მარგარიტას "ქართული ბოსტანი" ჰოლივუდის ცენტრში
06-03-2017
მარგარიტას "ქართული ბოსტანი" ჰოლივუდის ცენტრში
მარგარიტა ბარამიძე: "ჩემს ბოსტანში დილით ადრე მივდივარ და მთელი დღე ვფუსფუსებ. მომყავს ქართული კიტრი, პამიდორი, თქვენ წარმოიდგინეთ, ადესაც გავაშენე, აქ "იზაბელას"ეძახიან"

ახლო მომავალში ლოს-ანჯელესში, კონკრეტულად კი ჰოლივუდში თუ გეგმავთ ვიზიტს, მაშინ აუცილებლად მოინახულეთ 92 წლის ქართველი ქალბატონი - მარგარიტა ბარამიძე, რომელიც ვარსკვლავების ბულვარის აყოლებაზე თავის ბოსტანს უვლის. რა თქმა უნდა, დაინტერესდებით, როგორ მოხვდა ქალბატონი მარგარიტა ლოს-ანჯელესში, პირდაპირ ჰოლივუდში, ცენტრში, სადაც ანჯელინა ჯოლი, ემა სტოუნი, ლეონარდო დიკაპრიო და კიდევ მრავალი ვარსკვლავი
სეირნობს. მარგარიტა ბარამიძემ თავად მიამბო თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ.

- 2003 წელს შვილებთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად წავედით. მანამდე 50 წელი ვიმუშავე ბიოლოგიის მასწავლებლად ბათუმში, მე-14 საშუალო სკოლაში. არ გამჭირვებია ამერიკასთან შეგუება, აქ ბევრი ქართველია და ყველანი ერთად ვართ.

- როგორ გააშენეთ ჰოლივუდის ცენტრში ბოსტანი?

-
ეს ტერიტორია მდიდარმა ესპანელმა გადასცა ქალაქს. ხელს ვერავინ ახლებს, რადგან ანდერძით არის დატოვებული.
რამდენიმე ჰექტარი ნაკვეთია, რომელიც განკუთვნილია ემიგრანტებისთვის, იმ ხალხისთვის, ვისაც­ სამშობლო ენატრება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. თითოეულს ჩაბარებული გვაქვს მიწის გარკვეული ფართობი. დაახლოებით 300 კაცია ამ გაერთიანებაში და იცავს პირობას, რომ მიხედავს ტერიტორიას და ააყვავებს. ჩემს ბოსტანში დილით ადრე მივდივარ და მთელ დღეს ვფუსფუსებ.

- რა მოგყავთ ბოსტანში?

- ქართული კიტრი, პამიდორი, ადესაც გავაშენე, აქ "იზაბელას" ეძახიან.
რაც ამერიკაში დავსახლდი, საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი. მაშინ წამოვიღე თესლები და დავარიგე. ყვითელი ლობიო აქ არ მოჰყავდათ, გავასინჯე და დავურიგე კიდეც, ახლა ძალიან უყვართ.

- კალიფორნიის ჰავაზე როგორ ხარობს თქვენი მოსავალი?

- აქ ზამთარი არ იცის და მოსავალიც­ კარგი მაქვს. ისეთი გემო არა აქვს, როგორიც საქართველოში, მაგრამ კარგად ხარობს. ცოტა ხრეშიანი ნიადაგია, ქვიშიანი, მაგრამ გამხმარი ტოტიც რომ ჩადო, ისიც იყვავილებს.

- დამხმარე თუ გყავთ?

- ჩემი შვილიშვილი სანამ პატარა იყო, მეხმარებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ.

- ამერიკელებს თუ გაასინჯეთ თქვენი ბოსტნეული?

- რა თქმა უნდა. ამ გაერთიანების პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტებიც მოიყვანა ჩემს გასაცნობად. აქაურებს ძალიან მოსწონთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, საერთოდ, ქართული კერძები. ხშირად რჩევასაც მეკითხებიან.

ნინო წიფურია
ნინო წიფურია
18 აპრილი 2017 21:47
ქალბატონი მარგარიტა კალიფორნიაში ქართულ კერძებს აცნობს ამერიკელებს და არამარტო მათ.საქართველოდან წაღებულ კიტრის, ლობიოს და სხვადასხვა თესლებს ახარებს. შრომობს დილიდან საღამომდე, სწორედ ამიტომაც გამოიყურება არაჩვეულებრივად ❤️ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ
Mika
17 მარტი 2017 21:04
karg qveyanashi rom cxovrobs imitomac gamoiyureba kargad.... monatreba ertia , magram icxovrebs 180 lariani pensiit tavis qveyanashi, marto bostneulis gaxarebit irchens ki tavs saqartveloshi? Dgegrdzeloba mogcet qalbatono , Hollywoodshi msmenia tqveni bagis shesaxeb, ai qartvelebis ertad yopnaze ki ra mogaxsenot....gaixaret.
კლ
16 მარტი 2017 20:37
მე ჩემი საქართველო მიყვარს,ვერსად დავრჩები.ბებოს კი დიდ ხანს სიცოცხლე!

რედაქტორის რჩევით