ჩვენებურმა პატარძალმა გერმანელ მოსწავლეებს ხინკლის ამოხვევა ასწავლა
27-02-2017
ჩვენებურმა პატარძალმა გერმანელ მოსწავლეებს ხინკლის ამოხვევა ასწავლა
დიდი მეურნეობა ჩვენ არ გვაქვს, მომცრო აგარაკს თუ არ ჩავთვლით, სადაც ადესა გავაშენეთ, თითქმის ყველა სახეობის ხილთან ერთად. სამწუხაროდ, ლეღვი და ბროწეული ვერ ვახარე. სულ 300 კვმ მიწის ნაკვეთია, ნარგავებით ცოტა გადატვირთული, მაგრამ იქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემს სოფელში ვიყო

თამარ გუნდიშვილი სოციალურ სივრცეში გავიცანი. გერმანელების რძალს ლაიფციგში, ქალაქური სახლის მეოთხე სართულზე, პატარა სამოთხე აქვს, სადაც, ულამაზეს ორანჟერეაში, ხან ახალამოვლებულ ჩურჩხელებს გამოფენს, ხან დედას პურის სურნელს დააყენებს. ახლა ყველის
ამოყვანაც დაიწყო და იმერულის გარდა, სულგუნსა და ტენილ ყველსაც ისეთი ოსტატობით ამზადებს, ბევრს არ სჯერა, ამ საქმეს ხელი ახლახან რომ მოჰკიდა.

- ჩვენი გვარი წარმოშობით სამაჩაბლოდან არის, მაღალმთიან სოფელ ძარწემიდან. ბებია, ვისი სახელიც მქვია, მეფარიშვილის ქალი იყო, 19 წლისა დაქვრივდა და ერთი წლის მამაჩემი მარტომ
გაზარდა. ქუთაისში ცხოვრობდნენ. დედაც და მამაც ბალახვნელები მყავს. მეც ქუთაისში დავიბადე. დედა მათემატიკოსი იყო, მასწავლებელი. მამა აგრონომ-დეკორატორი. რომ დაქორწინდნენ, ჯერ გაგრაში მუშაობდნენ, მერე მამა წყალტუბოს გამწვანების ტრესტის უფროსად დანიშნეს და ჩვენც წყალტუბოში გადავედით. ბედის ირონიით, დღეს ძარწემიცა და გაგრაც მოგონებად დამრჩა. ჩვენი სოფლისგან მიწასთან გასწორებული ნასახლარებიღაა. სოფლის სასაფლაო დღეს პოლიგონად აქციეს სეპარატისტებმა, ბებია-ბაბუის საფლავებს, ალბათ, ვეღარასოდეს ვიპოვი. სანუკვარი ოცნება მაქვს, ოდესმე ჩემს შვილებს მშობლიური მხარე ვაჩვენო, ცხინვალის, მაშინდელი სტალინირის ბოტანიკური ბაღი, მამას სადიპლომო ნაშრომი იყო. ყველა ხე და ბუჩქი ნაცნობია...

- რა პროფესია გაქვთ?

- არქეოლოგი ვარ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი და პარალელურად კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი. ჩემი მეუღლე ანდრეას ეგოლდიც იქ გავიცანი. 1991 წელს პირველი ერთობლივი ქართულ-გერმანული ექსპედიცია მოეწყო ფევრების სამაროვანზე. ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინფრიდ ორტმანმა ოთხი სტუდენტი ჩამოიყვანა. ერთ-ერთი ანდრეასი იყო, ბიჭი, რომელსაც თავისუფალ დროს "ვეფხისტყაოსანი" ეჭირა ხელში და გულმოდგინედ სწავლობდა ქართულ ენას. საქართველო დღემდე მისი უსაყვარლესი ქვეყანაა და კახელი ვარო, ამბობს. 1992 წელს მართლმადიდებლად მოინათლა, იმავე წლის გიორგობას კი ჯვარი დავიწერეთ ქაშუეთის ტაძარში. გვყავს ქალ-ვაჟი, 23 წლის ანუკა, ქიმიკოსი და 21 წლის ლუკა, ამერიკანისტიკის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი. უკვე 25 წლის ცოლ-ქმარი ვართ და შინ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ.

