"ჩვენი სათამაშოები ბავშვების უნარების განვითარებას ემსახურება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სათამაშოები ბავშვების უნარების განვითარებას ემსახურება"

"თითოეული ნაკეთობა ჯვალოს პატარა ტომრებში თავსდება, რომელიც სელისგან არის დამზადებული. ფირფიტები და კუბები ისეა მოხატული, რომ მათი შეერთებისას სიუჟეტურად აწყობილ დასრულებულ გამოსახულებებს ვიღებთ"

მანანა იაძე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრელში ცხოვრობს და განსაზღვრული დროის განმავლობაში რეგიონული გაზეთის დისტრიბუციას ხელმძღვანელობდა. 2002 წლიდან მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციას უძღვება, რომელიც, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ქალბატონებისგან შედგება და საკუთარ თემში არაერთ სოციალ-ეკოლოგიურ პროექტს ახორციელებს. თან გადაწყვიტა, ინკლუზიური განათლების პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. მის ჯგუფში 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. თანამშრომლობს სოციალურ სამსახურთან და მინდობითი აღზრდის პროგრამით მის ოჯახში უკვე ცხრა ბავშვი აღიზარდა. მიუხედავად ამისა, საკუთარი მიღწევებით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე წლის წინ პროექტში - "აწარმოე საქართველოში" ბიზნესიდეა გაგზავნა. იდეა დაუფინანსეს. ამის შესახებ თავად გვიამბობს.

- პოლონეთში ყოფნისას შევამჩნიე, რომ ინკლუზიურ განათლებაში ცოდნის გადაცემის განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ. ერთ-ერთი იყო სათამაშოები, სხვადასხვა ნაკეთობა, ნახატები, რებუსები, თავსატეხები და ა.შ. ჩამოსვლისთანავე თანამშრომლებს ვუთხარი, უნდა დავტრიალდეთ-მეთქი; გარდა იმისა, რომ პროფესიულ საქმეში წაგვადგებოდა, იდეა შეიძლებოდა თავის რჩენის წყაროდაც გვექცია. მე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინგა ნასყიდაშვილმა დავწერეთ პროექტი, დამფინანსებლებმა ერთხმად და უპირობოდ მოიწონეს ბიზნესგეგმა. 8.500 ლარით დაგვაფინანსეს. ჩვენი მონაწილეობა 4.000 ლარამდე იყო. შევიძინეთ დაზგა-დანადგარები, მოვიძიეთ დურგლები, მხატვრები და საქმეს შევუდექით.

- რა მზადდება საამქროში?

- ვამზადებთ ხის კუბებსა და თავსატეხებს, ფირფიტებს. შემდეგ თითოეულს ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით ვხატავთ და ლაქს ვუსვამთ. საბოლოოდ, თითოეული ნაკეთობა ჯვალოს პატარა ტომრებში თავსდება, რომელიც სელისგან არის დამზადებული და უვნებელია. ფირფიტები და კუბები ისეა მოხატული, რომ მათი შეერთებისას, სიუჟეტურად აწყობილ დასრულებულ გამოსახულებებს ვიღებთ, რომელიც ამბავს გადმოგვცემს. ასეთებია, მაგალითად, ზღაპრები, პროფესიები, ცხოველები და ფრინველები თავისი საცხოვრებელი გარემოთი.

ასევე ვამზადებთ ქსოვილის წიგნებს, რომლებიც ფერადი ნახატებით არის სავსე. მოკლედ, ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია ბავშვების კონტენტური, მოტორული, აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების განვითარებისთვის. სათამაშოები, ძირითადად, ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვების უნარების განვითარებას ემსახურება თავისი მარტივი შინაარსით, მაგრამ ამ სათამაშოებით სხვა პატარებიც, ჩვეულებრივი აღსაზრდელებიც მშვენივრად ერთობიან. სწორედ ეს ხდის საინტერესოს მთელ ამ პროცესს და ხელს უწყობს ინკლუზივის პრეცედენტს.

