეს ვკრეფდით და ერთად ვაგროვებდით. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მიწის დახვნას ტოტებმა ხელი არ შეუშალოს. ჩართული ვიყავით წამლობაშიც, რომელსაც ჩვენ აქიმობას ვეძახით. ხანაც მამას წყლის მიტანაში ვეხმარებოდით, რადგანაც არ გვქონდა საჭირო ტექნიკა, დღემდეც ყველა ოპერაცია ხელით სრულდება. ამიტომ არის კარგი სოფელში დიდი ოჯახი, შრომა განაწილებულია. გვაქვს ყანები, გვყავს პირუტყვი...

როცა თბილისში წამოვედი სასწავლებლად და უნივერსიტეტში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი, რაც მოვისაკლისე, ჩემი ოჯახი და სოფელი იყო. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ახლა მაგისტრატურას გავდივარ. დანაკლისს კი არდადეგებზე და შუალედებშიც სოფელში ჩასვლითა და საქმიანობით ვინაზღაურებდი.

- 2015 წელს მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით 5. 000-ლარიანი დაფინანსება მიგიღიათ.

- კი, რითაც შევიძინეთ ბოთლები, საცობები, ჩამოსასხმელი ყველა საშუალება, რეზერვუარებიც. ბაბუა, დედის მამა, პროფესიით მეღვინე-მევენახე და ჩვენს სოფელში მგონი, ერთადერთი დიპლომიანი სპეციალისტია. ბაბუას ღვინომ დიუსელდორფში შარშან ოქროს მედალი დაიმსახურა, ჩვენ - ვერცხლი. ბაბუას ღვინო ყველას მოსწონს, განსაკუთრებით ტურისტები აფასებენ, რომლებმაც ბოლო დროს ჩვენს სოფელში შემოაღწიეს. ამბობენ, საფრანგეთში, ლუარის ველზე რომ კაბერნე მოდის, იმას ჰგავსო.

- რომელი ჯიშები გაქვთ?

- თეთრი ჯიშები - ცოლიკოური და ციცკა. წლეულს ღვინო ქვევრშიც დავაყენეთ, დისტრიბუციასაც ჩვენით ვახერხებთ. ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ, ხან ტაქსით, როგორც მოგვიხერხდება. ზამთარში ტურისტულ ჯგუფებსაც ვმასპინძლობთ.

- შინ საოჯახო სასტუმრო გაქვთ?

- სახლის მეორე სართული სასტუმროდ ვაქციეთ. დედა საბუღალტრო საქმიანობას უძღვება, არადა, ჩემი მშობლები სკოლის მასწავლებლები არიან.

- რამდენ ყურძენს იწევთ და რამდენს ასხამთ?

- ვენახი 4500 ძირია და 10-13 ტონა ყურძენი მოდის. ღვინოს ბოთლებში არ ვაძველებთ, მათში გასაყიდად ვასხამთ. ღვინოს, ძირითადად, უჟანგავი ლითონის ჭურჭელში ვინახავთ. წლეულს კი ქვევრში შენახვა იმდენად მოგვეწონა, რომ ყველა ქვევრს ავითვისებთ, რაც გვაქვს. ისინი თავის დროზე ბაბუამ ჩაყარა. თუმცა ქვევრი ძნელი გასარეცხია, ერთი მაინც ისეთი ვიწროპირიანია, მასში ჩემ გარდა თითქმის ვერავინ ჩადის და ამიტომ მე ვრეცხავ...

- ახლა რას აპირებ?

- ჩემი ძმა მეღვინეობის ფაკულტეტზე სწავლობს. წლეულს ახალგაზრდა წარმატებულ ფერმერებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააჯილდოვა. მინდა, ცოდნა მეც მივიღო. ასევე გვინდა ტურისტული მიმართულების გაძლიერებაც. ჩემი ოცნება იყო, ტურისტები ჩვენი სოფლითაც დაინტერესებულიყვნენ და ეს ოცნება 2015-2016 წლებში ამიხდა. როცა საქმეს აკეთებ, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო. ხარისხიანი შხამქიმიკატების მოპოვებასაც ვცდილობთ, რადგანაც ბიოღვინის დაყენებას ვაპირებთ.

სხვათა შორის, ბევრ მეღვინეს არა აქვს ინფორმაცია ვაზის მოვლის, პროცედურების, სისუფთავის შესახებ. ამიტომ მომწონს "ღვინის კლუბი", მათი ლექციები. განათლებასთან ერთად, პრობლემაა მეღვინეების მოტივაციაც, რასაც ბაზარზე დამკვიდრების სირთულე იწვევს. მოუარო, აწარმოო და გაყიდო - ერთდროულად რთული ასათვისებელია... კარგი იქნება, თუ ღვინის ტურიზმს სათანადო ყურადღება მიექცევა, რადგან თითოეული ოჯახი განსხვავებულად ამზადებს და განსხვავებულ პროდუქტს ქმნის.

ლალი ფაცია