"გოგრის ტყლაპი ჩვენი ინოვაციური პროდუქტია"
27-03-2017
"გოგრის ტყლაპი ჩვენი ინოვაციური პროდუქტია"
"მომხმარებელს ძალიან უყვარს ფორთოხალი და შოკოლადში ამოვლებული ქლიავი. გვაქვს სხვადასხვა ზომის შეფუთვები, კილოგრამობით, წონით, სასაჩუქრე პაკეტები"

ანა ბუკია სტუდენტია, თუმცა, როგორც მწარმოებელს, საკმაო გამოცდილება აქვს - ის და მისი ოჯახი ჩირს ამზადებენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება არა რომელიმე რეგიონში, არამედ შუაგულ თბილისში, რითაც მიიქცია კიდეც ჩემი ყურადღება.

- თქვენნაირი საწარმო ქართლის ზოგ იმ რეგიონში მინახავს, სადაც ხილის მდიდარი ბაღები აქვთ. რამ გადაგაწყვეტინათ ქალაქში ამის გაკეთება?

- რადგან თბილისში ვცხოვრობთ,­
ქალაქგარეთ ამის წარმოებას ვერ შევძლებდით. თავიდან მცირე ბიზნესი გვქონდა, ასეთ მასშტაბებზე არ ვფიქრობდით, ამიტომ, ხილის საოჯახო პატარა საშრობით დავიწყეთ, რომელიც მერე უფრო სერიოზულ წ
არმოებად ვაქციეთ.

- მაინცდამაინც ჩირის წარმოებას რატომ მოჰკიდეთ ხელი?

- ქართული ხილი არომატულია და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის არ არის განკუთვნილი, გვინდოდა, უცხოელებისთვისაც რამე განსაკუთრებული მიგვეწოდებინა. მივიჩნიეთ, რომ ჩირი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგანაც ტრადიციული ქართული ნუგბარია, ისევე როგორც ჩურჩხელა და გადაწყდა, ასე გაგვეცნო ბაზრისთვის.

- ტყლაპსაც ამზადებთ?

- დიახ, და ყველაზე უცხო, გოგრის ტყლაპიც გვაქს. ეს ახალი პროდუქტია... ეს საქმიანობა ჩემმა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მცირე ბიზნესად აქცია. ვგულისხმობ დეიდებს და დედას, ანუ სამ დას. როცა სრულწლოვანი გავხდი, საქმეში მეც ჩავერთე.
ვცდილობ, ახალი იდეებით გვერდში ამოვუდგე ოჯახს, კომპანიასა და, ტრადიციული ქართული ნუგბარის - ჩირის წარმოებაში წვლილი შევიტანო. ჯერჯერობით საკუთარი სახსრებით გვაქვს ნაქირავები ფართობი, შევისყიდეთ ხილის საშრობი აპარატიც, თუმცა თავიდან ბაბუაჩემმა გაგვიკეთა პატარა, კუსტარული საშრობი, რაც საკმარისი იყო ჩვენი წარმოებისთვის. წარმოების ზრდასთან ერთად, უფრო მძლავრი დაგვჭირდა.

- აპარატს დღე-ღამეში რამდენი კილოგრამი ხილის გამოშრობა შეუძლია?

- 24 საათის განმავლობაში 200 კილოგრამამდე (სულ 3 აპარატი გვაქვს), რადგანაც ელექტროაპარატია, მზის რომ იყოს, ამდენი ხილის გამოშრობას მეტი დრო დასჭირდებოდა. ისე, ხილსაც გააჩნია...

- ხილის დაჭრა ალბათ ხელით უწევთ­, ხომ?

- ამისთვის დამხმარე პერსონალი გვყავს. ასევე დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობთ შეფუთვას, მზა პროდუქციის გაფორმებას.

- პროდუქციას სად ყიდით?

- დიდ სუპერმარკეტებში, შეკვეთებსაც ვიღებთ დიდი ფირმებისთვის, ახლო მომავალში მაღაზიის გახსნასაც ვფიქრობთ.
ჩირი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან უნიკალურია და სასიამოვნოსთან ერთად, როგორც თქვით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. საქართველოში წარმოებული ჩირი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს და ტურისტებისთვის ქართული ტრადიციების პოპულარიზაციასაც. სამომავლოდ საზღვარგარეთ გატანასაც არ გამოვრიცხავთ.
ჩირის წარმოება დიდ ძალისხმევას, ტექნოლოგიის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. უამისოდ არანაირი საქმე არ გამოდის.

- გოგრის ტყლაპი პირველად გავიგე...

- კი, ჩვენი შექმნილი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ჩვენც მოგვწონს და მომხმარებელსაც. ვაკეთებთ სტაფილოს ცუკატსაც.
ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი ის არის, რომ ქართულ პროდუქციას ვაწარმოებთ. ნამდვილად ქართულია, ჯანსაღია და ყველასთვის სასურველი.

- სახელმწიფო პროგრამით, "აწარმოე საქართველოში", არ გისარგებლიათ?

- ამ პროგრამის პირობები ჩვენსას არ მოერგო - უმეტესად რეგიონებს აფინანსებენ, ქალაქში არსებულ საწარმოებს - ნაკლებად.

- მუშაობისას რა პრობლემას აწყდებით?

- გვინდა, ცოტა გავფართოვდეთ, შესაბამისი სივრცე გვქონდეს და ისეთ სტანდარტებში მოვექცეთ, რომ დაფინანსებაც მივიღოთ.

- ხილსა და პროდუქტს, რომელსაც თქვენ ამუშავებთ, სად ყიდულობთ?

- ნედლ პროდუქტს ქართველი გლეხებისგან შევისყიდით. ვუთანხმდებით, სეზონურად ვისაც როგორ შეუძლია. პროცესი ზამთარ-ზაფხულ არ წყდება, სულ ვმუშაობთ... მარაგის დაგროვება მუდმივად მიმდინარეობს.

- ყველაზე მეტი მოთხოვნილება რომელ ჩირზეა?

- ძალიან უყვართ ფორთოხალი და შოკოლადში ამოვლებული ქლიავი. ასე რომ, წლის განმავლობაში ტონამდე პროდუქტის წარმოებაზე გავედით. გვაქვს სხვადასხვა ზომის შეფუთვები, კილოგრამობით, წონით, სასაჩუქრე პაკეტები. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის იყოს მისაღები.

- რას ურჩევდით მკითხველს, ვინც იმედგაცრუებული ამბობს, რომ საქართველოში არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თქვენ ხომ ყველაფერი ნულიდან, მხოლოდ სურვილით დაიწყეთ...

- საკუთარი ქვეყნის განვითარებას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. თუ არ დავიწყებთ და ნაბიჯს არ გადავდგამთ, გაკეთება ყოველთვის შეუძლებელი იქნება. მთავარია სურვილი და მონდომება. დაბრკოლებას არ უნდა დანებდნენ...
მომწონს, რომ საქართველოს სურვილი აქვს, მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ამიტომ მინდა, რომ ამ თვალსაზრისითაც განვითარდეს ქვეყანა. პატარ-პატარა საწარმოების გახსნა ახალგაზრდებსაც დაასაქმებს და მაგალითს მისცემს, რომ მათაც შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას. ახალგაზრდებს ვურჩევ, მაქსიმუმი ჩადონ სწავლასა და განვითარებაში. თუ მთელ გულს, გონებას, ცოდნას, გამოცდილებას საქმეს მოახმარენ - წარმატებაც არ დააყოვნებს.

ლალი ფაცია
ვანო
29 მაისი 2017 10:11
ამ ტყლაპის შეძენა სად შეიძლება და მაინტერესებს ტყემლის მჟავე ტყლაპი თუ არის შესაძლებელი რომ ვიყიდოთ
გელა
25 აპრილი 2017 14:26
გიორგი, რესპონდენტის ტელეფონია 597 029 273 (ანა ბუკია).
გიორგი
04 აპრილი 2017 07:21
როგორ დაგიკავშირდეთ?

რედაქტორის რჩევით