"გაავებულ ბატებთან ძაღლი მონაგონია" - კვირის პალიტრა

"გაავებულ ბატებთან ძაღლი მონაგონია"

"ქათმებთან შედარებით, ბატები ორმაგს ჭამენ, დიდი ღორმუცელები არიან. საკვებად, ძირითადად, დაფქულ სიმინდს ვაძლევთ (შესაძლებელია ნებისმიერი დაღერღილი მარცვლეულის მიცემაც), რომელიც ჩვენივე ნაკვეთებში მოგვყავს"

"ფერმაში 300-მდე ბატი და იხვია. როგორც წესი, 4-6 დედალზე ერთი მამალი მოდის, რომ მათი შეწყვილებისა და გამრავლების რიტმი არ დაირღვეს და ამდენმა ფრთამ ჰარმონიულად შეძლოს ოჯახური ცხოვრება, თორემ ერთი თუ აირია, ცუდად წავა საქმე, გაავებულ ბატებთან ძაღლი მონაგონია," - მეუბნება ჯონი ზანგური, ფერმის ახალგაზრდა მეპატრონე, რომელსაც მცხეთიდან 25 კილომეტრში, სოფელ მუხრანში, ქსნის მარცხენა სანაპიროსთან ახლოს აქვს ფერმა. მეურნეობას თედო ჭიჭაძესა და ვაჟა თაბორიძესთან ერთად უძღვება.

- სამივე ოჯახი ერთ ეზოში, ერთ სახლში ვცხოვრობთ. საქმიანობას 12 წლის წინ შევუდექით და დღემდე ერთად მოვდივართ. ჩვენს ბაჯბაჯებსაც ერთობლივად ვუვლით, საქმეში ოჯახის წევრებიც გვეხმარებიან, განსაკუთრებით - დიასახლისები. შემოსულ, დადებულ კვერცხს ერთად ვაგროვებთ ინკუბაციისთვის. მისი პერიოდი, ქათმებისგან განსხვავებით, ერთ კვირაზე მეტხანს - 28 დღე გრძელდება, კვერცხისთვის საჭირო ტემპერატურა 29 გრადუსია, ოღონდ წიწილებთან შედარებით ჭუჭულების გამოსაჩეკად მეტი სინესტეა საჭირო.

ინკუბატორში გამოჩეკილი ჭუჭულებიდან ზოგს ვყიდით, ზოგს თავად ვზრდით - გუნდისთვის ვინახავთ, ჯიში ფრინველს ბარტყობაშივე ეტყობა. ქათმებთან შედარებით ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. ჭირი არ ხვდებათ, არანაირ პრევენციულ ზომებს არ მივმართავთ, სამკურნალო პრეპარატები და დამატებითი ვიტამინები არ სჭირდებათ.

სამაგიეროდ, ქათმებთან შედარებით ორმაგს ჭამენ, დიდი ღორმუცელები არიან. საკვებად, ძირითადად, დაფქულ სიმინდს ვაძლევთ (შესაძლებელია ნებისმიერი დაღერღილი მარცვლეულის მიცემაც), რომელიც ჩვენივე ნაკვეთებში მოგვყავს. რომ არა ეს, მათი შენახვა ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. ბედს არ ვემდურით, მით უფრო, რომ მდინარე ქსანთან 500-ოდე მეტრი გვაშორებს, ფერმასთან კი მდინარიდან გამომავალი სანიაღვრე არხი ჩამოგვიდის; ეს ორი ტბორიც ამ არხის დამსახურებაა.

- მაინც რა გიჯდებათ ამათი შენახვა?

- დღეში 100 ფრთას მინიმუმ 30 კილო დაფქული სიმინდი უნდა, ეს მაშინ, როცა ტბორი "ცარიელია", ანუ როცა ტბორში წყალი მუდმივად არ შეედინება, რათა მდინარემ ორგანული საკვები, წყალმცენარეები შემოიტანოს და ბუნებრივი ნაერთებით გაამდიდროს გუბურები. სამწუხაროდ, ჩვენი არხი მუდმივი არ არის, არხის სიგანე მცირეა, ზამთრობით იყინება, მოკლედ, ირიგაციაა გასამართი, რომელსაც ჩვენივე ძალებით ვაწესრიგებთ. გაზაფხულით საქმე იოლდება, ადიდებული მდინარე საჩუქარს" გვჩუქნის და ჩვენი ტბორებიც ახალი სიცოცხლით ივსება. უნდა განახათ, როგორი მონდომებით დასდევენ პატარა იხვის ჭუჭულები დასაჭერად ლიფსიტებს. ისინი წყალს მოჰყვებიან აქამდე. ის კი არა, ხანდახან ბავშვებიც გადააგდებენ ხოლმე ანკესს - თავს იქცევენ.

- ბევრი ფრთა გყოლიათ. გაყიდვას როგორ ახერხებთ?

- ცოცხალს ვყიდით. ჩვენგან წაუყვანიათ და მაღაზიის დიდი ქსელებიც კი მოუმარაგებიათ. ზრდასრული ბატი 2-2,5 კგ-ს იწონის და კილოგრამის ფასი 8-10 ლარამდე მერყეობს. ერთი ბატი, საშუალოდ, 20 ლარს იჭერს. ადგილობრივ, სოფლის ბაზარშიც ვყიდით. თუ ბევრი დაგროვდა, ქალაქებშიც გაგვყავს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. ძირითადად, მომხმარებელი თვითონ გვაკითხავს, ზოგს შინ გასამრავლებლად მიჰყავს, ზოგს - რესტორნებისთვის, ზოგსაც სანადირო მეურნეობები აქვს და ველურ გარემოში გასაშვებად ყიდულობს. ბავშვების გასართობადაც მიჰყავთ. გვქონია შემთხვევა, რომ ჩვენი "ულამაზესი" ბატები დასახატავადაც წაუყვანიათ.

- რას ურჩევ მათ, ვისაც სურვილი აქვს, ბატები და იხვები მოაშენოს?

- ვისაც საკუთარი მინდორი აქვს და მდინარეც გვერდით ჩამოუდის, თუნდაც პატარა ნაკადული, ვურჩევ, ამ საქმეს მოჰკიდოს ხელი. ტბორი თუ მინდორში გაკეთდება, თითქმის აღარ უნდა მარცვლეული საკვები, ან ძალიან ცოტა დაგჭირდებათ. იხვები მინდვრის ბალახებითა და წყალმცენარეებითაც მშვენივრად გამოიკვებავენ თავს. როცა არხი დიდი და მდიდარია, წყლის სანაპირომ საკვები ბალახი განუწყვეტლივ უნდა აღმოაცენოს. სანამ ბატები ბოლოში გავლენ, თავში ახალი საკვები ბალახი უნდა ამოდიოდეს.

მთავარი კი, რაც მომავალმა მებატემ უნდა იცოდეს ის არის, რომ ახალგამოჩეკილი ჭუჭული სამ კვირამდე არ ჩაუშვას წყალში, რათა დაასრულოს ადაპტაცია, გარემო პირობების მიმართ უფრო ამტანი და გამძლე გახდეს, შედარებით ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი არ გაუცივდეს ან რამე დაავადებას არ გამოჰკრას ხელი. სამი კვირის ან ერთი თვის მერე ის მზად იქნება და შეგიძლიათ, თამამად გაუშვათ წყალში საჭყუმპალაოდ.

კახა მჭედლიშვილი