"მინდა, ტახტი დავამზადო, რომელზეც "ვეფხისტყაოსნის" ფიგურებს ამოვაჩუქურთმებ" - კვირის პალიტრა

"მინდა, ტახტი დავამზადო, რომელზეც "ვეფხისტყაოსნის" ფიგურებს ამოვაჩუქურთმებ"

"პირველი ჩემი ნაკეთობა მახვშის სავარძელი იყო. ამ ნივთის ჩუქურთმების ამოკვეთაში მთელი სული და გული ჩავდე და ერთ-ერთი ლენტეხელის ოჯახმა იყიდა"

22 წლის ბაჩუკი ლიპარტელიანმა პერსპექტიული საქმე იმდენად უპერსპექტივო გარემოში დაიწყო, რომ ბევრი გააკვირვა. მან ლენტეხთან ახლოს, თითქმის ცარიელ სოფელ ყარიშში ხის საწარმო გახსნა და ნელ-ნელა დაიწყო ფეხზე დადგომა. სამწუხაროდ, დღეს ასე როდი ხდება - სოფლების უმეტესობა უპერსპექტივობის გამო ცარიელდება, ბაჩუკიმ კი ეს ზღვარი გადალახა, არადა, უმომავლობის გამო სოფლიდან წასვლა თვითონაც უნდოდა.

- ჩემს სოფელში 20 ოჯახია, ჩემი ტოლები კი სულ ოთხნი ვართ დარჩენილი. გვინდა, პერსპექტივა გვქონდეს. ამიტომ დავჯექი და დავფიქრდი, რა შემეძლო გამეკეთებინა. ჩემი სოფლიდან ლენტეხის ცენტრში 5 წელიწადს დავდიოდი ხატვისა და ხეზე კვეთის სასწავლად, მერე თბილისში, კოლეჯშიც ამავე საქმეს ვსწავლობდი. შარშან ინტერნეტით პროექტი - "აწარმოე საქართველოში" ვიპოვე, მერე ბიზნესგეგმაც დავწერე. ჩემდა გასაკვირად, დამაფინანსეს. მეც წავედი ქუთაისში, ხეზე კვეთის დაზგა-დანადგარები ვიყიდე და საქმეს შევუდექი.

ბავშვობაში ჯვრებს ხელით ვაკეთებდი და ახლაც ამით დავიწყე. ამასობაში სხვა საქმეც გამოჩნდა - ჩვენმა სასულიერო პირებმა ათონში ათონის მონასტრის ხელით ნაკვეთი მაკეტი წაიღეს და მის ამოკვეთაში მივიღე მონაწილეობა. ამის მერე კი ავეჯზე გადავედი - პირველი ჩემი ნაკეთობა მახვშის სავარძელი იყო. დღეს ოჯახში ის აღარავის სჭირდება, მაგრამ იმდენად ტრადიციულია, მისი შეძენა კვლავაც ბევრს სურს. ამ ნივთის ჩუქურთმების ამოკვეთაში მთელი სული და გული ჩავდე და ლენტეხელის ოჯახმა იყიდა. ახლა მეორის შეკვეთაც მივიღე.

- რა მასალისგან დაამზადე?

- კაკლისგან. ძვირფასი მასალაა, მამას იმდენად უხარია, საქმე რომ დავიწყე, ადგა და წლობით შენახული მასალა დამითმო. დედაც მეხმარება - ჩემი პროექტის თანადაფინანსებას 1.000 ლარი სჭირდებოდა და დედამ ისესხა.

ჯერჯერობით მარტო ვმუშაობ. მომავალში თვითონ მომიწევს მასალის დამზადებაც და საშრობის ყიდვაც. ამბობენ, რომ ხის საშრობი ძვირი ჯდება, მაგრამ თუ წინ წამივიდა საქმე, აუცილებლად ვიყიდი.

- იქნებ წარმოება ისე გაფართოვდეს, თანასოფლელებიც დაასაქმო.

- ვეცდები. ავეჯის დამზადებას კი ნამდვილად ვაპირებ - ჩუქურთმების გამოყვანა იმდენად მსიამოვნებს, რომ ხანდახან ვერც ვგრძნობ, როგორ დამაღამდება ხოლმე. ახლა მინდა, ტახტი დავამზადო, რომელზეც "ვეფხისტყაოსნის" ფიგურებს ამოვაჩუქურთმებ. ასე მგონია, "ვეფხისტყაოსანზე" ლამაზი არაფერია. თუ შევძელი, რომ ეს სილამაზე ჩუქურთმებში გადავიტანო, ლამაზი ნაკეთობა გამომივა, მყიდველი კი თვითონ გამოჩნდება.

ეთერ ერაძე