"პაპიროსიან კაცს მარანს არ ვაკარებთ"
06-02-2017
"პაპიროსიან კაცს მარანს არ ვაკარებთ"
"სანამ ღვინოს დავწურავთ, მანამდე ლოცვა ითქმება, ასევე გადაღების დროსა და დალევის წინაც. ოთხივ კუთხივ სანთელიც ინთება, ვავედრებთ უფალს"

"საოცარი ნიადაგია საქართველოში, რაც საშუალებას გაძლევს, შესანიშნავი ყურძენი და ხორბალი მოიყვანო. პურისა და ღვინის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ", - ამბობს­ მსახიობი გია აბესალაშვილი,­ რომელიც კარგი მეურნე და სასოფლო-სამეურნეო საქმის მცოდნეა. მასთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ დაინტერესებულ ადამიანებს არაერთ თემაზე სასარგებლო რჩევასა თუ კონსულტაციას გაუწევს.

- ჩვენი გვარი სამცხე-ჯავახეთიდან არის, დიდი ჭალა ყოფილა, ადგილი,
საიდანაც რაჭაში გადასახლებულან. გვარის­ ისტორია 1640 წლიდან ვიცი (მეუღლე არქივში მუშაობდა და ბევრი რამ დაად­გინა). ვინ როდის დაიბადა, რით და როდის გარდაიცვალა, ყველაფერი ეკლესიის­ ისტორიაში წერია... ჩემი წინაპრები, ბაბუაჩემის გარდა, სასულიერო პირები იყვნენ, აბესალომ ქართველის შთამომავლები ვართ...

- რატომ დატოვეს სამცხე-ჯავახეთი?

- მიწისძვრების გამო მიგრაცია
დაიწყო და იმერეთიდან, სვანეთის ნაწილიდან, ლეჩხუმიდან რაჭაში გადავიდნენ. ჩვენი სოფელია საკაო, უწერის მხარეს...

- თბილისში დაბადებული და გაზრდილი­ ხართ, თუმცა თქვენი კუთხე, სოფელი და იქ საქმიანობა გიყვართ...

- ხშირად დავდიოდით რაჭაში და დღემდე ასეა. თიბვაშიც ვეხმარებოდი, თოხნაშიც და მკაშიც, უზარმაზარ იალაღებზე... უცხოეთში როცა მოვხვდებოდი, ცელის პირები ჩამომქონდა რაჭაში წასაღებად. ასე რომ, იქაური მშრომელი და გამრჯე ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი და სოფლის საქმეები ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ამან მასწავლა მიწის, ადამიანების სიყვარული. 8 საათს რომ მოუნდები მთაში ასვლას, სადაც უნდა თიბო, მერე იქ 1 კვირას რჩები, შრომობ, მოილხენ, მღერი, გზებს აკეთებ, რომ იქ საქონელიც აიყვანო და იქიდან ხარებით თივა ჩამოიტანო, სხვა­ნაირად ვერ იქნება...

ფუტკარიც გვყავდა, მაგრამ მეფუტკრეობას დიდად ვერ დავიბრალებ. თუმცა ვიცი, რომ ფუტკარს სუფთა, "დაპრიალებული", დავარცხნილი ადამიანები უყვარს, ყველა ჰიგიენური ნორმა დაცული უნდა გქონდეს, მათ ვერც ნასვამი მიეკარება... თაფლისგან მე და ჩემს მეზობელს, ნუგზარ გუგეშაშვილს, რომელსაც ბევრი ფუტკარი ჰყავს, ღვინოც დაგვიყენებია. თაფლის ფიჭა რომ გადაიწურება, ის უნდა ჩაიყაროს ჭურჭელში და წყალი დაესხას, რაც დუღილს იწყებს. მსუბუქი ღვინო გამოდის, ვერც მიხვდებით, რომ თაფლისაა.

- მარცვლეული არ მოგყავთ?

- ახლა აღარ, ყანას გათოხნა-გამარგვლა, გაფარცხვა, მოკლედ, დიდი შრომა­ უნდა, თან, სოფელშიც ხალხი აღარ დარჩა, დაიცალა იქაურობა. სამაგიეროდ, ეზოში თითქმის ყველანაირი ხეხილი ხარ­ობს: კაკალი, თხილი, ყველას ვეუბნები, ზაფხულში ჩამობრძანდით და გაგატანთ-მეთქი. ცუდია, რომ ფუჭდება, დამპალი ხილი მაშინვე სხვა ადგილას უნდა გადაიტანო, რომ სოკო არ გაჩნდეს. ვისაც ასეთი მეურნეობა აქვს, ვურჩევ, საბოსტნე მეურნეობაც წამოიწყოს.

მანამდე კი სიგრძეზე უნდა გათხაროს დიდი ორმო, სადაც ორგანულ ნარჩენებს ჩაყრის - ჩამოცვენილ ფოთოლს, დამპალ ხილს მიწას მიაყრის, სადაც უკვე ჭია იწყებს მუშაობას. ყველაფერი ფხვიერი ნეშომპალა ხდება და იქ ბოსტანს 7-8 წელიწადს არ სჭირდება სასუქი. ხეხილის ნერგებიც მინდა განვაახლო, შემოდგომაზე ვერ მოვახერხე და გაზაფხულისთვის ვგეგმავ. თუმც კი შემოდგომაზე ჯობს - ზამთარს გამოივლის და გამოჩნდება, რამდენად გამძლეა... ზოგი ხე დაბერდა და გადავჭერი. კარალიოკის გარდა, ჩვენთან ყველა ხილი მოდის.

- ღვინოს ხომ აყენებთ?

- ჩვენკენ ალექსანდროულის ჯიში, კაჭიჭი, უსახელაური ხარობს. ვენახისთვის მნიშვნელოვანია, მზე როგორ უყურებს. კარგი ღვინისთვის კარგი ყურძენი უნდა გვქონდეს და შესაბამისი ჭურჭელი, ქვევრიც შეიძლება. ქვევრი კარგად უნდა იყოს ამორეცხილი, რადგანაც შეიძლება სოკოვანი, ობი ჰქონდეს მოკიდებული. კარგია, თუ ტყემალს ჩავყრით და დავამჟავებთ. ტყემალი ყველაფრისგან გაწმენდს და გაასუფთავებს. სოკოვანის გამო გოგირდის ჩაკიდებაც აღარ დასჭირდება. ამასთან, კარგი სარქველი უნდა და გრილი ადგილი.
ღვინოს დიდ საწნახელში (ძალიან ძველი საწნახელი მაქვს, სამუზეუმო ექსპონატია. მესამე ტოტია - იმხელა ხე იყო, იქიდან სამი გამოვიდა) ჩავწურავ. მასში ტალავრის, ხეივნის ყურძენს ვყრი. ადრე მეტი გვქონდა, შოუბნიდან, ჩვენი ვენახებიდან, ხარებით მოგვქონდა. საწნახელში ჩაწურული ღვინო ქვევრში ღარებით გადადის. გაივსება თუ არა, ზემოდან ჭაჭას მოვაყრით, მერე ხის სარქველს დავაფარებთ და აყალო მიწით დავგოზავთ.­ როგორც პლასტილინს, ისე შემოვუზელთ, რომ ჰაერი არ ჩავიდეს. ასე მანამდე იქნება, სანამ ჭაჭა ქვემოთ არ ჩავა.
ღვინო, წესით, აღდგომას უნდა გაიხსნას. მაშინ არის დავარგებული, მაგრამ ახლა აღდგომამდე ვინ მიაღწევინებს ღვინოს. დიდხანს გაჩერებაც არ ვარგა, შეიძლება ქვევრში გაიპაროს.

როცა გახსნი, ხაპით უნდა ამოიღო და ბოცებში გადაიტანო. ღვინო ქვევრში ძველდება ან მუხის კასრში, რომელიც სპეციალური ჯიშისგან უნდა იყოს დამზადებული. ბოცებიდან რაც ხშირად გადავიღებთ, უკეთესია, სუფთავდება. შეგვიძლია პროცესის დაჩქარება, თუ ნარმის ძაბრში გავატარებთ, მაგრამ დიდხანს უნდა დაწრეტა. სანამ ღვინოს დავწურავთ, მანამდე ლოცვა ითქმება, ასევე გადაღების დროსა და დალევის წინაც. ოთხივ კუთხივ სანთელიც ინთება, ვავედრებთ უფალს. პირველად შემოტრიალდება საწური და გადაღებას დავიწყებთ. პაპიროსიან კაცს იმ მარანს არ ვაკარებთ. ქალებიც ნაკლებად შეგვყავს იქ.

ღვინო ცოცხალია, ისევე როგორც ნაკურთხი წყალი, უდიდეს ინფორმაციას ატარებს. ბაბუაჩემი ლოთებს ღვინოს კი არ ასმევდა, ვინც პირდაპირ გადაყლაპავდა. ამბობდა, ამისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას დალევსო? ამან ღვინის ფასი და ყადრი არ იცისო.
ერთხელ კენკროვანი ხილი - მოდგინარი და მოცხარი მთიდან ჩამოვიტანე, რომელიც რაჭაში დიდ ბუჩქებად იზრდება. ცხენს ავკიდე 2 ვედრო. ჩემებმა ქალაქიდან ჩამოსვლა რომ დააგვიანეს, ავდექი და ღვინო დავწურე, ცოტა შაქრით შევაზავე, მომჟავო, ლალისფერი სითხე მივიღე. ჭიქაში რომ ვასხამდი, ულამაზესი იყო, ვერ ხვდებოდნენ, რისგან იყო დამზადებული. კარგი არომატიც ჰქონდა...

- რას ურჩევდით სხვას?

- შრომას არავინ გაურბის, არ უნდა დაახრჩონ ადამიანები, სესხი უნდა იყოს დაბალპროცენტიანი. თუ კაცი შრომის შედეგს ვერ ხედავს, თოხს აქეთ-იქით უაზროდ ხომ არ იქნევს? მერწმუნეთ, ქართველი არ არის ზარმაცი, მას ხელის შეწყობა უნდა.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით