უშაფათი თხილის წარმოებაში "ჩემპიონია"
06-03-2017
უშაფათი თხილის წარმოებაში "ჩემპიონია"
თხილს სპეციალური მანქანა-დანადგარი ამტვრევს. დატეხილი პროდუქტი სარჩევ მაგიდაზე ინაცვლებს, სადაც ახარისხებენ. დამპალი, დამჭკნარი, მეორადი უნდა გამოიხშიროს. ეს სამუშაო ხელით სრულდება...

"ჩვენს კოოპერატივში ეტლს მიჯაჭვული ქალბატონები დასაქმდნენ. თხილი რომ დაიმტვრევა, მათთან მიდის, ერთი მუშაობს დანადგარზე, რომელზეც ხდება 200-გრამიან პლასტმასის კონტეინერებში დაპაკეტება, მეორე - ვაკუუმით შესაფუთი აპარატით თხილის გულს ფუთავს"


რამდენიმე წელიწადია, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მალხაზ ხუნწარია­ თხილს აწარმოებს. მის კოოპერატივში 50 კაცია გაწევრებული. თხილს ჯერ სოფლის ფაბრიკაში ამუშავებენ, შემდეგ
ექსპორტიორებს აბარებენ, მერე ის ევროპაში ხვდება. კოოპერატივში შშმ პირებიც არიან დასაქმებული.

- 2007 წელს, როცა ქვეყანაში სოფლის მეურნეობას ძალიან გაუჭირდა, თხილის ბაღები გვქონდა და საწარმოს შექმნა 4-მა კაცმა დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, გვეწარმოებინა პროდუქცია, მცირე ზომის საწარმო შეგვექმნა, რომელიც სეზონზე 50 ტ ნედლეულს გადაამუშავებდა. მერე
ევროპულ ბაზარზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაჩნდა და წარმოება 100 ტონამდე გავზარდეთ. 2011 წელს Eკი უკვე 200 ტონის გადამუშავება შეგვეძლო...

2014 წელს, როცა სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების გზად კოოპერაცია აირჩია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ, დავარეგისტრირეთ და პირველი სტატუსმინიჭებული კოოპერატივი ვიყავით სამეგრელოს ოთხ რეგიონში (სენაკი, აბაშა, მარტვილი, ხობი).

- როგორც გავიგე, ევროკავშირის საგრანტო პროგრამაშიც ჩართულხართ.

- "ენპარდის" პროექტის ფარგლებში­ საგრანტო კონკურსი გამოცხადდა და მონაწილეობა მივიღეთ. ბიზნესგეგმა მოგვიწონეს, ჩვენი გამოცდილებაც გაითვალისწინეს და 40.000 ევროთი დაგვაფინანსეს. ამ თანხით მანქანა-დანადგარები გადმოგვეცა, რითიც საწარმო სრულად გადაიარაღდა. შესაძლებელი გახდა, წლიურად 1000-1100 ტონა ნედლეული გვეწარმოებინა. კოოპერატივში წევრებიც შემოგვემატნენ, 28 კაცი გავხდით. 2015 წელს კი ჩეხეთის პროექტი გამოცხადდა, რომელიც შშმ ქალბატონებზე იყო გათვლილი. თუმცა ჩვენთან მანამდეც მუშაობდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი და ერთი სმენადაქვეითებული ბიჭი. მოკლედ, მივიღეთ მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში 10.000 დოლარის დანადგარები გადმოგვეცა. მასზე ეტლს მიჯაჭვული ქალბატონები დასაქმდნენ. სამწუხაროა, რომ შარშან ერთი გარდაიცვალა... დამტვრეული თხილი მათთან მიდის, ერთი დანადგარზე 200-გრამიან პლასტმასის კონტეინერებში აპაკეტებს, მეორე - ვაკუუმით შესაფუთი აპარატით თხილის გულს ფუთავს...

