"ამ საქმეში მეცნიერება თუ არ ჩაერია, წინ ვერ წავალთ"
06-03-2017
"ამ საქმეში მეცნიერება თუ არ ჩაერია, წინ ვერ წავალთ"
თავის დროზე, ნიადაგში, სადაც ჩაი ირგვებოდა, შეჰქონდათ სასუქი, რომელიც ისედაც მჟავე ნიადაგის მჟავიანობას უფრო ზრდიდა. ასეთ ნიადაგზე კი თხილი 5-6 წელიწადში კნინდება და დაბალმოსავლიანი ხდება. გარდა ამისა, ნაჩაიარ მიწაზე ზოგან იმდენი წყალი და ნესტია, რომ თხილისთვის, ამ ნესტის მოყვარული კულტურისთვისაც კი, ჭარბი აღმოჩნდება ხოლმე

იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობაა განვითარებული, წინასწარ მზადდება მეცნიერული კვლევები ამა თუ იმ დარგის პერსპექტივაზე. სხვაგვარად ამას სოფლის მეცნიერული სტრატეგია ჰქვია, რაც ჩვენში, ფაქტობრივად, არ არსებობს...
ამიტომაც საინტერესოა გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის გურამ იობაშვილის­ კვლევები ოზურგეთის განვითარების შესახებ. მან ამ საქმეში ადგილობრივ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბიც ჩართო.

- დღეს მსოფლიოში ერთგვარი პარადოქსია - სასოფლო-სამეურნეო მიწა მცირდება, მაგრამ მოსავლის რაოდენობა იმატებს. ცხადია, ამაში მთავარი როლი მეცნიერებას აქვს - სწავლობს,­ როგორ მივიღოთ მეტი მოსავალი.

გურიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სანახევროდ გამოუყენებე­ლი და შეუსწავლელი უზარმაზარი სამე­ურნეო­ რეზერვებია, ამის გამო სასოფლო­ სავარგულების პროდუქტიულობა კატა­სტროფულად დაბალია. არადა, მსოფ­ლიოში მეცნიერები გამალებით იკვლევენ,­ როგორ მიიღონ ერთსა და იმავე ფართობზე რაც შეიძლება მეტი მოსავალი. ჩვენ კი მოსავალზე კლიმატისა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის გავლენაც არ შეგვისწავლია.

ჩვენსავით მცირემიწიანმა ქვეყანამ მეცნიერება თუ არ მოიშველია, სოფელი ვერ განვითარდება. დღეს გურიაში თხილი წარმატებული კულტურაა, მაგრამ მეცნიერულად არ არის შესწავლილი ნიადაგი, სადაც ის ირგვება და შეიძლება თხილი მალე წამგებიანად იქცეს.

- რას გულისხმობთ?

- ათეულობით წლის განმავლობაში გურიიდან საექსპორტოდ ჩაი გადიოდა, რომელიც მოგვიანებით ამოძირკვეს და მის ადგილას თხილის გაშენება დაიწყეს. თავის დროზე, ნიადაგში, სადაც ჩაი ირგვებოდა, შეჰქონდათ სასუქი, რომელიც ისედაც მჟავე ნიადაგის მჟავ­იანობას უფრო ზრდიდა. ასეთ ნაჩაიარ მიწაზე კი თხილი 5-6 წელიწადში კნინდება და დაბალმოსავლიანი ხდება. გარდა ამისა, ზოგან იმდენი წყალი და ნესტია, რომ თხილისთვის, ამ ნესტის მოყვარული კულტურისთვისაც კი, ჭარბი აღმოჩნდება ხოლმე.

ეს პრობლემა მხოლოდ თხილს არ ეხება, ჩვენი ნიადაგების უმრავლესობა მიკროელემენტების ნაკლებობას განიცდის, რაც ფერმერმა ნებისმიერი კულტურის მოყვანისას უნდა გაითვალისწინოს, თუმცა, ხშირად ასე არ ხდება. იმიტომაც არის, რომ ხალხი შრომობს, მაგრამ შედეგს ვერ იღებს. საჭიროა, ჯერ ნიადაგის შემსწავლელ ლაბორატორიას მიმართონ. რასაკვირველია, მოუსავლიანობის მიზეზი სხვაც შეიძლება იყოს, მაგრამ ნიადაგი თუ არ შევისწავლეთ, არაფერი გამოგვივა. არადა, ეს ძნელი საქმე აღარ არის - დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესანიშნავი ლაბორატორიები აქვს...

ბევრი კულტურების ადგილმონაც­ვლეობის წესსაც კი არ ცნობს - ერთსა და იმავე კულტურას რამდენიმე წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას თესავენ, მერე კი წუწუნებენ, მოსავალი არ გვივარგაო. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ - ერთი კულტურა რომ მიწას რაიმე ელემენტით ამდიდრებს, მეორე აღარიბებს, ამიტომ ერთმანეთს უნდა შეუთავსო. დღეს ეს ცოდნა დაიკარგა.

არსებობს მიწის განოყიერების მრავალი ბუნებრივი მეთოდი. ერთ-ერთია ნიადაგის დაფარვა ბალახის საფრით. ჩვენთან ხშირად ბალახს წვავენ ან ნაკვეთიდან გააქვთ, იმის ნაცვლად, რომ ხეებს ძირებში დავუფინოთ და ბუნებრივ სასუქად ვაქციოთ. მოკლედ, ბევრი გვაქვს სასწავლი და თუ ამაში მეცნიერება არ ჩაერია და ექსპერიმენტებით არ დაასაბუთა, წინ ვერ წავალთ. უამრავი ნიჭიერი მეცნიერი გვყავს, მაგრამ მათი კვლევების გამოყენებაც კი არ ხდება. მაგალითად, პროფესორმა რამაზ გახოკიძემ მიიღო შესანიშნავი ხსნარი}, რომელიც მოსავლიანობის ზრდის პარალელურად, სამედიცინო პროფილაქტიკური საშუალებაცაა, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. საინტერესოა კოლოიდური ვერცხლის სამკურნალო თვისებების გამოყენების მეთოდიც - ამ ნივთიერების კონცენტრატი ბაღ-ბოსტნეულის მოსავლიანობას ზრდის, შენახვის ვადას ახანგრძლივებს, აძლიერებს­ მოსავლის იმუნიტეტს და არ აბინძურებს მას.
მიწა რომ ნაყოფიერად გამოვიყენოთ, ამ მხრივ კანონმდებლობაც კი მოსაწესრიგებელი გვაქვს. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელსაც იმატრიკულაციის წესი ჰქვია. მიწას ფერმერს 10-12 წლით გადასცემენ იჯარით. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს მიწა მის ხელში­ უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე იყო. თუ არადა, მიწას აღარ ანდობენ.
ჩვენც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მიწის ყოველ გოჯზე მრავალფეროვანი კულტურის მოყვანა შევძლოთ, რაც საბოლოოდ ჩვენს ჯიბესაც გაამდიდრებს.

დღეს გურიაში მიწას აბსოლუტური უმრავლესობა თხილისთვის იყენებს, რადგან შემოსავლიანად ითვლება, მაგრამ მასზე უამრავი სხვა კულტურა შეგვიძლია მოვიყვანოთ. 1927 წლამდე გურიიდან ზეთისხილი უხვად გაჰქონდათ უცხოეთში. ანუ აქ ზეთისხილის პლანტაციები იყო. დღეს კი ზეთისხილის 100% უცხოეთიდან შემოგვდის!
თუკი ლურჯი მოცვი გაშენდა და ახლა უცხოეთში ტონობით გადის, ზეთისხილიც ხომ შეიძლება მოვამრავლოთ? დროთაA განმავლობაში კი ისიც ლურჯი მოცვივით ბრენდი გახდება გურიისთვის.
გურიაში ყველა პირობაა მეთევზეობის თუ მეფუტკრეობის ქართული ბრენდების შესაქმნელადაც. ეს უკანასკნელი ჩვენი ისტორიული დარგია.
ფუტკრის ძირითადი პროდუქტი, თაფლის გარდა, დამტვერვაა - ეს ბუნებ­რივი სელექციაა. სწორედ ამიტომაც უნდა ჰყავდეს ყველა ოჯახს თითო სკა ფუტკარი მაინც.

ოზურგეთში არის ერთი კარგი და ძლიერი სოფელი შრომა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, შემემუშავებინა ამ სოფლის მდგრადი განვითარების სამწლიანი მეცნიერული გეგმა ახალგაზრდებთან ერთად, რათა მათაც ეგრძნოთ თავის მიწაზე პასუხისმგებლობა. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მოვიწვიეთ პროფესიონალი მეფუტკრე, პროფესიით ექიმი გივი ნინიძე და შრომის სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შევხვდით. მათ თავად გვთხოვეს ფუტკარზე ლექციების წაკითხვა. ამასობაში ერთმა პატივსაცემმა ადამიანმა განათლების სამინისტროდან დამირეკა. მთხოვა, უფროსკლასელებთან ერთად 11-12 წლის ბავშვებიც მიგვეყვანა ლექციებზე, ეგ დღეს ყველაზე მოტივირებული თაობააო. ასეც მოვიქეცი და მართლაც საოცარი შედეგი მივიღეთ - დღეს რამდენიმე მათგანს უკვე ფუტკარი ჰყავს.
ასე რომ, მეცნიერების მხარდამხარ სოფლის მკვიდრთა მუშაობას უდიდესი პერსპექტივა გააჩნია, რასაც დღეს სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრებიც ხედავენ. იმედი მაქვს, შედეგი აუცილებლად გვექნება.

ეთერ ერაძე
datiko48
11 მარტი 2017 02:50
ბებიასთან ვან-ზომლეთში[ჩოხატაურის რაიონი] რომ ჩავდიოდი თხილის ხეებით იყო სავსე დაბლა ეზო,გადიოდა პატარა ღელე,ხოლო მოსავალი ჰქონდა საუკეთესო.მიწის განოყიერებას კი აკეთებდა ძროხის სასუქით,ხოლო ბოსტანში იყენებდა ქათმისას,იქვე იყო დარგული ბაბუის მიერ დარგული მსხლის ხე,რომელზეც იყო დამყნილი 7 ჯიშის სხვადასხვა მსხალი და იწყებოდა მისი მწიფობა მაისის ბოლოდან და მთავრდებოდა იანვრის დასაწყისში,ქართული მიწის სურნელი და მისი ძალა დიდია,არ უნდა მოიწამლოს ქიმიური "სასუქით" რაც სამწუხაროდ დაამკვიდრეს 2005-დან.

რედაქტორის რჩევით