მარგარიტას "ქართული ბოსტანი" ჰოლივუდის ცენტრში - კვირის პალიტრა

მარგარიტას "ქართული ბოსტანი" ჰოლივუდის ცენტრში

მარგარიტა ბარამიძე: "ჩემს ბოსტანში დილით ადრე მივდივარ და მთელი დღე ვფუსფუსებ. მომყავს ქართული კიტრი, პამიდორი, თქვენ წარმოიდგინეთ, ადესაც გავაშენე, აქ "იზაბელას"ეძახიან"

ახლო მომავალში ლოს-ანჯელესში, კონკრეტულად კი ჰოლივუდში თუ გეგმავთ ვიზიტს, მაშინ აუცილებლად მოინახულეთ 92 წლის ქართველი ქალბატონი - მარგარიტა ბარამიძე, რომელიც ვარსკვლავების ბულვარის აყოლებაზე თავის ბოსტანს უვლის. რა თქმა უნდა, დაინტერესდებით, როგორ მოხვდა ქალბატონი მარგარიტა ლოს-ანჯელესში, პირდაპირ ჰოლივუდში, ცენტრში, სადაც ანჯელინა ჯოლი, ემა სტოუნი, ლეონარდო დიკაპრიო და კიდევ მრავალი ვარსკვლავი სეირნობს. მარგარიტა ბარამიძემ თავად მიამბო თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ.

- 2003 წელს შვილებთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად წავედით. მანამდე 50 წელი ვიმუშავე ბიოლოგიის მასწავლებლად ბათუმში, მე-14 საშუალო სკოლაში. არ გამჭირვებია ამერიკასთან შეგუება, აქ ბევრი ქართველია და ყველანი ერთად ვართ.

- როგორ გააშენეთ ჰოლივუდის ცენტრში ბოსტანი?

- ეს ტერიტორია მდიდარმა ესპანელმა გადასცა ქალაქს. ხელს ვერავინ ახლებს, რადგან ანდერძით არის დატოვებული.

რამდენიმე ჰექტარი ნაკვეთია, რომელიც განკუთვნილია ემიგრანტებისთვის, იმ ხალხისთვის, ვისაც სამშობლო ენატრება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. თითოეულს ჩაბარებული გვაქვს მიწის გარკვეული ფართობი. დაახლოებით 300 კაცია ამ გაერთიანებაში და იცავს პირობას, რომ მიხედავს ტერიტორიას და ააყვავებს. ჩემს ბოსტანში დილით ადრე მივდივარ და მთელ დღეს ვფუსფუსებ.

- რა მოგყავთ ბოსტანში?

- ქართული კიტრი, პამიდორი, ადესაც გავაშენე, აქ "იზაბელას" ეძახიან.

რაც ამერიკაში დავსახლდი, საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი. მაშინ წამოვიღე თესლები და დავარიგე. ყვითელი ლობიო აქ არ მოჰყავდათ, გავასინჯე და დავურიგე კიდეც, ახლა ძალიან უყვართ.

- კალიფორნიის ჰავაზე როგორ ხარობს თქვენი მოსავალი?

- აქ ზამთარი არ იცის და მოსავალიც კარგი მაქვს. ისეთი გემო არა აქვს, როგორიც საქართველოში, მაგრამ კარგად ხარობს. ცოტა ხრეშიანი ნიადაგია, ქვიშიანი, მაგრამ გამხმარი ტოტიც რომ ჩადო, ისიც იყვავილებს.

- დამხმარე თუ გყავთ?

- ჩემი შვილიშვილი სანამ პატარა იყო, მეხმარებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ.

- ამერიკელებს თუ გაასინჯეთ თქვენი ბოსტნეული?

- რა თქმა უნდა. ამ გაერთიანების პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტებიც მოიყვანა ჩემს გასაცნობად. აქაურებს ძალიან მოსწონთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, საერთოდ, ქართული კერძები. ხშირად რჩევასაც მეკითხებიან.

ნინო წიფურია