- წელიწადში რამდენ ტონა მზა პროდუქციას აწარმოებთ?

- 500 ტონას, რისთვისაც დაახლოებით 1200 ტონა თხილი უნდა დავტეხოთ. თხილს სპეციალური მანქანა-დანადგარი ამტვრევს. დატეხილი პროდუქტი სარჩევ მაგიდაზე ინაცვლებს, სადაც მისი დახარისხება ხდება. დამპალი, დამჭკნარი, მეორადი უნდა გამოიხშიროს. ეს სამუშაო ხელით სრულდება და ამას ქალბატონები აკეთებენ.

- მხოლოდ თქვენს მოწეულ თხილს ამუშავებთ?

- კოოპერატივის წევრების ბაღებ­იდან 65 ტონის წარმოება შეგვიძლია, რაც 36 ჰექტარზეა გაშენებული, დანარჩენს ვყიდულობთ. საწარმო დიდია და პოტენციალი აქვს, მეტიც გადაამუშაოს. ყოფილი სკოლის შენობაშია განთავსებული. უშაფათში 2 სკოლა იყო, მიგრაციის გამო ორი კი არა, ერთიც ვეღარ მუშაობს. სადაც ჩვენ ვსაქმიანობთ,­ ეს შენობა ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო დარჩენილი. რომ არ გვეპატრონა, აგურ-აგურ დაშლიდნენ. შევინახეთ და იქ საწარმო გავხსენით. პრობლემა ის არის, რომ ის სახელმწიფოს საკუთრებაშია. ვცდილობთ, იჯარით ავიღოთ, ან შევისყიდოთ. შევხვდი ბატონ გიორგი კვირიკაშვილს - მაშინ ეკონომიკის მინისტრი იყო, გულთან მიიტანა ჩვენი თხოვნა - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩამოვიდა, მაგრამ სოფელ უშაფათში, სადაც არც წყალია, არც გაზი და არც გზა, შენობა 200.000 ლარად შეგვიფასა. ამ თანხის გადახდა ჩვენთვის შეუძლებელია. იჯარაში თვიური გადასახადი 1.500 ლარი გვითხრეს, რაც ასევე არარეალურია, რადგანაც სენაკის ცენტრში საკმარის ფართობს O500 ლარად ვიქირავებდით. მოკლედ, გაურკვევლობაში ვართ.
ბატონ გიორგი გახარიას, ახლანდელ ეკონომიკის მინისტრს რომ შევხვდი, მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო, საკითხით დაინტერესდა, მაგრამ ვერაფერი მოგვარდა. ახლა ვცდილობ, პირდაპირი მიყიდვის წესით შევიძინოთ.

ეკონომიკის სამინისტროს ვთავაზობთ, რომ 30.000 ლარს გადავიხდით, 2 წლის განმავლობაში - 120.000 ლარის ინვესტიციას და 50 კაცს მუდმივად დავასაქმებთ. პასუხს ველოდებით. დრო კი გადის...

- თხილი დიდ ყურადღებას მოითხოვს?

- ყურადღებას ყველა მცენარე მოითხოვს, ცხადია, თხილიც, მაგრამ მაინცდამაინც პრობლემური კულტურა არ არის, მით უმეტეს, დასავლეთში, რადგანაც აქ ადაპტირებულია კლიმატთან. შარშან ზაფხულს ძალიან შეგვაწუხა მავნებელმა და საბოლოოდ ეპიდემიური სახე მიიღო. ჩვენ კი ვწამლობთ ბაღს, თანხას ვხარჯავთ ამისთვის, მაგრამ შეიძლება, გვერდით მეზობელმა არ შეწამლოს. არადა, ეს ღონისძიება მასობრივად უნდა ჩატარდეს, რომ ეპიდემიაში არ გადაიზარდოს. მოკლედ, ყველაფერს ყურადღება, მოვლა უნდა და, რაც მთავარია, ამ საქმის კეთება უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს.


ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით