გურიაში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება - კვირის პალიტრა

გურიაში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება

"ბავშვობიდანვე, ხეირიანად გათენებულიც არ იყო, რომ ფანჯრებს შევცქეროდი, აბა, როდის ირიჟრაჟებს, რომ ავდგე და ვიმუშაო-მეთქი. 74 წლისა მოვიყარე და დღესაც ასე ვარ"

"ბუნება ისეთი საოცარი რამ არის, როგორც ნაკადულს, როგორ მიმართულებასაც მისცემ, ისე წამოგყვება. ასე წამოვიყვანე დაბლარზე ადესა, ასე მოვლილ ადესის ღვინოს სულ სხვა არომატი დაჰკრავს"

თებერვალიც დადგა; ზოგს გაზაფხულის მოახლოება უხარია, ზოგი კი იმაზეც ფიქრობს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს საგაზაფხულო სამუშაოები და გამრჯე გლეხი როგორც კი მზიან დღეს დაიგულებს, შრომას იწყებს. თბილი კლიმატის გამო, დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, გურიაში ასეთ სამუშაოებს იანვარშივე იწყებენ. სიცივე ვერაფერს აკლებს გურიის ეზოებში უსათბუროდ მოყვავილე ვარდებსაც. ჩოხატაურის სოფელ შუაამაღლებაში თამაზ სიხარულიძე სასხლავი მაკრატლით დამიხვდა და ისეთ ლამაზ ეზოში მიმიპატიჟა, რომ დანახვა თვალს ახარებდა.

- ბავშვობიდანვე, ხეირიანად გათენებულიც არ იყო, რომ ფანჯრებს შევცქეროდი, აბა, როდის ირიჟრაჟებს, რომ ავდგე და ვიმუშაო-მეთქი. 74 წლისა მოვიყარე და დღესაც ასე ვარ, - გამთენიისას დაწყებულ საქმეს რომ მოვრჩები, მერეც ვერ ვისვენებ. ზოგი მეუბნება, დაჯექი, დაისვენე, შენი შვილი და შვილიშვილი კარგად ცხოვრობენ და იმათ გარჩინონო. ისინიც იმიტომ ცხოვრობენ კარგად, რომ დღედაღამ შრომობენ.

- ამბობენ, რომ სოფლად შრომა ადამიანს წელში ტეხს.

- მე თუ მკითხავთ, უშრომელობა ტეხს. არც ჩემი მეუღლე გამოიყურება ნამეტანი ხანდაზმულად, არადა, შრომა მასაც არ აკლია. როცა დავქორწინდით, ბათუმში წავიყვანე, ვითომ იქ უნდა გვეცხოვრა, მაგრამ არ გაჩერდა, აქ არაფერს გემო არა აქვს, სოფელში დავბრუნდეთ და ჩემი ხელით, ჩემს მიწაზე რომ მოვიყვან, გემო იმას ექნებაო. ახლა ძროხაც გვყავს, შინაური ფრინველიცა და იმისთანა ბოსტანი, დანახვა მტერსაც კი ესიამოვნება.

ჩემი მეუღლე ხანდახან ამ ბოსტანში კიტრისა თუ პამიდვრის მოყვანას ისე ჩააკვდება, შემეცოდება და ვეტყვი, კარგი, ქალო, მასე არ გვიჭირს, 2 კილო კიტრი რომ ვერ ვიყიდოთ-მეთქი, მაგრამ ჩამაჩუმებს ხოლმე, რა გამჭირვებია, ბაზარში რატომ უნდა ვირბინო სხვისი ნაშრომის საყიდლად, ლოგინად ჩავარდნილი კი არა ვარო!..

თხილმა გურია ამოასუნთქა და ახლა ყველა მის გაშენებას ცდილობს, მაგრამ თუ მისი გამოხშირვისა და აკრეფისთვისაც მუშა დაიქირავე, მაშინ შემოსავალს საიდანღა მოგვცემს. ადამიანს უჭირს, პურის ფულს მეზობელთან სესხულობს, ამ დროს თხილის შემოსავლის ნახევარზე მეტს დაქირავებულ ხალხს უხდის! აბა, ეს რა არითმეტიკაა? გულისტკივილი მალაპარაკებს, ჩემგან ნათქვამი რომ არ ესმის ხალხს... ეგებ გაზეთში წაიკითხონ და ახლა მაინც დაფიქრდნენ!

საგაზაფხულო სამუშაოებიც უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს გამრჯე ადამიანს; შემოდგომამოლეულ ხეებს ზოგს ფოთოლი აქვს შემორჩენილი, ზოგს კიდევ დამპალი ნაყოფი. თუ კარგი მოსავალი გინდა, უნდა დაბერტყო, მოაშორო და დაწვა.\ როცა ახალშემოსული ნაყოფი ლპება, ამის მიზეზი\, შესაძლოა, სწორედ შარშანდელი გაფუჭებული ნაყოფისგან გადმოყოლილი სიდამპლე იყოს.

გარდა ამისა, ზოგიერთი ხის ძირას, შესაძლოა, ხავსი ან მავნებელი ჭიის ბუდე იყოს შემორჩენილი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია, რადგან დათბება თუ არა, ამ ბუდეში ჭიები გაჩნდება, მერე კი ხეს შეესევიან. საუკეთესოა იმ ხეების ძირების შეთეთრება კირხსნარით, რომელსაც დაავადების ნიშნები ეტყობა. კირხსნარი ადვილად მზადდება, - 10 ლიტრ წყალში 2-3 კილოგრამი კირი უნდა გახსნა და ხის ძირს წაუსვა. სულ ეს არის.

რაც შეეხება სხვლას, ის დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირა ადგილებში, შეიძლება იანვარშივე დაიწყო, რადგან ჩვენში იანვარმა თბილი დღეები იცის. თბილამინდიანი თებერვალი კი გასხვლისთვის საუკეთესო თვეა.

მე იანვარშივე დავიწყე გასხვლა და საგაზაფხულოდ საქმე წინ წავწიე. პირველად ვარდები გავსხალი. თუ კაცს უნდა, მის ეზოში ვარდი წელიწადის ყველა დროს ყვაოდეს, შეიძლება წელიწადის ყველა დროსაც კი გასხლას. ოღონდ გასხვლა უნდა დავიწყოთ მომჭკნარი, ზამთარში დაზარალებული ტოტების მოცილებით და ამას წვრილი ამონაყარიც უნდა მივაყოლოთ. შემდეგ ტოტი განშტოებიდან 2-4 კვირტზე რომ წავაჭრათ, ეს ნიშნავს, რომ მასზე ახალი ყვავილები გაზაფხულზე ძალიან ადრე გაჩნდება.

რაც შეეხება გურიის "ცნობილ წარმომადგენელ" ადესას, მისი გასხვლაც იანვარშივე შეიძლება, თბილ ამინდებში. ასე რომ, მაღლარი ადესის ტალავერი და ეზოს ვარდები უკვე გავსხალი, თებერვალში კი დაბლარ ადესასაც გავსხლავ და ბოსტანსაც გავასუფთავებ, შარშანდელი მოსავლის ნარჩენებს მოვაგროვებ და დავწვავ, ჯერჯერობით, კი ქათმები მყავს მიშვებული...

- გურიაში "ადესა" ყველგან ხეებზეა გასული, თურმე დაბლარი ადესაც არსებობს, ჩვეულებრივი ვენახი.

- როცა ადესა ხეებზე გადის, არ ისხვლება და იმიტომაც მიდის ამ სიმაღლეზე. ვინც მას კრეფს, ისიც ხეზე გადის გიდლით. ასეთია ჩვენი, გურულების, რთველი. თუმცა ბუნება ისეთი საოცარი რამ არის, როგორც ნაკადულს, როგორ მიმართულებასაც მისცემ, ისე წამოგყვება. ასე წამოვიყვანე მეც დაბლარზე ადესა, რადგანაც, ჩემი აზრით, ასე მოვლილ ადესის ღვინოს სულ სხვა გემო და არომატი დაჰკრავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ოჯახში ნამდვილად ასეა. მე დაკეკლილი ადესის ღვინოს ვაყენებ, მტევნის კლერტს სათითაოდ ვაცლი ყურძნის მარცვლებს და ვწურავ. ასე დაწურულ ღვინოს კლერტის მომწარო გემო აღარ შეჰყვება და საუკეთესო გემოს იძლევა.

- შარშანდელი თხილის მოსავალი უხარისხო იყო, რის მიზეზადაც სპეციალისტებმა ის დაასახელეს, რომ დასავლეთ საქართველოში მიწის მოვლის და მათ შორის, თხილის მოვლის კულტურა შედარებით დაბალ დონეზეა.

- თხილი ამდენ ხანს, ადესის არ იყოს, ძირითადად, მოუვლელად იძლეოდა უხვ მოსავალს, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება? თხილის პლანტაციები იმდენად გაიზარდა, რომ ყურადღება მოითხოვა. თუ გვინდა, თხილმა კარგი მოსავალი მოგვცეს, გამუდმებული მოვლა სჭირდება, ისევე როგორც სხვა მცენარეებსა და საერთოდ, ყველაფერს. ცხოვრებაში მოვლისა და შრომის გარეშე არც არაფერი ხარობს!

ეთერ ერაძე