ანის საოცარი გვიმრების სამფლობელო - კვირის პალიტრა

ანის საოცარი გვიმრების სამფლობელო

ანი ციციშვილი: "როცა ბონსაი ვიყიდე, სულ პატარა იყო, მერე მე გავზარდე"

19 წლის ანი ციციშვილს, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტზე სწავლობს, სხვა გატაცებებთან ერთად, ფლორა და ფაუნა გამორჩეულად იზიდავს. აქვს საკუთარი ორანჟერეა, სადაც 400-მდე მცენარეს უვლის. ამას გარდა, ქმნის მინიბაღებს - ქოთნებში, აკვარიუმებში, სხვადასხვა შესაფერის სიბრტყეზე და ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

მცენარეები ბავშვობიდან მოსწონდა, თუმცა მაშინ ქოთნის ყვავილებს დედა უვლიდა. ერთხელ, მის დაბადების დღეს, კალა პირველად აყვავდა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 7-8 წლის შემდეგ მცენარეებმა მიიზიდა. თავიდან მარადმწვანეები ხიბლავდა, მოგვიანებით მოყვავილეებზეც გადაერთო და როგორც კოლექციონერმა, გვიმრების შეგროვებაც დაიწყო. დღეს უკვე საკუთარ ორანჟერეაში 27 სახეობის გვიმრას უვლის.

- აქ ჩვენს ოჯახს ადრე პამიდვრის ჩითილები გამოჰყავდა, თუმცა შარშანდლამდე აქაურობა მოუწესრიგებელი იყო, შენობას მინები ჩამტვრეული ჰქონდა და სურვილი გამიჩნდა, სწორედ აქ მომეწყო ორანჟერეა. თან მცენარეებიც აღარ ეტეოდა სახლში... ორანჟერეის დიზაინი ჩემია, ჩანჩქერი კლდის ნატეხებით მამაჩემმა ამიწყო. ჩანჩქერის ძირში თევზები ცხოვრობენ. ზამთარია, წყალი დგას და ამიტომ არ ჩანს, ქვემოთ კოის სახეობის კობრი ბინადრობს.

- რა ტემპერატურაა ორანჟერეაში?

- დღისით 25-30 გრადუსი, ღამით - 15. ტემპერატურის სხვაობა კარგად მოქმედებს, მაგალითად, ორქიდეებზე, ეს სხვაობა მათთვის აუცილებელიც კი არის. ტენიანობა იშვიათად ჩამოდის 40%-ზე დაბლა. ძირითადად, 70%-ს აღემატება (ასე სჭირდება ტროპიკულ მცენარეებს). მოკლედ, მცენარეებს შესაბამის პირობებს ვუქმნი, რომ მშვიდად და კარგად იგრძნონ თავი.

- თურმე მინიბაღებსაც აკეთებ. საიდან მოვიდა ეს იდეა?

- ჩავერთე ფოტოკონკურსში "საქართველო ჩემი ბაღია". ერთ-ერთი ნომინაცია "ჩემი მინიბაღი" იყო და ამისთვის კომპოზიცია შევქმენი, რამაც მოწონება დაიმსახურა. ახლა რასაც ვაკეთებ, უფრო თემატური ბაღებია. ვმუშაობ მაშინ, როცა ხასიათზე ვარ, მაქვს დრო და მასალა.

- ეს ყველაფერი შენთვის რა არის?

- ორანჟერეა და მინიბაღებიც ჩემთვის ანტიდეპრესანტია, ძირითადად, ტროპიკული მცენარეებია, რაც მთავარია, თითოეულს ნიადაგი სწორად აქვს შერჩეული.

- მოდი, ახლა ვცადოთ მინიბაღის შექმნა.

- მინიბაღის შექმნისას აუცილებელი პირობაა მცენარეების სწორად შერჩევა. ვერ დავრგავთ კაქტუსს რომელიმე ტროპიკულ მცენარესთან, რადგანაც კაქტუსს მზიანი ადგილი მოსწონს და ცოტა წყალი, ტროპიკულებს კი ნაკლებად მზიანი ადგილი და ბევრი მორწყვა უყვარს. შესაბამისად, ამ ორი მცენარის თანაცხოვრება არ გამოვა. მოკლედ, ჯერ ვარჩევთ მცენარეებს, რომლებიც ერთად კარგად ხარობს. ქოთანი კარგად უნდა იყოს ძირში გახვრეტილი, რათა წყალი გაატაროს.