- თქვენი ოჯახის "წევრი" სხვადასხვა დროს უამრავი ცხოველი იყო.

- შვილებივით გვყავდნენ ნაგაზი ჯინა, ყვავის ბახალა რუდი, გოჭუნია ნუფნუფი, ბაჭიები - დათიკო და კროშკა. ახლა თუთიყუშები: ადამი, ევა, კომბლე და ჯეჯე გვყავს. ჯინა, 9 თვის ლეკვი, ლოთ, ასოციალურ პატრონს ჩამოართვეს. იმ დროს პატარა ანუკა და ლუკა ლეკვს სთხოვდნენ თოვლის ბაბუას... რუდი წყალდიდობის დროს ბუდიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და ასე აღმოჩნდა ჩვენთან. ნუფნუფი­ მე-16, უდღეური დაიბადა 15 და-ძმას შორის და მეღორე ბავარიელი გლეხი დაძინებას უპირებდა. ჩვენ იმ დროს ბავშვები­ გვყავდა დასასვენებლად მის სოფელში. ჰოდა, ვიშვილეთ. ნუფნუფი კარგად რომ მოიზარდა, ჩვენი ქალაქის შინაურ ცხოველთა პატარა ზოოპარკს გადავულოცეთ. ბაჭიები გათხრების დროს ვიპოვე. დედამ მიატოვა საწყლები. რომ არ წამომეყვანა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. როცა ისე მოიზარდნენ, რომ დამოუკიდებლად შეეძლოთ ცხოვრება, ბუნებას დავუბრუნეთ. თუთიყუშები­ მას შემდეგ შევიძინე, რაც ანუკა და ლუკა ცალკე ცხოვრობენ და ოჯახი ისევ აივსო ჟღურტულით.

- გერმანიაში შექმნილ ქართულ სამოთხეზე გვიამბე.

- მზარეულობა ყოველთვის მიყვარდა. კინაღამ მეორე პროფესიად გავიხადე. ერთხანს სკოლაშიც ვმუშაობდი და მზარეულობას ვასწავლიდი 12-14 წლის ბავშვებს. ჰოდა, ის ჩემი პაწაწუნა გერმანელები ისეთ ხაჭაპურსა და ხინკალს აკეთებდნენ, ბევრ ქართველ დიასახლისს შეშურდებოდა.
დიდი მეურნეობა ჩვენ არ გვაქვს, მომცრო აგარაკს თუ არ ჩავთვლით, სადაც ადესა გავაშენეთ, თითქმის ყველა სახეობის ხილთან ერთად. სამწუხაროდ, ლეღვი და ბროწეული ვერ ვახარე. სულ 300 კვმ მიწის ნაკვეთია, ნარგავებით ცოტა გადატვირთული, მაგრამ იქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემს სოფელში ვიყო.

აქაურ ქართველ თუ გერმანელ მეგობრებს უყვართ შემოდგომის ქართულ რიტუალებში მონაწილეობა, ფელამუშის მოდუღებითა და ჩურჩხელების ამოვლებით. ტყემალსაც ვადუღებ ჩემივე ეზოში დაკრეფილი ქინძითა და ომბალოთი.
წლეულს არქეოლოგიურ გათხრებში აღარ ვმონაწილეობ, ბიუროში კვირაში სამ დღეს უკვე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას ვამუშავებ. დრო გამომიჩნდა და ქართველი ფეისბუკელი მეგობრების დახმარებით ქართული ყველის ტექნოლოგიებიც ავითვისე, ციური მელიქიძემ იმდენი მაჭიკი გამომიგზავნა ქართული დვრიტის დასაყენებლად, უკვე მეგობრებსაც ვამარაგებ იმერული ჭყინტი ყველით, მეგრული სულგუნითა და ჯავახური ტენილითაც კი. ცოტა ხნის წინ ჩვენებურ დედას პურსაც შევეჭიდე და გავარვარებულ კეცებზე დავაცხვე ჩვეულებრივ ელექტროქურაში. აბა, ქართული ყველი ლავაშის გარეშე როგორ შეიძლება?

- ყველისთვის რძეს სად შოულობ?

- ჩვენი ქალაქიდან 25 კილომეტრში ძროხების ფერმაა, სადაც გასაოცარი წესრიგია და კოხტად მოვლილ-გაწკრიალებულ პატარა ბოჩოლებს ვეფერები. როცა ცივა, ბოჩოლებსაც სპეციალურ ქურთუკებს­ აცმევენ და ისე გამოჰყავთ მზეზე.

ყველის ამოყვანა "გუნდიშვილის წესით"


ნამდვილი ყველი ქართული მაჭიკით მზადდება. მაჭიკისთვის საუკეთესო მასალად ახალშობილი ხბოს კუჭის შიდა ფენა ითვლება. მე ღორისა გამომიგზავნეს. მაჭიკი საჭმლის მომნელებელ მჟავე სეკრეტს გამოსცემს და იმავდროულად, ბუნებრივ ჟელატინს შეიცავს, რაც რძეს კიდეც აჭრის და კიდეც შეკრავს. სასარგებლო რძისმჟავა ბაქტერიებსაც შეიცავს და ამ მხრივ უნიკალურ ბიო ანუ ეკოლოგიურ პროდუქტს ვიღებთ მისგან მომზადებული ყველის სახით. ბევრმა არ იცის, რა არის დვრიტა - ეს გახლავთ მაჭიკზე დაყენებული შრატისა და ძმრის ნარევი, რაც რძეში ისხმება (შრატი რჩება ყველის ამოყვანის ან ნადუღის მოხდის შემდეგ). რძისგან ჯერ ჭყინტი ყველი კეთდება, დაახლოებით ერთი ღამის უმარილო ჭყინტი ყველისგან კი მზადდება სულგუნი. ჭყინტი ყველი თხლად უნდა დაიჭრას და ადუღებულ წყალში ინტენსიური არევისა და ზელის შედეგად მიიღება სულგუნი. ყველის, ასე ვთქვათ, ფაფისგან თეთრი, პრიალა სულგუნის დაბადება მართლაც შთამბეჭდავია და სასიამოვნო. ტენილი პირდაპირ რძეში მოზელილი სულგუნია, შრომატევადი სამუშაოა და მარტოს გამიჭირდა მისი კეთება. ვინმე აუცილებლად უნდა გეხმარებოდეს, რომ სწრაფად გადაზელვისა და წელვისას ცხელი შრატი დაგისხას. მზადებისას კი ორ საათს ხელს ვერ შეასვენებ. ჯავახეთში ერთი ცნობილი მეყველე ქალბატონის ვიდეოჩანაწერს ვუყურე და იმის მიხედვით მოვამზადე ტენილი. ყველს გრძლად რომ დაახვევ, მერე უკვე იოლია გაცივებულის აწეწვა, ნაღების ფენა-ფენა წასმა და თიხის ჭურჭელში ჩატენა. მერე რამდენიმე დღით ქოთანი უნდა ამოატრიალო, დარჩენილი სითხე კარგად რომ დაიწრიტოს. უგემრიელესია. აღმოვაჩინე, რომ შემწვარ ტენილზე უფრო გემრიელი შემწვარი ყველი მსოფლიოში არ არსებობს.

ეკა ლომიძე
მანანა
14 ივნისი 2017 12:41
მიყვარს ასეთი ხალხი
რუსა
06 მარტი 2017 09:32
გენაცვალე გოგო
04 მარტი 2017 10:52
უფალმა დაგლოცოთ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა