მიწავაშლა - დაუფასებელი საქართველოში და შეუფასებელი მსოფლიოში
06-02-2017
მიწავაშლა - დაუფასებელი საქართველოში და შეუფასებელი მსოფლიოში
"მიწავაშლას შესწავლისას მეცნიერები გაოცებული დარჩნენ მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით, რომლებიც ამ მცენარის შემადგენლობაში შედის"

დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის ურჩევენ მიწავაშლას მიღებას, რადგან ორგანიზმში ინსულინის მოვალეობას ასრულებს - ის შაქრის აქტიური დამშლელია


მიწავაშლა, იგივე ტოპინამბური, ბალახოვანი მცენარეა, მისი დასახელება ჩილელი ინდიელების ერთ-ერთი ტომისგან - ტოპინამბოებისგან მომდინარეობს. ცნობილია, რომ ამ ტომს მიწავაშლა დიდი ოსტატობით მოჰყავდა. ყაზახები მიწავაშლას ჩინურ კარტოფილს უწოდებენ, რადგან მათთან ეს კულტურა ჩინეთიდან მოხვდა. ეს მცენარე ამერიკიდან ევროპაში მე-17 საუკუნეში შეიტანეს,
საიდანაც მე-18 საუკუნეში გავრცელდა ჯერ რუსეთში, ხოლო შემდეგ საქართველოში. მიწავაშლას იყენებდნენ კოსმეტიკურ საშუალებადაც, რადგან იგი კარგ ეფექტს იძლევა ნაოჭებთან ბრძოლაში.

მიწავაშლას შესწავლისას მეცნიერები გაოცებული დარჩნენ მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით, რომლებიც ამ მცენარის
შემადგენლობაში შედის. რკინის შემცველობით მიწავაშლა საგრძნობლად უსწრებს სტაფილოს, თალგამს, ჭარხალს, გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფთორი, ქრომი და სხვა მინერალები. გვესაუბრება აკაკი ღლონტი, ოზურგეთის რაიონის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში:

- მიწავაშლა კარტოფილის მსგავსი მცენარეა და ფორმითაც წააგავს. მისი საკვები ღირებულება მეტად მაღალია, ამასთან, გამოიყენება სამკურნალოდაც. მასში დიდი რაოდენობით არის ინსულინის ანალოგი - ინულინი, ამიტომ ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. მიწავაშლა საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს. სიმაღლით 2 მეტრამდე იზრდება, ხოლო მისი ნაყოფი ტუბერის, ანუ ბოლქვის სახით მწიფდება.

- რომელ ქვეყნებში მოჰყავთ მიწავაშლა?

- მოჰყავთ ყველგან - კანადაში, ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. საქართველოში მისი სამრეწველო პლანტაცია არავის აქვს. არადა, მისი მოშენება სასურველია, რადგან მიწავაშლა ადვილი მოსავლელია. დაავადებებიც ნაკლებად უჩნდება. მისგან იღებენ ფქვილს, რომელიც დანამატების სახით გამოიყენება პურისა და სხვა პროდუქტების წარმოებისას. მცენარე გამოსადეგია არა მხოლოდ ადამიანის, ასევე ცხოველის საზრდოდაც, რადგან ის არაჩვეულებრივი დიეტური საკვებია. მიწავაშლას ბოლქვები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ან წითელი.

- მიწავაშლას ბოლქვებს საკვებად როგორ იყენებენ?

- მიწავაშლას მიირთმევენ როგორც შემწვარს, ასევე მოხარშულს, თუმცა უმი ნაყოფის კვებითი ღირებულება ყველაზე მაღალია. მცენარე ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს და საუკეთესოა სხვადასხვა დაავადების დროს: ჰიპერტონიის, პოლიართრიტის, ღვიძლის დაავადების საწინააღმდეგოდ. მიწავაშლას ორგანიზმიდან მეტად სწრაფად გამოაქვს წიდები და მარილები. მიწავაშლა სასარგებლოა ცხოველისთვისაც. მისი ფოთლები სასილოსედ გამოიყენება, ხოლო გადაუმუშავებელ ბოლქვებს შინაურ ცხოველებს აჭმევენ.

- რა რაოდენობით შეიძლება მიწავაშლას მოყვანა?

- 1 ჰექტარზე 40-50 ტონა სასილოსე ნედლეული მოდის, ხოლო ტუბერი - 20-25 ტონამდე. მიწავაშლა გამძლე მცენარეა - ყინვებსაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც. 8-10 წელიწადს ისე ხარობს,­ დახმარება არ სჭირდება: მიწაში ჩარჩენილი ბოლქვები ხელახლა ამოდის და დათესვას არ ითხოვს.

