მანდარინი აგვისტოში?! - კვირის პალიტრა

მანდარინი აგვისტოში?!

დიდი ხანია, ქართულ ციტრუსს უჭირს. დადგება თუ არა კრეფის სეზონი, მაშინვე იწყება შეღონებული ფერმერების საყვედურები, მანდარინი გვილპება, არავინ იბარებსო! როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენი ციტრუსის მთელი მოსავალი დროის მოკლე მონაკვეთში იკრიფება, ბაზარზე გადინებას ვერ ასწრებს და ლპება. აჭარაში, მაგალითად, ციტრუსების კრეფის სეზონი ერთ თვეს გრძელდება, მოსავალი 70 ათასი ტონაა და გასაღება მეტად ჭირს. ამის გამო იგეგმებოდა ციტრუსის საადრეო ჯიშების შემოტანა, 2011 წელს ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ჩინეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან ჩამოტანილი ციტრუსების საადრეო და უკიდურესად საგვიანო ჯიშები დარგეს. ამას ჩვენთვის სრულიად უცხო ლაიმის ნერგებიც დაამატეს. გვესაუბრება ჩაქვის ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე.

- თუკი მოვლას არ მოვაკლებთ, ჩვენს ქვეყანას ციტრუსიდან კარგი შემოსავალი ექნება. მოსავალი ახლაც უხვი მოგვდის, არის წლები, როცა მხოლოდ აჭარაში 120-130 ათას ტონა ციტრუსს ვკრეფთ, მაგრამ სირთულეც ბევრია - გაყიდვა ყოვნდება და ფერმერებს მალფუჭებადი ციტრუსი ულპებათ... არის სხვა ფაქტორებიც, თუმცაღა მანდარინის გაყიდვის საქმეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენში ციტრუსის 90% ერთი და იმავე ჯიშის არის, რომელიც ერთსა და იმავე ხანმოკლე სეზონზე იკრიფება და მოზღვავებული ციტრუსის მასის რეალიზაციაც ვეღარ ესწრება. საზღვრებს გარეთ გატანაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, შიგა ბაზარზეც ციტრუსის სიჭარბე იქმნება და პროდუქტის მორიგი პარტიის შეტანას აზრი აღარ აქვს. ამასობაში კი ფერმერს მანდარინი ულპება.

სპეციალისტებმა ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად მანდარინის კრეფის სეზონის გახანგრძლივება მიიჩნიეს - ანუ გვქონოდა ეტაპობრივად საკრეფი ჯიშები და მოსავალიც ეტაპობრივად გაგვეყიდა. ასე შემოვიტანეთ მეციტრუსეობის ქვეყნებიდან საუკეთესო, სხვადასხვა საადრეო თუ საგვიანო მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიპფრუტის 50-მდე ჯიში. ამას მოვაყოლეთ ლაიმი, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის. ყველაფერი ეს ჩაქვში 11 ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე დავრგეთ, რომელსაც სპეციალისტები აკვირდებიან.

- როგორც ვიცი, დაახლოებით საუკუნის წინაც ჩაქვში დაიწყო ციტრუსის გაშენება.

- დიახ, კარგი კლიმატისა და გარემოს გამო. ჩაქვში მთელ ზღვისპირა ზონასთან შედარებით ყველაზე ცივი კლიმატია. ეს ნიშნავს, რომ თუ ზამთარში ჩაქვში ციტრუსმა ყინვებს გაუძლო, სხვაგანაც გაუძლებს. ფაქტობრივად, ყველა ჯიშმა გაიხარა, მათ შორის, ლაიმმაც, რომელიც შედარებით ნაკლებად ყინვაგამძლეა, თუმცა მასზე მოთხოვნა უკვე არის.

- გემოთი როგორია ლაიმი?

- ლაიმი ფორთოხლისა და ლიმონის შეჯვარებით არის გამოყვანილი, ძალიან პოპულარულია ამერიკაში, თუმცა გემოვნებას გააჩნია, ევროპაში, მაგალითად, ლიმონი უფრო მოსწონთ. ჩვენ, უპირველესად, ის გვაინტერესებდა, როგორ და როდის დაისხამდნენ საადრეო ჯიშები.

საადრეო მანდარინის ჯიშის პირველი ნაყოფი უკვე 25 აგვისტოსთვის დამწიფდა. კიდევ სხვა ჯიში, მაგალითად, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაიკრიფოს. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის კი უკვე ყვითელი მანდარინი იქნება ბაზარზე.

ეს ხომ არის დიდი მიღწევა?

- ცხადია. ამ ახალ ჯიშებში, ალბათ, სხვაც ბევრი რამ იქნება საინტერესო. მაგალითად, მსხმოიარობა, მეწლეობა და სხვ.

- ჩვენ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი ჯიშების ერთი და იგივე სახეობა გვაქვს ჩამოტანილი და მიუხედავად ამისა, თვისებებით მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის სადედე, რომელზეც ციტრუსის ნერგია დამყნილი. მრავალწლიან კულტურებს მეწლეობა ახასიათებს და მათ შორის, აჭარაში. სწორედ ამის გამოა, რომ მოსავალი 120-დან ზოგჯერ 60 ტონამდე დადის. \მოვლა, მათ შორის ციტრუსის გასხვლა, საუკეთესოა მეწლეობის წინააღმდეგ. ამ დროს, ფერმერი ამას ვერ ახერხებს და მეწლეობაც უტევს. კარგი საშუალებაა ყვავილობისას ყვავილების დაყრევინებაც. ყვავილებზე მცენარის უდიდესი ენერგია იხარჯება, მერე კი ზედმეტ ნაყოფს თავადვე ყრის. ყვავილების დაყრით მცენარის კვებას გააუმჯობესებთ და მოსავალიც კარგი მოვა.

ჩვენი სანერგის მსხმოიარობა ჯერ ძალაში არც შესულა, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსავალი ძალიან კარგია. ციტრუსის მოსავლიანობის შესახებ საბოლოო პასუხი 11-12 წლის ვადაში იქნება, როცა ვლინდება მისი თვისებები სრულად გამოვლინდება.

- საგვიანო ჯიშის ციტრუსი თუ გაქვთ?

- ახალი საგვიანო ჯიში დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში იკრიფება, ასე რომ, ბაზარზეც ახალ წელიწადს ახალმოკრეფილი მანდარინი გადის. გვაქვს საინტერესო ამბავიც, - ახალი ჯიშისგან ციტრუსის ე.წ. კლონი ჩვენ თვითონ გამოგვყავს.

- ეს რას ნიშნავს?

- იმ ჯიშიდან, რომელსაც საუკეთესო მოსავალი ჰქონდა, ავიღეთ კალამი და ჩვენს ტრიფოლიატზე დავრგეთ. ასე გამოვიყვანეთ ახალი ჯიშის მანდარინის კლონი. ჩვენი მანდარინის ბაღები სულ ტრიფოლიატის საძირეზეა გამოყვანილი. ეკლიან მცენარე ტრიფოლიატს დასავლეთ საქართველოში ღობეებად მოიხმარნენ, ის ციტრუსის საძირესთვის საუკეთესოა. მასზე დამყნილ ციტრუსს დაავადება ვერ ერევა. ევროპულ საძირეებზე დამყნილი ციტრუსები კი შედარებით ადვილად ავადდება. ასე რომ, საძირე ჩვენი სჯობს, ნამყენი კი საუკეთესო გვაქვს და იმედია, მოსავალიც საუკეთესო მოვა.

ეთერ ერაძე