"წინა ცხოვრებაში მწყემსი ან მეცხვარე ვიქნებოდი" - კვირის პალიტრა

"წინა ცხოვრებაში მწყემსი ან მეცხვარე ვიქნებოდი"

"როგორ შეიძლება, ცოცხალი იყო და ვერაფერი შეძლო. ღმერთმა რისთვის მოგცა ხელ-ფეხი?"

"ჩემს სოფელში უამრავი მიწაა თავისუფალი. ზოგიერთს ვეუბნები, მომყიდე ან მომაქირავე-მეთქი. არც ყიდის და არც აქირავებს, მიწა კი მოუვლელია"

"ბედით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა დღევანდელი დღით მთლად კმაყოფილი ვინ გინახავთ?! მიუხედავად ამისა, რაც მაქვს, ამისთვისაც ვმადლობ ღმერთს - საკუთარი კუთხე მაქვს, ჩემი სამყარო, სადაც სიმშვიდე და სიკეთეა", - ამბობს მსახიობი რამაზ იოსელიანი, რომელიც უკვე რვა წელია, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს, აქვს თავისი ეზო-კარი, სადაც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს უვლის, აქვს მეურნეობა... რაც მთავარია, სოფლად საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს. მისი ცხოვრება ბევრისთვის კარგი მაგალითია.

რამაზ იოსელიანი: - ქალაქში გავიზარდე, არადა, ყოველთვის ოცნებად მქონდა გადაქცეული, სოფელში პატარა სახლი მქონოდა... წლების წინ, როდესაც გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი, ხიდისთავში სახლ-კარი ვიყიდე (თეატრიდან 5 კილომეტრშია). ვიფიქრე, გორთან ახლოა, თეატრი ჩემს ბინის ქირაში თანხას აღარ გადაიხდის და ეკონომიაც გაკეთდება, თან, ბავშვობის ოცნებაც ამიხდება-მეთქი. ესეც რომ არ იყოს, ადამიანს წლები გემატება და მიწასთან ფუსფუსი გინდება. მოკლედ, ვიყიდე სახლი და შემრჩა... მერე მიწის დამუშავება დავიწყე, ვიყიდე ქათმები, ღორები, ძროხა და მეურნეობა ნელ-ნელა გავაფართოვე...

- სოფელში საქმიანობა არ გაგიჭირდათ?

- როცა რამეს აკეთებ, კარგად უნდა იცოდე, მაგალითად, როგორი მოვლა უნდა კრუხს, ძროხას, ღორს... მოკლედ, ყველაფერი ვისწავლე: რძის ნაწარმის დამზადება, ყველის ამოყვანა, პურის თონეში გამოცხობაც კი. მთავარია, გაინტერესებდეს და თუ აკეთებ, კარგად გააკეთო. ახლა თხებიც უნდა მოვიყვანო.

- თქვენს მეურნეობას, ალბათ, მუდმივად სჭირდება ვინმე, იქაურობის მიტოვება არ გამოვა. არადა, თბილისში სპექტაკლები, რეპეტიციები გაქვთ ხოლმე. როგორ ასწრებთ?

- თითქმის სულ იქ ვარ, მაგრამ თუ თბილისში ვრჩები, მაშინ მეზობლები მეხმარებიან. როცა თბილისში საქმე მაქვს, გორიდან დილას მოვდივარ და საღამოს უკან ვბრუნდები. დილას 5-6 საათზე ვიღვიძებ. სანამ პირუტყვს, ფრინველს, ძაღლს დავაპურებ, საათ-ნახევარი გადის. მერე სხვა საქმეებსაც ვასწრებ და თბილისში მოვდივარ.

- ქართული ჯიშის ქათმების გარდა, ე.წ. აბრეშუმის ქათმებიც გყოლიათ...

- კი, უცხო ჯიშის, დეკორატიული ქათმები მყავს, მართლაც აბრეშუმივით თეთრი, ქათქათა ბუმბული აქვთ, ოღონდ, კანი და ხორცი აქვთ შავი. წლეულს მათ გამრავლებას ვაპირებ. წყნარები არიან...

- მათი ხორცი იჭმება?

- ალბათ. მე ვერასდროს შევჭამ ქათამს, რომელსაც ვზრდი. შვილებივით მყავს, ოჯახის წევრებივით არიან. კიდევ ფენიქსის ჯიშის ქათმები მყავს, წითლები და ლამაზები, ერთმეტრიანი ლამაზი კუდებით. მყავს სერბრაიტის ჯიშის ქათმები, პატარა და კოპლებიანი. ხოხბებისა და ფარშავანგის მოყვანაც მინდა, ეზოში გასაშვებად. დეკორატიული ქათმების გამრავლებასაც ვაპირებ. თუ იყიდიან, ხომ კარგი, თუ არადა, ქათმებს თითქმის არც ვყიდი, ძირითადად, ვჩუქნი. მოკლედ, ყიდვა გამომდის, გაყიდვა - მაინცდამაინც არა.

ქართული ჯიშის ქათმები კვერცხისმდებლები არიან. შესაბამისად, კვერცხიც სულ მაქვს. ქათმები დიდ ვოლიერებში არიან, დეკორატიულებს კი უმეტესად ეზოში ვუშვებ. ძალიან სასაცილოები არიან, სულ თან დამყვებიან, გაუთავებლად შიათ. საერთოდ, ქათამს ბევრი საკვები უნდა, *იმდენი, რომ ოთხ ღორს გამოზრდი.

- ღორები ამდენს არ ჭამენ?

