სადურგლოში აღმოჩენილი უძველესი მარანი და ქვევრში ჩამწყვდეული მზე
13-03-2017
სადურგლოში აღმოჩენილი უძველესი მარანი და ქვევრში ჩამწყვდეული მზე
ვანო იანტბელიძე: "ეგ დროც დადგება, რომ მიწის თითო გოჯი დაფასდება..."

"ამ სახლში, სადაც ვცხოვრობ, წლების წინ ქვევრები ვიპოვე... მიწა მოვჭერი, გავასუფთავე და 1-2 პირი მიწის აღების შემდეგ, ქვევრის თავი გამოჩნდა"


"ყოველთვის მინდოდა და გამიმართლა, რომ მაქვს საკუთარი ვენახი,­ ქვევრები, მარანი - ყველ­აფერი ქართული და ტრადიციული", - გვეუბნება ცნობილი მსახიობი ვანო იანტბელიძე, რომელიც თელავის თეატრში მოღვაწეობს. კარ-მიდამოც იქვე აქვს, თეატრთან ახლოს.

- ამ სახლში, სადაც ვცხოვრობ, წლების წინ ქვევრები ვიპოვე. თელავში
ჩვენი თეატრის მსახიობისგან, აწ გარდაცვლილი ალექსი კუპატაძისგან, სახლი (2 ოთახი იყო) ვიყიდე. ერთი ოთახი ზემოთ იყო, ქვემოთ სადურგლო გახლდათ. სადურგლო არ მჭირდებოდა და რადგან ყოველთვის მინდოდა მარანი, მის მოწყობას შევუდექი. მიწა მოვჭერი, გავასუფთავე და 1-2
პირი მიწის აღების შემდეგ, ქვევრის თავი გამოჩნდა... მერე მეორეც, ოღონდ პირი მოტეხილი ჰქონდა. თითოეული ქვევრის გაწმენდაზე ლამის წელიწადს ვმუშაობდი: მასწავლეს, 1000-ვატიანი ნათურები ჩაკიდე, თონესავით გაახურებს და ამოაშრობსო. მერე ამოვხეხე, მოვაკალვინე და ბზარებიც გავასწორებინე...

- კალა საშიში არ არის ქვევრისთვის?

- კი და ამიტომ რუსთავში ვნახე სპეციალისტი, რომელიც ქვევრებში, როგორც მინანქარს, შუშას უსვამდა. მოკლედ, შიგნიდან მინით მოვაპირკეთე. ამასთან, კიდევ 18 ქვევრი ვიყიდე და მათ გვერდით შემოვულაგე. თავიდან ეზოში­ იყო ეს ყველაფერი, ახლა იქ დიდი სახლი დგას და ყველაფერი უკვე შიგნით მოექცა. ამ ქვევრებში გასაოცარი ღვინო კეთდება...

- ასეთი წარსულის მქონე მარანი თქვენთვის ორმაგად ფასეული გახდებოდა..

- კი, ისტორიული მარანია. მოგეხსენებათ, თელავი ისტორიული ქალაქია და როგორც ამბობენ, მიწის ქვეშ ბევრი რამ არის მოქცეული... ქვევრების სიძველეს სახლში გადებული ძველი ხის კოჭებიც მოწმობს.

- საუბრის დაწყებამდე მითხარით, რომ ღვინო თხევადი მზეა...

- დიახ, ასეა, მერე ეს თხევადი მზე ქვევრში ჩაამწყვდიეს და ადამიანის სისხლსა და ორგანიზმში გაუშვეს. ჰოდა, ის,
ვინც იცის ღვინის სწორად მოხმარება, ყადრი და ფასი, მზესავით ანათებს. ღვინო საურთიერთობო საშუალება იყო და ამასთან, ბეჭდის, დასტურის ფუნქციაც ჰქონდა. როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა და მასპინძელი სტუმარს ოთახში ან მარანში გაიყვანდა და ღვინოს შესთავაზებდა, ე.ი. მოლაპარაკება შემდგარი იყო. მოკლედ, ღვინო კაცმა სწორად უნდა გამოიყენო!..

- თქვენს ვენახზე რას გვეტყვით?

- მიყვარს ვენახში ყოფნა, თუმცა სულ სადღაც ვარ - გადაღებაზე, სპექტაკლზე, ამიტომ მთელ დროს ვენახში ვერ ვატარებ. სულ ნახევარი ჰექტარია, ღვინის დასაწურად ყურძენს კიდეც ვყიდულობ. ქართველი კაცი ვაზს რომ უვლი და ღვინოს თვითონ წურავ, მისგან ბოძებული დიდი მადლი შემოგაქვს ოჯახში. როდესაც ჩემთან ღვინო იწურება, სულ სიმღერა და ხალისია, ღვინოს კარგი ადამიანები უყვარს, ბოღმიანებს­ ვერ იტანს!.. შემიძლია საათობით ვუცქირო ვაზს, მოვესიყვარულო. ვენახში მუშაობა წელიწადის ყველა დროს მსიამოვნებს. კომუნისტების დროს ვენახის მოვლისთვის მანქანა მაჩუქეს. 4 მეგობართან ერთად კახეთში უზარმაზარ ვენახს ვუვლიდი და დიდი მოსავალიც მივიღეთ.

- ანუ ვენახის მოვლა კარგად იცით...

- რა თქმა უნდა. ის კი არა, ქიზიყში­ საგანგებოდ დავდიოდი ერთ კარგ კაცთან, რომელთანაც გულდასმით შევისწავლე, თუ როგორ გამოვაცოცხლოთ ძველი ვაზი გასხვლის ახლებური მეთოდით, რომ ისევ ნაყოფიერი და მოსავლიანი იყოს.

- და როგორ გამოვაცოცხლოთ?

- ყველაფერი, რაც ძველია, უნდა მოიჭრას და დარჩეს ორი ახალი ყლორტი,­ რქა, თითოეული ექვსკვირტიანია, ზოგიც რვას ტოვებს. რომ გადააკავებენ, იმ კვირტებზე ახალი ამოდის და ყურძენს ისხამს. ჰო, კიდევ პატარა სამამულე რქას ვუტოვებ. ასე ვაზი ძლიერდება.

- რა ღვინოს წურავთ?

- რქაწითელსა და საფერავს... ტანინიანი ღვინო მიყვარს, მაგრამ მოუვლელი ქვევრის ღვინო არა.

- კახეთში ხეხილის ბაღიც ხომ არ გაქვთ?

- მეც მაქვს და ჩემს ძმასაც, მაგრამ მე უდროობის, ჩემი ძმა კი ჯანმრთელობის გამო ვერ ვახერხებთ მოვლას. ხალხს ვეუბნებით, მიხედეთ, 20% ჩვენ მოგვეცით, დანარჩენი თქვენი იყოს-მეთქი. მეტი კარგი პირობა რა გინდა, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ. მიწაზე მუშაობის სურვილი დაკარგა ადამიანმა. გლეხი ცოტა დარჩა... გაზაფხულია და ვნერვიულობ, რა ეშველება იმ ბაღს?

ალბათ, ტყუილად გარჯა არ გვინდა. ევროპა მოვიარე და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ადამიანს სადღაც, პატარა ფართობზე, ვთქვათ, მოცხარი მოჰყავს და გადაყოლილია ზედ. ამ საქმეში სახელმწიფოც ეხმარება, მუნიციპალიტეტიც, ისიც გახარებულია და შრომობს. ქართველ კაცს სტიმული სჭირდება. დადგება დრო, როცა მიწის თითო გოჯი დაფასდება.

ლალი ფაცია
teimurazi
24 მარტი 2017 17:19
ვეტანხმები საჰინოს
xxx
18 მარტი 2017 13:37
ღმერთმა გაგახაროს!!!
გურამ
18 მარტი 2017 07:49
გაზარმაცდა ქართველი კაცი, ყველამ მიატოვა სოფელი ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა და ზოგმა ტბილისს შეაფარა თავი, ხალხო თუ არ გამოვფხიზლდიტ ჩვენს მიწებს სხვები დაეპატრონება

რედაქტორის რჩევით