- ალბათ, ცალკე უნდა ითქვას, რომ მიწავაშლას დიაბეტის სამკურნალოდ იყენებენ.

- დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის ურჩევენ მიწავაშლას მიღებას, რადგან ორგანიზმში ინსულინის მოვალეობას ასრულებს - ის შაქრის აქტიური დამშლელია. ბავშვობაში მიწავაშლა ჩვენც გვქონდა მოშენებული, რადგან დედაჩემს დიაბეტი ჰქონდა. მიწავაშლას, როგორც კარტოფილს, ისე წვავენ, მისგან ფაფებსაც აკეთებენ და სხვადასხვა კერძსაც. მისგან სპირტისა და არყის გამოხდაც შეიძლება.

- თქვენი აზრით, რატომ არ მოჰყავთ ეს მცენარე საქართველოში?

- რეკლამა არა აქვს, თორემ მიწავაშლას მოყვანა ძალიან იოლია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. შენახვაც ადვილია: ბოლქვებს მიწიდან რომ ამოიღებენ, რამდენიმე თვე ძლებს ისე, რომ არც ლპება და არც ზიანდება. ფუტკარიც ძალიან ეტანება მიწავაშლას. მრავალი ღირსების მიუხედავად, ეს საქართველოში დაუფასებელი მცენარეა.

- როგორ შეიძლება ამ მცენარის დათესვა და გახარება?

- მიწავაშლა კარტოფილივით უნდა გავახაროთ: ითესება გაზაფხულზე, მწკრივებს შორის დაშორება 70 სმ უნდა იყოს, ხოლო რიგებს შორის - 30-35 სმ. როცა ყვავილობას დაიწყებს­, მერე შეიძლება მისი კულტივაცია და განოყიერება. შემოდგომაზე ნაყოფს რომ ამოიღებთ, სასურველია ბოლქვების ნაწილის მიწაში დატოვება, რათა გამრავლდეს და მომდევნო სეზონზე მოსავალი მოგცეთ. მიწავაშლა მწირ და გამომშრალ ნიადაგს ვერ იტანს, თორემ ყველანაირ ნიადაგში ხარობს. გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში - მისი მოყვანა ამ რეგიონებში ადვილია, რადგან ნიადაგი ტენიანია და მორწყვაც არ სჭირდება. როცა წამოიზრდება და მოძლიერდება, სარეველებსა და ბალახებს ის თვითონ ერევა და ახშობს.

მიწავაშლა ბუნებრივად, თავისუფლად ხარობს, ამიტომ მისი მოშენება ყველას შეუძლია, თუნდაც ქალაქგარეთ ან ქალაქში, სადაც ეზო და პატარა ნაკვეთი აქვთ. საამისო მიზეზიც საკმარისზე მეტია: მიწავაშლა ჯანმრთელი ადამიანისთვის არაჩვეულებრივი საკვებია, ხოლო დიაბეტიანისთვის - საუკეთესო წამალი. მიწავაშლასგან დიეტურ ყავასაც კი ამზადებენ. ამ მცენარისგან სპირტისა და ფრუქტოზის წარმოებაც შეიძლება, თანაც, ადვილად, დიდი დანახარჯების გარეშე. მოკლედ, მიწავაშლა მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო კულტურაა, რომელსაც საქართველოში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ნია-ზურას!!!!
30 მარტი 2017 14:41
გუშინ მეტრო ,,დიდუბის'' წინ ვნახე, სადაზ ვაშლები იყიდება (შიგნით ბაზარში არაააა) დამაინტერესდა, 2 ლარი ღირდა და 50 თეთრის ვიყიდე, ზალიან მომეწონა.........ისე მაძლევდა თუ არ გიწამია ფული არ მინდაო...... ახლა ვნახე რომ ძალიან სასარგებლო ყოფილა....
10 მარტი 2017 17:05
ბავშვობაში ძალიან ბევრს მივურთმევდით, იმიტომ რომ ბებია გვაძალებდა გინდა თუ არა ჭამეთ სასარგებლოაო ( ძალიან მაგარი გემო აქვს თქო ვერ ვიტყვი), როცა ბებო გარდაიცვალა მიწავაშლაც გადაშენდა.
sala
24 თებერვალი 2017 00:09
me vawarmoeb am mcenares da shinaur cxovelebs vachmev :D

რედაქტორის რჩევით