"მინდა, დამწყებ მეკალმახეებს ვუთხრა, ფარ-ხმალი არ დაყარონ"
13-02-2017
"მინდა, დამწყებ მეკალმახეებს ვუთხრა, ფარ-ხმალი არ დაყარონ"
"მეურნეობის მართვაში ეს ორი მოდარაჯე, კავკასიური ნაგაზი მეხმარება. ხეობა სავსეა მტაცებლებით, ამათ იმედად არის აქაურობა"

საქართველოში ფერმერულ აკვაკულტურას ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარგის განსავითარებლად წარმართული კამპანიისა,­ რომლის ფარგლებში 2016 წელი აკვაკულტურის წლადაც კი გამოცხადდა, ვითარება თევზსაშენ მეურნეობებში­ მძიმეა. საინტერესოა, როგორ არ­თმევს თავს სიძნელე­ებს მეურნე, მით უფრო ახალბედა - გვესაუბრება გოგა კეჩხუაშვილი, რომლის საკალმახე მეურნეობაც გორში, სოფელ ძევერიდან 4-5 კილომეტრში, მდინარე ლიახვის სიახლოვეს მდებარეობს.

- თევზსაშენის იდეა 3
წლის წინ გამიჩნდა. ნაკვეთი სადრენაჟე ფართობზე იჯარით ავიღე, მდინარის გასწვრივ, დრენაჟულ წყაროებს თავი მოვუყარე და შემსვლელი არხით აუზებამდე მივიყვანე. საქმიანობა 10 ათასი ლარით დავიწყე, რომელიც 5 აუზისა და შემსვლელ-გამსვლელი არხის მშენებლობაზეღა მეყო. წარმოების განვითარებაში შეღავათიანი კრედიტი დამეხმარა, ახლა 9 აუზი მაქვს და 200 მ სიგრძის
შემსვლელ-გამსვლელი 2 არხი. ამდენს დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი.
ყოველწლიურად 10 ტ პროდუქტი გამაქვს გასაყიდად, ვზრდი დაახლოებით 50 ათას ლიფსიტას, აუზებში ძირითადად ცისარტყელას ჯიშის ოქროსფერი და ჩვეულებრივი შავზურგა კალმახი მყავს. ზრდა იწყება გაზაფხულიდან და ოქტომბრის ბოლოს უკვე ვიწყებ გაყიდვას, ვცდილობ, ზამთრამდე მოვასწრო, ყინვის დადგომამდე - სიცივეში ნაკლებს ჭამს თევზი და წონაში იკლებს.

მეურნეობაში ამ ეტაპზე საინკუბაციო მეთოდს ნაკლებად ვიყენებ, მირჩევნია, პირდაპირ 2-5 გრამამდე მოზარდი კალმახი შევიძინო და აუზებში გავუშვა. მეკალმახეს შეუძლია განაყოფიერებული ქვირითიც შეიძინოს, რაც უფრო იაფი ჯდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მომწოდებელი კომპანიის სერტიფიკატის იმედად რჩება მხოლოდ, რადგან ეს კომპანია, რაც უნდა სანდო იყოს, თითოეულ იმპორტირებულ შეკვრას ხომ ვერ ჩაუტარებს ანალიზს? ამას გარდა, შესაძლოა, დაკონტეინერების, ტრანსპორტირების, დასაწყობების დროს მოხდეს მასალის დასნებოვნება და ლიფსიტების 2/3 დაიღუპოს. ამას ჯობია, მეკალმახეებს აუხსნან სპეციალისტებმა, როგორ ხდება გენეტიკურად სწორი დანათესავება, რომ მეწარმემ ადგილზე გაიჩინოს სადედე ჯოგი და ლიფსიტებიც თავად გამოიყვანოს.
იგივე შეიძლება ითქვას საკვებზეც. დაბალხარისხიანი და იაფი საკვები ხელს უშლის ზრდას, ნორმალური ზრდის ციკლი 2 გრამიდან 200 გრამამდე დაახლოებით 6 თვეს უნდა შეადგენდეს, ჩვენთან ეს ვადა ხშირად დარღვეულია. ვადის გადაცილებით გამოზრდილი კალმახი მეწარმისთვის დამატებითი ხარჯია.

- გამოსავალს სად ხედავთ?

- უპირველესად, სახელმწიფომ არ უნდა შეწყვიტოს 3 წლის წინ დაწყებული საქმე, სუბსიდია მარტო კაპიტალის ჩუქება ხომ არ არის, საჭიროა მეწარმეებისთვის მხარში ამოდგომა, მცირე მეურნეობების წახალისება, დამწყები მეწარმეებისთვის უფასო კონსულტაციები, შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტების ხანგრძლივი პერსპექ­ტივით გაცემა... თევზის რეწვა რისკიანი საქმეა - შესაძლოა, ერთ წელიწადში კაცი აშენდეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, ყველაფერი ერთ დღეში დაკარგოს.
ბოლო ხანს საუბარია სახელმწიფოს მიერ წყალსატევებისა და თევზის მარაგის შესწავლაზე, საინკუბაციო საამქროს შექმნაზე, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და დარგობრივ კვლევებზე. ეს მისასალმებელი, მაგრამ ხანგრძლივი პროცესია, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით, რაც გვაქვს, იმის შენარჩუნებით და არა მოსპობით, თორემ ვიდრე ეს ყოველივე შესრულდება, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი თევზის მეურნეობა დარჩება.