- ამდენს არა. სხვათა შორის, ღორებისთვის, ახალი ტექნოლოგიის წყალობით, შესაბამისი გარემო მაქვს შექმნილი: იატაკზე მოფენილია ნახერხი, სადაც ბაქტერიაა დაყრილი, რაც მათ მოსაქმებულს შთანთქავს. ღორი ძალიან აბინძურებს სადგომს, ამ ტექნოლოგიის წყალობით კი ნარჩენები არ არის, არც სუნი დგას და მოვლაზეც აღარ წვალობ. ასე რომ, ღორები გაფითქინებული მყავს. ძროხამ წველა რომ შეწყვიტა, მითხრეს, უჯიშოაო და გავყიდე.

- წარმომიდგენია, როგორ ხმაურიანად იწყება დილა თქვენს ეზოში...

- კრიახი, კივილი, ღრუტუნი, ყიყინი, ყეფა... კავკასიური ნაგაზიც მყავს - ბუბუ. სულ რაღაცას ვაშენებ. მეზობლები მეუბნებიან, კიდევ რამის მშენებლობა არ დაიწყოო - იციან, რომ გარანტირებული სამუშაო ელოდებათ. 15 თხა ვიყიდე, თვის ბოლოს მოვიყვან. თხებზეც თუ რამე ინფორმაცია არსებობდა ინტერნეტში, ყველაფერს გავეცანი და შევისწავლე, სპეციალისტებთან კონსულტაციებიც გავიარე. ახლა თხებისთვის სადგომი უნდა გავაკეთო. უმაგრესი თხები მომყავს, თითო ხუთ ლიტრს იწველის და მისგან უგემრიელესი ყველი მზადდება. ყველის ამოყვანა ვიცი, პარმეზანის დამზადებასაც ვისწავლი...

- გაგვანდობთ ყველის ამოყვანის თქვენეულ მეთოდს?

- დილას ძროხას რომ მოწველი, 12 საათს მაინც უნდა იდგეს რძე მაცივარში, მერე 28-32 გრადუსამდე უნდა შეთბეს და შიგ მაჭიკი (ღორის კუჭის ნაწილი) ჩააგდო. შედედდება თუ არა, ნახევარი საათის შემდეგ აჭრი, მოურევ, მასა დაბლა ჩაიწევს, შრატი ზემოთ ამოვა, ხელით ნელ-ნელა შეაგუნდავებ და ფორმებში გადმოიღებ. მერე უნდა დაიწრიტოს. კარგად რომ მომწიფდება, სპეციალურ ჭურჭელში მოათავსებ. ასე კეთდება ჩვეულებრივი ქართული ყველი. ბრინზის მომზადებაც ვიცი, ის დიდ ცეცხლზე იხარშება...

- მოკლედ, მოწოდებით მეურნე ყოფილხართ...

- ისე მიყვარს ეს ყველაფერი, რომ ხშირად ვამბობ, ალბათ, წინა ცხოვრებაში მწყემსი ან მეცხვარე ვიყავი-მეთქი. ნეტავ, ბევრი ფული მქონდეს, რომ ფერმები გავაშენო. სხვათა შორის, კერამიკის დამუშავებაც ვიცი. თბილისში სახელოსნო მქონდა, ამოსაყვანი ჩარხიც მაქვს. ვოცნებობ, იქ კერამიკაც გავაკეთო.

თუ სოფელი გაქვს და მიწასთან მუშაობ, მშიერი არ მოკვდები. ეზოში ხეხილიც ხარობს: კაკალი, ბალი, ალუბალი, ალუჩა, ვაშლი, ტყემალი, რა თქმა უნდა, ვენახიც მაქვს. ტალავერზე ხარობს გორული მწვანე, ჩინარი (ჩინურს რომ ვეძახით), ალადასტური, თაკვერი, მუსკატი. ღვინოსაც ვაყენებ. ჰო, კურდღლებიც მყავდა, მაგრამ ისე მრავლდებოდნენ, გამაგიჟეს და სოფელში ბავშვებს ვაჩუქე.

- არადა, სოფლის მოსახლეობისგან ხშირად გაიგონებ, აქ არაფერი გამოდისო...

- თუ ამბობ, რომ არაფერი გამოდის, ეს ნიშნავს, რომ თვითონ არ გინდა საქმის კეთება. როგორ შეიძლება, ცოცხალი იყო და ვერაფერი შეძლო. ღმერთმა რისთვის მოგცა ხელ-ფეხი? თანაც, ცხოვრებაში რაღაც დანიშნულებით ხომ მოდიხარ?!

ჩემს სოფელში უამრავი მიწაა თავისუფალი. ზოგიერთს ვეუბნები, მომყიდე ან მომაქირავე-მეთქი. არც ყიდის და არც აქირავებს, მიწა კი მოუვლელია. ლამის მსოფლიო მაქვს შემოვლილი. უცხოეთში მატარებლით რომ მიმგზავრია, მინდვრებს გასცქერი და გულდაგულ დამუშავებულ მიწას ხედავ; ვან გოგის ფერებს ჰგავს, ულამაზესია. მოდი, ახლა მცხეთიდან ხაშურამდე გაიარეთ - კატასტროფაა: ქვაღორღიანი, მოუვლელი მიწები. თან ვწუწუნებთ, ინდოელები და ჩინელები მოდიან და ჩვენს მიწაზე მუშაობენო. მიწას ხომ ვერ მოიკიდებენ და წაიღებენ?! დაამუშაონ, მოიყვანონ მოსავალი, რა მოხდა? მიწას მაინც მიხედავენ. აბა, ქართველებს შრომა გვეზარება, არადა, მზამზარეული არსად არაფერია...

ლალი ფაცია