შარიას სიაფანდა, ბუზიყლაპია დიონეა და სიდედრის მოწყობილი ყვავილნარი
30-01-2017
შარიას სიაფანდა, ბუზიყლაპია დიონეა და სიდედრის მოწყობილი ყვავილნარი
"ჩემი სიდედრი ყვავილებს განსაკუთრებულად უვლის. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვუგზავნით მცენარეებს"

მცენარეებს გულმოდგინედ და აზარტით უვლის. ყოფილა შემთხვევა, როცა ახლობლებს მისთვის უსიცოცხლო ფესვი მიუტანიათ და გაუხარებია. მსახიობი ზურაბ შარია ხუმრობს, მცენარეს ერთხელ დავუსხამ წყალს და ყოველდღე ახალი ფოთოლი ამოსდისო.

- ბავშვობაში ბარათაშვილის ხიდთან ვცხოვრობდი და ჩვენს ეზოში ხეების ნახევარზე მეტი ჩემი დარგულია. იქ დღემდე ხარობს კაკლის, თუთის, ლეღვის არაერთი ძირი.

- ამ სახლში რა მცენარეები გაქვთ?

- მეზობელმა, საოცარმა ადამიანმა, ბატონმა
ლელი ლაბაურმა ყავის ხე მომცა. ახლა ხუთი წლისაა და წლეულს უნდა მოისხას. თავად დიდი ყავის ხე აქვს, მისი მოტკბო ნაყოფი პირველად მან გამასინჯა.­ ყავის ხუთი კურკიდან ოთხი გავზ
არდე, სამი გახმა. ჩვენმა ძაღლმა ხომ ლამის ბოლო მოუღო, ესღა გადარჩა. ულამაზესი ჩინური ვარდი სანამ ბოლომდე არ გაკრიფა, არ მოისვენა. ტროპიკული მცენარე ავოკადოც კურკისგან ვახარე. მითხრეს, წყალში უნდა გამრავლებაო. ეგეც ვცადე, მაგრამ კურკით უფრო მარტივია. სასიამოვნოდ გამაოცა, ისე უპრობლემოდ ამოდის. 17-დან 16-მა ცალმა გაიხარა. კურკას პირდაპირ მიწაში­ ვარჭობდი. მხოლოდ რწყავ და რწყავ, მეტი არაფერი. 5-6 ავოკადო ერთად გადავრგე.

მაქვს პატარძალა, მე სიაფანდს ვეძახი, იმდენად იოლი მოსავლელია. თეთრი ყვავილები აქვს და ხშირად ამოდის. ორი საშობაო ყვავილი გვაქვს. ერთი და იგივე ჯიშია, თუმცა ერთი დაბალია და წითელი, მეორე - მაღალი და მწვანე. თუ გინდა, გაიფურჩქნოს და დიდი ფოთოლი ჰქონდეს, მაშინ მეორე კვირტზე უნდა გადატეხო. ფოთლის გასაწითლებლად 12 საათი სიბნელეში უნდა გააჩერო.

საინტერესო მცენარეა სიდედრის ნაჩუქარი ნაპოლეონი. როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მიჰყვება მზეს, სინათლეს. სახელს ამართლებს - საღამოობით ნაპოლეონის ქუდივით, სამკუთხედად იკეცება. ცოტა მგრძნობიარეა კლიმატის მიმართ.
ფიკუსი ჩემი სიდედრის დედამ გვაჩუქა. ერთი ცალი ფოთოლი წამოვიღე და ამხელა ფესვები გამოუშვა. იებიც სიდედრის ნაჩუქარია. ისე, ჩემს მეუღლეს ია ჰქვია.

- თავად არაფერი შეგიძენიათ?

- ამსტერდამიდან ბუზებისჭამია დიონეა ჩამოვიტანე და იმავე დღეს 3-4 დღით ისევ გადაღებაზე წასვლამ მომიწია. სხვებმა ვერ მიხედეს და გამიფუჭდა. მისი თესლი ჩემს უმცროს ქალიშვილს ანა-მარიამს გამოვუწერე. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.
დიონეას კბილებიანი ფოთლები გაყოფილია ორად, შიგნიდან ვარდისფერია, გარედან მწვანე და ბუზებს იჭერს. 5 თესლი ჩავრგეთ და ახლა გაზრდას ველოდებით. როცა ზამთარში ბუზები არ არის, უნდა უშოვო და აჭამო. ბონსაის ჯიშის მიმოზას თესლი ჩემი შვილისთვის გამოვიწერე. ისეთი ფერის ყვავილები აქვს, გეგონება, ცეცხლი უკიდია. ბონსაი კი არის ადაპტირებული, მაგრამ შესაფერისი გარემოს შექმნა მაინც სჭირდება.
ცხოველი ან მცენარე სახლში კარგია იმით, რომ ბავშვი მათზე ზრუნვას, მოვლას სწავლობს და ეჩვევა. ეს კი პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებს. გარდა ამისა, მცენარეთა სილამაზის ყურებაც სასიამოვნოა, თანაც ჟანგბადს იძლევიან.

