"ჩემმა თხამ "ექვთიმე" გადაარჩინა"
13-02-2017
"ჩემმა თხამ "ექვთიმე" გადაარჩინა"
"ჩემს თხებს მე ვწველი, საქმე უამრავია, მაგრამ ყოველთვის მაინც ვერთვები ტრენინგებში, ფესტივალებში, ფერმერთა შეკრებებში ვმონაწილეობ"

მეწარმე და ფერმერი, კოოპერატივის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლიანა­ დემეტრაშვილი მიყვება: "კინოსტუდია "ქართულ ფილმში" კადრების უფროსი ვიყავი, ასევე, ფილმის გადამღები ჯგუფის ბუღალტერი, მერე - ბაქო-ჯეიჰანის პროექტში მზარეულადაც აღმოვჩნდი, თუმცა თავდაპირველი პროფესიით ბებიაქალი ვარ". დღეს კი საკუთარ თავს უკვე მეთხევეს უწოდებს. დაუზარელმა, მშრომელმა ქალბატონმა დატოვა თბილისი
და სოფლის მეურნეობაში ჩაეფლო: ის და მისი ოჯახი 100-მდე თხას უვლიან და დიდი გეგმებიც აქვთ.

- როცა უსამსახუროდ დავრჩი, ბაქო-ჯეიჰანის პროექტში საქმიანობა შემომთავაზეს და თეთრიწყაროში 3-დღიანი­ გამოსაცდელი ვადა მომცეს, თუ დავალებას თავს გავართმევდი,
დამტოვებდნენ. ჩამოვიდა 30 კაცი, რომელთაც სადილი გავუმზადე. მზარეულიც მე ვიყავი, დამლაგებელიც და მიმტანიც. როგორც გაირკვა, ჩემი ნახელავით აღფრთოვანებული დარჩნენ სტუმრები, გარემოს დაცვის მინისტრი და უცხოელები. დამტოვეს. მერე გაცვლით ხან წალკაში ვიყავი, ხან სუფსაში და ხანაც - თეთრიწყაროში.

- როგორც ჩანს, თეთრიწყარო სწორედ მაშინ შეისწავლეთ.

- დიახ და ჩემი მეუღლეც მაშინ გავიცანი, ისიც იმ პროექტზე მუშაობდა... არადა, უკვე ქვრივი ვიყავი (26 წლისა დავქვრივდი, ერთი შვილი დამრჩა). 45 წლისამ კი გავიცანი თეიმურაზ დემეტრაშვილი. ცოლობა მთხოვა. თეთრიწყაროში სახლს ყიდულობდა და მკითხა, - სოფლად თუ იცხოვრებო. დავთანხმდი...

იქ რომ დავსახლდით, ცხადია, მეურნეობაზეც ვიფიქრეთ. მეუღლე ბავშვობიდან ძროხის რძეს ვერ სვამდა და სურვილი გაუჩნდა, თხები შეგვეძინა - მას მერე, რაც კარგად გაეცნო მის დადებით თვისებებს. გადავწყვიტეთ მეთხევეობის დაწყება და მეუღლემ 15 თხა სომხეთიდან შემოიყვანა. მეც დაწვრილებით შევისწავლე ეს შინაური ცხოველი - მოვლა, ვეტერინარია, აცრები, ჩლიქების დამუშავება, ყველის ამოყვანის ტექნოლოგია და მერე უკვე ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ: ფერმა, ბაგა, სადაც თხებს საკვებს ვუყრით, მოსაწველი მაგიდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით ყველაფერს. მაისში უკვე 6 წელიწადი გახდება, რაც ფერმერობას მივდევთ...

- რამდენი თხა გყავთ?

- 100-მდე სული, თუმცა, 700-ზე მეტიც უნდა გვყოლოდა, მაგრამ მიწის ნაკვეთი არ გვქონდა, ვერც ფერმა ვიყიდეთ, ამიტომ თხებს ვამრავლებდით და ნამატს ვყიდდით. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ჩვენი ციკნები ლამის ნახევარ საქართველოში გავიდა - მოსაშენებლად ბევრმა წაიყვანა.

ამასთან, დიდი მოთხოვნილება გაჩნდა თხის რძესა და ყველზე. როცა ამ პირუტყვზე ინფორმაციას ვეცნობოდით, შევიტყვეთ, რომ უცხოეთში თხის რძე ძვირად ღირებული პროდუქტია და მისი მოშენების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. საქმეს რომ ვიწყებდით, მაშინვე ისიც გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერზე მოთხოვნა საქართველოშიც წაგვეხალისებინა.

- ცნობილია, რომ თხის ხორცი უქოლესტერინოა და მის რძესა და ხორცზე მოთხოვნაც ალბათ ამის გამო იზრდება...

- კი, დიდი მოთხოვნილებაა ხორცზე, რძე კი 40 დადებითი და სასარგებლო ელემენტისგან შედგება. მისი მიღება აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სისხლძარღვების, გულის პრობლემა აქვს, ასევე მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს. ამ დაავადებას მედიკამენტური ჩარევის გარეშე კურნავს... სჭირდებათ ბავშვებს, მოხუცებს. უებარი წამალია სკლეროზის დროს, ფილტვებისთვის, ბრონქული ასთმისთვის... გერმანიიდან შემოტანილი თხის რძე 14 ლარი ღირს.

- თქვენ რამდენად ყიდით?

- 5 ლარად.

- თხებს თქვენ უვლით, თუ გეხმარებათ ვინმე?

- საოჯახო მეურნეობა გვაქვს: 82 წლის მამაც კი მეხმარება, ცხადია, მეუღლე, ჩემი ქალიშვილი და სიძეც. შვილიშვილიც უკვე ახალგაზრდა ფერმერია.

