"კრავთა დუმილი" - კვირის პალიტრა

"კრავთა დუმილი"

"წლევანდელი დოლი უბედურებად გვექცა - ცხვარმა ბალახი რომ ვერ შეჭამა, რძე გაუშრა, გაძვალტყავებულებს ცურიდან რძის მაგივრად წყალივით სითხე მოსდით. ბატკანს წყალი ხომ არ გაზრდის და შიმშილით იხოცებიან!"

გაზაფხულის დადგომას ყველაზე დიდი სამზადისით მეცხვარეები ხვდებიან - ამ დროს იწყება დოლი, რაზეც მათი (და არა მარტო) მატერიალური მდგომარეობაა დამოკიდებული. წელს შირაქის საძოვრებზე დაწყებული დოლი მეცხვარეებისთვის ფინანსურ კატასტროფად იქცა - ახალმოგებული ბატკანი რამდენიმე საათში ერთმანეთის მიყოლებით წყდება. მიზეზად მწყემსები წლევანდელ უჩვეულოდ ცივ ზამთარს ასახელებენ, რის გამოც საძოვრებზე ბალახი არ ამოდის. ამასთანავე, შირაქის საძოვარზე ბალახის ამოსვლას მარტის ბოლომდე არ ელიან, დახოცილ ბატკანს მწყემსები ურიკებით ეზიდებიან დასამარხავად, ფარეხში მიბრუნებულებს კი კვლავ უამრავი ხვდებათ. პერსპექტივა კი გაცილებით უარესია.

გოგი ბექურაძე, ალვანელი მეცხვარე: - 30 წელიწადია, ცხვარი შირაქის საძოვრებზე დაგვყავს და რაც წელს ხდება, მსგავსი არაფერი გვინახავს. საძოვარზე ბალახი არ არის, რამაც წლევანდელი დოლი უბედურებად გვიქცია - ცხვარმა ბალახი რომ ვერ შეჭამა, რძე გაუშრა და ბატკანმა რაღა მოწოვოს? შიმშილით იხოცებიან! გავნადგურდით მეცხვარეები, ზოგს 400-მდე ბატკანი ეზარალა.

- მსგავსი შემთხვევებისთვის მეცხვარეებს ზამთრის საძოვარზე კომბინირებული საკვები მიაქვთ...

- ჩვენც წამოვიღეთ, როცა ძალიან თოვს, სწორედ ამ დროს ვკვებავთ დაფქული საკვებით (ეს საკვები 4-5 დღეს თუ გეყოფა), მაგრამ ზამთრის საძოვრებზე მალევე თბება, თოვლი დნება და ცხვარი დამდნარ თოვლში გადის, თოვლიდან წინა წლის გამხმარი ბალახი იწვერება და მას კორტნის. წელს ცხვარს არც ეს ნაზამთრალი ბალახი აქვს - ოქტომბერში ისეთი ყინვები დაიწყო, რომ ბალახი მიწიდან არ ამოწვერილა.

შირაქის საძოვრებზე დაახლოებით 150 000 სული იზამთრებს, ამ რაოდენობის ცხვარს ზაფხულიდან შემორჩენილი ბალახი იანვრის შუა რიცხვებამდე მოჰყვა, მერე კი აქაურობა გადახრიოკდა. მთელი თებერვალი დღის 11-12 საათამდე თრთვილი იყო გაყინული, შუადღიდან ოდნავ კი დათბებოდა, მაგრამ ღამით ისევ ყინავდა. ბოლო დღეებში ვითომ დათბა, მაგრამ ბალახი მარტის ბოლომდე არ გამოჩნდება - ჯერ ერთი, მიწაში მცენარის გაღივებას დრო სჭირდება, მეორეც, მარტშიც ცივი ამინდებია მოსალოდნელი.

შავ დღეში ვართ, მეცხვარეები ჩუმად ვტირით დახოცილი ბატკნის დანახვაზე. დილით რომ დაიბადებიან, საღამოს უსულოდ ეცემიან. შირაქში 70%-მდე ბატკანი მაინც გაწყდა.

- ბატკნის ასეთი მასობრივი დახოცვა რაიმე დაავადების ბრალიც ხომ არ არის?

- ცხვარს რეგულარულად ვცრით, ამიტომ დაავადება გამორიცხულია. ეგ სპეციალისტებმაც თქვეს. შიმშილზე მეტი დაავადება რაღა უნდა იყოს?! გაძვალტყავებულებს ცურიდან რძის მაგივრად წყალივით სითხე მოსდით. დამშეულ ბატკანს წყალი ხომ არ გაზრდის?!

ზოგიერთმა სცადა, ბატკნისთვის ძროხის რძე მიეცა, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ბატკანი დაბადებამდეა დაუძლურებული.

150 000 სულიდან რომ 70% ბატკანი დაიხოცება და მეცხვარეს შემოსავალი დაეკარგება, ამ ფულს ხომ ქვეყანაც კარგავს.

- ცხვარიც გაიაფებულა...

- ვფიქრობთ, რომ ეს სპეციალურად მოხდა. აზერბაიჯანმა ჩვენს ცხვარზე უარი თქვა, რადგანაც უნამუსო ბიზნესმენებმა ქართული ცხვრის ნაცვლად სომხური შეაჩეჩეს, თუმცა ქართულ ცხვარს კლიენტი მაინც ჰყავდა - არაბები და ირანელები. მაგრამ ქართველმა უსინდისო გადამყიდველებმა პირი შეკრეს და ცხვრის ფასი 45 დოლარზე გააჩერეს. თანაც უცხოელი მყიდველი მეცხვარეებამდე არ მოუშვეს, ცხვარს თავად ყიდდნენ. ჩვენ ყველას ბანკების ვალი გვაქვს, გადახდის დრო მოგვივიდა, იძულებული ვიყავით, ცხვარი 45 დოლარად გაგვეყიდა. როცა გასაყიდი ცხვარი აღარ დაგვრჩა, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ არაბი და ირანელი ბიზნესმენები და ცხვარში 70-80 დოლარი შემოგვაძლიეს. მაგრამ რა უნდა მიგვეცა! არადა, ამას რომ ვხედავდით, განგაში გვქონდა ატეხილი და სახელმწიფომ ყურადღებაც არ მოგვაქცია. ასე თუ გაგრძელდა, გაისად საქართველოში ცხვარი არ იქნება, - ვალების გასასტუმრებლად დედა ცხვარს გავყიდით და დამთავრდება ყველაფერი.

- გამოსავალს ხედავთ?

- გამოსავალი სუბსიდიებია. მევენახეებს როგორც აძლევს სახელმწიფო, ჩვენც ისევე უნდა მოგვცეს, სხვა გზა არ არის, - გასულ წლებში ქართული ცხვრით მხოლოდ მეცხვარეს არ უხეირია, სახელმწიფოსაც წავაშველეთ ხელი. ფეხზე დავდგებით და გავისტუმრებთ ვალებს. ბოლო წლებში ისედაც გაძლებაზე ვართ და წლეულს სულ დავიღუპებით...

ეთერ ერაძე