- დამზადების პროცესზე მოგვიყევით...

- ჩვენი პროდუქცია უკვე 100-მდე დასახელებას ითვლის, თითოეული სათამაშო ხელნაკეთია და ორიგინალური. სამწუხაროდ, დურგლებმა მიგვატოვეს, მიიჩნიეს, რომ წვრილმანი საქმე იყო. ასე რომ, მათი საქმე მე განვაგრძე.

ამჟამად ხუთივე დაზგასთან მე ვდგავარ, ვაშალაშინებ, ვჭრი, ვასუფთავებ, ვაპრიალებ, ფორმებსა და ზომებს ვაძლევ. მზა ფიგურები მხატვრებთან მიმაქვს, ძირითადად, სკოლის მასწავლებლებთან.

სამწუხაროდ, ეს არ არის სწრაფწარმოების საამქრო - თითოეული ფიგურის დამზადებას რამდენიმე დღეს ვუნდებით. შრომატევადია, თუმცა ამად ღირს. საამქროს, ასე ვთქვათ, მუშახელს ჩვენი ორგანიზაციის წევრი მასწავლებლები შეადგენენ.

მასალად წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის შავ, გამომშრალ მასალას ვიყენებთ. მოხატულ ფიგურებს ისევ მე ვლაქავ, საკერავ მანქანასთანაც ვზივარ და ჯვალოს პატარა ტომრებში ვფუთავ სათამაშოებს.

- გაყიდვას როგორ ახერხებთ?

- ახლახან თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან მოგვივიდა შეკვეთა. დირექციამ აღფრთოვანება ვერ დაფარა, მითხრეს, ვაცნობიერებთ, რომ ეს ქართული საქმეა, მომავალს სჭირდება და მაღალი ფასი არ გვადარდებსო. მინდა დანანებით ვთქვა, რომ ასეთი ადამიანების მოძებნა ძალიან გვიჭირს. ბევრს ურჩევნია, ჩინური პროდუქციით გაუფრთხილდეს ჯიბეს. ენთუზიაზმის ხარჯზე გადავრჩით და ხელი არ ჩაგვიქნევია. დღეს ვიბრძვით ქართულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. გვინდა, ბევრმა პატარამ გაიგოს ჩვენი სათამაშოების შესახებ.

- რამდენადაც ვიცი, თექაზეც მუშაობთ...

- დიახ, წლების წინ 3.000-დოლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, სპეციალისტი დავიქირავე, თემის ქალებს თექაზე მუშაობა ვასწავლე და თვითონაც ვისწავლე. ნამუშევრებში წარმოდგენილი გვაქვს, ძირითადად, ქართული ეკლესია-მონასტრები.

31 მარტს თბილისში ეწყობა პროექტის - "აწარმოე საქართველოში", ფარგლებში წარმოებული პროდუქციის გამოფენა, სადაც სათამაშოებთან ერთად, თექის ნაწარმის წაღებასაც ვგეგმავთ.

ვცდილობთ, დაფინანსების წყარო მოვიძიოთ. უახლოეს მომავალში გვინდა შევიძინოთ სპეციალური "ბენზოხერხი", რომელიც 1.000 ლარი ღირს. მისი დახმარებით პროცესი შეტრიალდება - ჯერ დაიხატება ხეზე და შემდეგ ნახატის მიხედვით გამოიჭრება ზუსტი ფიგურა. ეს გააადვილებს და დააჩქარებს ჩვენს მუშაობას. ასევე არსებობს დაზგა, რომელიც 10.000 დოლარი ღირს. მას შეუძლია ავტომატურად დაჭრას უამრავი ფიგურა, თან - ძალიან სწრაფად. ახლა თითოეულ ფიგურას ძალიან დიდ დროს ვუთმობთ, მაშინ კი ასე აღარ იქნება - ჩვენ მხოლოდ მოხატვაღა დაგვრჩება. თუმცა, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.

კახა მჭედლიშვილი