- როცა რამე პრობლემას ვერ უმკლავდებით, როგორ იქცევით?

- ძნელად მოსავლელი მცენარის გაზრდა უფრო აზარტულია. გსიამოვნებს,­ როცა შენთან თავს კარგად გრძნობს. ზოგჯერ რჩევას ფლორისტებსა და მეგობრებს ვეკითხები. ჩემი მეგობარი ვალერი ფანცულაია კარგად ერკვევა ამ საკითხში... მცენარის თესლით გაზრდა უფრო საპასუხისმგებლო საქმეა, ვიდრე ფოთლით - უნდა გაითვალისწინო ტემპერატურული რეჟიმი, სინოტივე, წყლის რაოდენობა. როცა რამე არ გამომდის ან ეჭვი მეპარება, ფლორისტ მარიკა დანელიას სპეციალურ ინკუბატორში გამოყვანას ვთხოვ. მეგობრებმა იციან, რომ სწორად მოვლა ვიცი და საინტერესო, გამორჩეულ მცენარეს მჩუქნიან ხოლმე.

- ვის ანდობთ ყვავილებს მოსავლელად?

- ვენდობი მეზობელს, ბატონ ლელის, ჩემი სიდედრი ყვავილებს განსაკუთრებულად უვლის. თავის აგარაკზე თეთრიწყაროს რაიონში ისეთი ბაღნარი გააშენა, ბევრს შეშურდება. მე და ჩემი სიდედრი ერთმანეთს ხშირად ვუგზავნით მცენარეებს.

- მცენარეების მოვლის თქვენეული რჩევა როგორია?

- ყვავილს გადაჭარბებული ყურადღება არ უყვარს. არ შეიძლება მათი მინერალებით გადატვირთვა, ბევრ მცენარეს აზოტი არ უხდება და ფესვს უწვავს. ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ადგილიც სწორად უნდა შეურჩიო. ეს რთული არ არის, მთავარია, დაკვირვება. მაგალითად, ჩემი ყვავილები ჩრდილოეთის მხარეს უფრო კარგად ხარობს, ვიდრე სამხრეთის. გათბობის სისტემის თავზე რომელი მცენარეებიც დგას, იმათ სხვა სითბური რეჟიმი აქვთ და მეტი მორწყვა სჭირდებათ. ზოგჯერ ადგილებსაც ვუცვლი ხოლმე.

- ვინმესთვის ყვავილის თესლი გითხოვიათ?

- სტუმრად მყოფს ბევრჯერ მითქვამს, ერთი ფოთოლი მომიწყვიტეთ-მეთქი. მონსტერა ჩემი ახლობლების ოჯახში ვნახე და ძალიან მომეწონა. ერთი ფოთოლი მომცეს და იქიდან გავზარდე. საკმაოდ მაღალია, ფოთლებიც დიდი აქვს, შუაში ნასვრეტებით. უცნაური რამ მოხდა, ერთ ღამეს ზუსტად იმ დროს გადატყდა, როცა ჩემი და გარდაიცვალა. მონსტერა 7-8 წლის მაინც იქნება, მაგრამ იმ ამბის შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან მომიწია გაზრდამ. ეს მცოცავი სახეობაა. ფოთლებს თუ სწორ მხარეს მოუძებნი, ისინი ერთი მიმართულებით წამოვლენ და ჩანჩქერივით გადმოეფინებიან.

სურო და სუროიანი სახლები მომწონს. მიკვირს, ეს ტრადიცია თბილისში რატომ არ არის? სხვათა შორის, ვაკეში ასეთი რამდენიმე სახლია, მათ შორის, კახი და მაკა ასათიანების ყოფილი სახლი იყო სუროიანი. ისე მომწონდა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სულ ფოტოებს ვუღებდი. ჩემი სახლიდან პირდაპირ მოჩანდა. სახლის ახალმა მფლობელმა სურო აღარ მოისურვა.

- ახლა რას გეგმავთ?

- ყავის ხეს მაინც გავახარებ. ზუსტად ვიცი, ერთი ფოთოლიც რომ ჰქონდეს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გავაცოცხლებ.

ნანული ზოტიკიშვილი
tina
03 თებერვალი 2017 11:25
ვინ არის ტკვენი ცოლი და სიდედრიწარ

რედაქტორის რჩევით