ქართული ბაზრის 80%-მდე იმპორტირებულ თევზს უჭირავს, არადა, საქართველოში წყლის რესურსი არ ჭირს. ძალიან ბევრი პრობლემაა გარემოს დაცვის მხრივაც, წყლის ხარისხს მუდმივი კონტროლი უნდა, აუზებში გაფილტრული წყალი უნდა შეედინებოდეს და გაედინებოდეს, რათა დაცულები ვიყოთ ჩვენც და არ დაირღვეს გარემოს ბალანსიც. ამგვარ მოთხოვნებს მხოლოდ მსხვილი მეურნეობები თუ გაუძლებენ. რომელ ექსპორტზეა ლაპარაკი, იმპორტი ვერ ჩაგვინაცვლებია.
თავისუფლად შეიძლება მსხვილი და წვრილი მეურნეობების მშვიდობიანი თანაარსებობა. მცირე თევზსაშენები ორგანულ აკვაკულტურას განავითარებდნენ და ადგილობრივ ბაზარს სრულად აითვისებდნენ, ხოლო დიდი მეურნეობები საზღვრებს იქით უფრო თამამად გაიხედავდნენ, სოლიდურ ექსპორტზე გასვლას შეძლებდნენ.
ლაბორატორია არ არის, სადაც დაავადებული თევზის სნეულების მიზეზს გეტყვიან. მარტო მე თევზის 80-მდე დაავადება ვიცი. იქთიოლოგების, დარგის სპეციალისტების, სიმწირეა, საქმეს ვიწყებთ სამოყვარულო დონეზე და საკუთარი გამოცდილების ხარჯზე მივდივართ წინ.

გამიმართლა, რომ ლიახვზე ჩემი თევზსაშენი პირველია, წყლის სისუფთავე ყველაზე მეტად მეხმარება საქმეში. დაავადების თავიდან ასაცილებლად ვმკურნალობ ანტიბიოტიკებით, ვაწყობ ვაქცინაციას. განსაკუთრებით ზაფხულს ვუფრთხი, როცა მდინარეში წყლის ტემპერატურა იმატებს - თბილი წყალი უამრავ დაავადებას იწვევს.
ვცდილობ, აქცენტი ორგანულ საკვებსა და მკვებავებზე გავაკეთო. საუკეთესო პრევენციული ზომა კი მაინც დარგის სპეციალისტების მოზიდვა იქნებოდა. მოშლილი მეურნეობების ადგილზე შესწავლის შემდეგ, მათ უნდა აუხსნან მეკალმახეებს, როგორ შეძლებენ წარმოების ფეხზე დაყენებას. მაგალითად, 1 სწორად განაყოფიერებული დედა ორაგულის ქვირითიდან შეიძლება რამდენიმე ათასი მოზარდი კალმახი მივიღოთ. ბევრმა მეურნემ კარგად არ იცის, როგორ ხდება სწორი შეჯვარება.

- გეგმებზე მოგვიყევი...

- წლეულს დამოუკიდებლად ვაპირებ ზუთხის ჯიშის თევზისთვის ტბორის გაკეთებას, ასევე 6 აუზის აშენებასა და დამატებით სალიფსიტე აუზის მოწყობას, სადაც განაყოფიერებულ ქვირითს ჩავაწყობ. 1 თვეში გაორმაგებულ რაოდენობას, 100 ათას ლიფსიტას გავუშვებ. ბოლო დროს თევზზე მოთხოვნა გაიზარდა - 1 კგ კალმახი 10 ლარი გახდა. ასე ხდება, ნაწილობრივ, დახურუ­ლი და გაჩერებული თევზსადგომების გამო, რაც ძალიან მწყინს - რატომ უნდა ხდებოდეს ასე, როცა წყლის ბუნებრივი მარაგით დაჯილდოებული, საკუთარი ოჯახების სარჩენადაც კი ვერ ვიყენებთ თევზსაშენებს.
მინდა, დამწყებ მეკალმახეებს ვუთხრა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ; თუ უყვართ თავიანთი საქმე, რწმენას ნუ დაკარგავენ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

კახა მჭედლიშვილი
tamo
18 ივლისი 2017 15:43
warmatebebi gqonodes.
ია
28 თებერვალი 2017 14:09
წარმატებები

რედაქტორის რჩევით