- მინიბაღის ბონსაი შენი გაზრდილია?

- როცა ვიყიდე, სულ პატარა იყო, მაგრამ მერე უკვე მე გავზარდე. თუმცა მის ნაცვლად შეიძლება გვიმრის გამოყენებაც. საერთოდ, რას გამოიყენებ, ეს შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

- როგორ უნდა მოვუაროთ ამ კომპოზიციას, მინიბაღი რომ არ გაგვიფუჭდეს?

- კარგი იქნება, თუ შევაგროვებთ წვიმის წყალს და მოსარწყავად მას გამოვიყენებთ; ასევე სასარგებლო იქნება გაყინული წყლის დადნობა და იმით მორწყვა. ხავსისთვის კი მოსარწყავად იდეალურია გამოხდილი წყალი. ზოგადად, მოვლა მცენარეებზეა დამოკიდებული. ჩვენს შერჩეულ ყვავილებს ერთგვარი მოვლა სჭირდება და წყალიც თანაბრად.

- შენი გამოცდილებიდან რას ურჩევდი ადამიანებს?

- მთავარია, თავიდანვე დავაზუსტოთ მცენარის სახელი და კატეგორია და ნიადაგი შევურჩიოთ. ჩემი დაკვირვებით, მცენარეს ყველაზე მეტ პრობლემას არაჯანსაღი და არასწორად შერჩეული ნიადაგი უქმნის. ანადგურებს არასწორი მორწყვაც. წყალი მაშინ უნდა მივაწოდოთ, როცა მიწა გამოშრება. დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურასაც. თუ ის 30-35 გრადუსია, მიწა მალე შრება. სადაც ტემპერატურა დაბალია, მორწყვა კვირაში სამჯერ არ შეიძლება. ეს მცენარეს დაღუპავს, დაალპობს. ეს რეჟიმები სწორად უნდა შეირჩეს.

ჩემთვის ამ ყველაფერს ბედნიერება და სიხარული მოაქვს. მომავალში სათბურის გადაკეთებას ვაპირებ გვიმრების ცალკე გასატანად, მოგვიანებით კი კაქტუსებსაც გავიტან. მათ სხვაგვარი მოვლა უნდა, მაგრამ ეს უკვე სამომავლო გეგმებია.

მინიბაღის შექმნა

ქოთანში 5-10 სმ სიმაღლემდე ვყრით სადრენაჟე მასალას (კერამზიტს, პენოპლასტისა და აგურის ნატეხებს, კენჭებს, ხრეშს). ასე მიწა ზედმეტად არც გამოშრება და არც დაინამება

ნიადაგს გავურიოთ ნახშირიც (გამოდგება ე.წ. სამწვადე ნახშირიც). ის ფესვებს დალპობისგან იცავს, თან მწერებსაც განდევნის

შერჩეული ნიადაგი (ტორფის სუბსტრატი) ფხვიერი უნდა იყოს, მას გავურიოთ პერლიტი (ვულკანური მინერალი ფხვნილის სახით)

ქოთანი მიწით შევავსოთ

ბაღში ვრგავთ მთავარ მცენარეს (ჩვენს შემთხვევაში - ბონსაის, ფიკუსის ნაირსახეობას)

ხე ამობურცულ ნიადაგზე, ოდნავ ამაღლებულზე უნდა იყოს, რომ კომპოზიცია ლამაზად გამოიყურებოდეს

ევონიმუსს (ჭანჭყატი) ფესვებიდან ზედმეტი მიწა მოვაშოროთ...

...და ჩავრგათ

მივამატოთ დეკორატიული ფოთლოვანი მცენარე

გვერდით ცეროპეგია მივურგათ და აქვე შეგვიძლია დავუსვათ კერამიკული ფიგურაც

ნიადაგის საფრად ხავსი გამოვიყენოთ

ხავსს ბაღისთვის მწვანე საფრის ფუნქცია აქვს (ხავსის დანაწევრებული ნაწილები ერთმანეთს თანდათან შეეზრდება)

ლალი ფაცია