- რით კვებავთ თხებს?

- ზამთარში, ძირითადად, თივით, ქერით, სიმინდის ფქვილით, მზესუმზირის თავებით, ასევე დანამატებს შეიცავს­ "პრემიქსი" - ახალციხეში ამზადებენ და ვყიდულობთ. ჩვენვე ვუძღვებით ყველანაირ საქმეს - კვება-დასუფთავებას, დაბანას...

- მათი სადგომი აკმაყოფილებს სტანდარტებს?

- თხების სადგომი ჩვენ გადავხურეთ, იატაკი დავაგეთ, ფანჯრები აქვს, თუმცა უცხოეთში რომ ნახავთ, ისეთი არ არის. ამიტომ, როცა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კოოპერატივების შეკრებაზე სექტემბერში შევხვდი, წერილი გადავეცი, სადაც ჩემი ამბავი მოვუთხრე და "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში­ ფერმის გადმოცემა ვთხოვე. ფერმა, რომელიც მინდოდა და დღესაც მინდა, 1.600 ლარად იყო შეფასებული და იმედი მქონდა, რომ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ლარებში მივიღებდი, მაგრამ მისით ვიღაც ირანელი დაინტერესდა, ფასმა აიწია, სასოფლო სტატუსი არასასოფლოში გადაიყვანეს და 135.000 ლარი გახდა. აგრეთვე მოითხოვეს ამ თანხის ოთხმაგი ინვესტიცია, რის საშუალებაც არ მაქვს. ბატონ გიორგის თხოვნით კვლავ მივმართე და მსჯელობა მიმდინარეობს რამე შეღავათის გაწევაზე.

- რა ფერმაზეა ლაპარაკი?

- კომუნისტების დროს აშენებული ძროხის ფერმაა ჩვენთან, 150-მდე ძროხაზე ნავარაუდევი სადგომით, რომელიც უკვე დანგრეულია. რა ინვესტიციას შევძლებ, რომ მასში ჩავდო, ჯერ არ ვიცი... მინისაწარმოს გაკეთებაც წამოვიწყე, სადაც ყველი მაღალი ტექნოლოგიით უნდა ვაწარმოოთ და ის პირობები დავიცვათ, რასაც ყველის დამზადებისას ითხოვენ.

- ასეთი საწარმო ყველის ხარისხსაც გაზრდის და შრომასაც გაგიადვილებთ.

- რა თქმა უნდა. დღეს სხვადასხვა სახეობის ყველს ვაწარმოებ, ამ ტექნოლოგიებსაც ინტერნეტის დახმარებით დავეუფლე. ყველი დანამატებით მაქვს - ქიშმიშით, ნიგვზით, წიწაკით, ისპანახით, საფერავში, თაფლში. თხის ყველი ძროხის ყველისგან განსხვავებულია, მაგრამ გემრიელი. მოსწონთ და მოთხოვნილებაც დიდია. არის საშუალება, იტალიური ყველის, მოცარელას ტექნოლოგიის ასათვისებლად გამგზავნონ.

- ერთი თხა რამდენ ლიტრს იწველის?

- 3-დან 5 ლიტრამდე. ჩემს თხებს მე ვწველი, საქმე უამრავია, მაგრამ ყოველთვის მაინც ვერთვები ტრენინგებში, ფესტივალებში, ფერმერთა შეკრებებში ვმონაწილეობ. თხა ცხვარზე ბევრად სუფთა ცხოველია. ჩვენ მას უფრო გამრავლებისთვის და მერძეულად ვიყენებთ. ვერ ვკლავ და ხორცად ვერ ვყიდი, ასე ვერ ვიმეტებ.

- თბილისიდან რეგიონში გადასვლის უმთავრესი პრობლემა, რომელიც დასძლიეთ...

- ზაფხულში იქ ცხოვრება არ არის რთული, ზამთარში ძნელია - თეთრიწყაროს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიენიჭა, კლიმატურად რთული პირობებია. წყალი იყინება. როცა საქმიანობა დავიწყეთ, წყალი არც იყო. ჩემი აქტიურობით წყალი შემოიყვანეს, მაგრამ ახლა სად წავიღოთ, არ ვიცით, კანალიზაცია არ არსებობს. გვაქვს ინტერნეტის პრობლემაც...

ცოტა ხნის წინ რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ფილმისთვის "ექვთიმე", რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილზე იღებს, კადრები გადაიღო, მასში ჩემი თხაც მოხვდა. როგორც ცნობილია, ექვთიმე ემიგრაციაში ერთმა მეწველმა თხამ გადაარჩინა, ჰოდა, ჩემმა თხამ ეს როლი შეითავსა. ექვთიმეს როლს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივი იყო ამ ადამიანის სტუმრობა. ფილმში ჩემი შვილიშვილიც გადაიღეს. როცა დავინახე, გამახსენდა ჩემი კინოსტუდია და იქ გატარებული წლები. თუმცა ჩვენს მეთხევეობაზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც უკვე არსებობს.

ლალი ფაცია
გიორგი ისაკაძე
18 თებერვალი 2017 22:12

აი, ასე ძირავენ ყველაფერ ქართულს ჩანასახშივე - 1600 ლარიანი დანგრეული ფერმა 135 000-ად შეუფასეს (!) - მაგრამ მაინც შრომობენ და მაინც იბრძვიან ჩემი ქართველები - ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ჩემო კარგო და მშრომელო ხალხო!
luxo
17 თებერვალი 2017 10:17
შრომამ შექმნა ადამიანი.

რედაქტორის რჩევით