"მესაზღვრე" ტრიფოლიატი - კვირის პალიტრა

"მესაზღვრე" ტრიფოლიატი

ტრიფოლიატი ველური ციტრუსია. შემოდგომით მისი ყვავილი პატარა ყვითელ ნაყოფად გადაიქცევა, რომელიც ფორთოხალს წააგავს. ეს მარადმწვანე მცენარე საუკეთესოა ეზოს, ბაღის, ნაკვეთების შესანიღბავად და დასაცავად.

ჩვენ სურნელოვანი გალავნების უბადლო ოსტატს, პროფესიით ელექტროინჟინერ როინ ბესელიას სენაკის სოფელ ნოსირში ვესტუმრეთ და მწვანე მესერის უპირატესობაზე ვესაუბრეთ.

- ჩვენი სოფელი ჩაფლულია სხვადასხვა საუცხოო ფორმისა და ზომის ტრიფოლიატებში, გარდა იმისა, რომ გვიცავს, ძალიან ლამაზია, ამასთან, საოცარი არომატით ავსებს აქაურობას. ისე გვეამაყება ჩვენი ნახელავი, ქალს რომ ვათხოვებთ, ლამის მზითევში გავატანოთ მცენარის ჩითილები.

ახლა ტრიფოლიატს ვეგეტაციის პერიოდი აქვს 15 აპრილიდან უკვე მისი ჩათესვაც შეიძლება. ჩათესვამდე თესლი 15 დღე ქვიშაში უნდა მოვათავსოთ ტენის შესაწოვად, მიწა 10-15 სმ-ის სიღრმეზე უნდა გაფხვიერდეს თესლის ჩაშვებამდე. ითესება ერთ რიგად, 3-5 სმ-ის გამოტოვებით, შესაძლებელია ყოველ 5-10 სმ-ში ჩაითესოს მარცვალი, მაგრამ გაცდენის შემთხვევაში ღობეში ღიობი ჩნდება. დათესვის მერე საჭიროებს პერიოდულ გაფხვიერებასა და მორწყვას.

3-4 წელიწადში ტრიფოლიატი 1 მეტრამდე აღწევს, იზრდება უსასრულოდ, შეგვიძლია ჩვენთვის სასურველ სიმაღლეზე გადავკრიჭოთ, სასურველი ფორმა მივცეთ და კედელიც მზად არის. ყოველი მომდევნო ვეგეტაციისას, წელიწადში ერთხელ, თებერვალ-მარტში ნორჩ, ნაზარდ ყლორტებს წავსხიპავთ, გავალამაზებთ და დავვარცხნით.

- ჩითილებსა და თესლს როგორ ამზადებთ?

- ძირითადად მიკვეთენ და ვუგზავნი, იმდენი დრო არ მაქვს, რომ შემკვეთებს ვესტუმრო და ღობეების გაშენებაშიც მივეხმარო. როცა ვატან, თან ვუხსნი, როგორ დარგოს, როგორ ჩათესოს და გადარგას ჩითილები. ასევე ვამზადებ 1 და 2-წლიან ჩითილებს, ტრიფოლიატის გახარება 1-2-წლიანი ჩითილებით უფრო ადვილია, ხნოვან ნერგებს უკვე რთულად აქვთ განვითარებული ფესვთა სისტემა და მათი გახარება სათუოა. ჩათესილს პატრონობაც უნდა გაფხვიერებით და აუცილებლად გაიხარებს, ზოგს ეს პროცესი სიამოვნებს, ზოგი ჩითილებით უფრო დაცულად გრძნობს თავს.

ტრიფოლიატი არ ჭირვეულობს, ყინვაგამძლეა და სიცხესაც ადვილად უმკლავდება. ამას გარდა, კარგი საძირეა ციტრუსების დასამყნობად, ზედ ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის საუკეთესო ჯიშებს ვამყნობ.

წლეულს უკვე 40 კგ თესლი გავატანე შემკვეთებს, კიდევ მაქვს 20 კილომდე, 10 ათასამდე ჩითილი და უამრავი ნამყენი.

1 კგ თესლიდან 10-10 სმ-ში დათესილი 1000 ძირი ტრიფოლიატი ამოვა და 100 მეტრ მწვანე ღობეს შექმნის. თუ 5-5 სმ-ში ჩავთესავთ, შესაბამისად, 50 მეტრს მოგვცემს.

- რამდენად გამძლე ღობეა?

- ვერაფერი ეკარება. როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია, - სილამაზესთან ერთად ეკლებიც უხვად აქვს.

ამ მცენარეს ცხოველი და ფრინველი არ ჭამს, მწარეა მისი ფესვიც, მერქანიცა და ნაყოფიც.

- ბავშვებისთვის საშიში ხომ არ არის?

- მაშინ ვარდიც საშიში ყოფილა. სასურველია, ბავშვი მოვარიდოთ, თუმცა მან შეიძლება ხელი სხვა რამეზეც გაიკაწროს. ეს ეკლები საშიშია საქონლისთვის, რომელიც ცდილობს წინაღობის დაძლევას.

თუმცა, ამ ღობეებს, გარდა დეკორატიული დანიშნულებისა და ეზოების გალამაზებისა, უფრო, ბაღ-ბოსტნების დასაცავად და დიდი ტერიტორიების შესაჯაგად იყენებენ, რათა საქონელმა არ გადათელოს ნათესები, ხეხილი არ გააფუჭოს და ჯეჯილი არ გადაძოვოს.

მწვანე ღობის შემოვლება იაფია, ლამაზია, ჯანმრთელ გარემოს ქმნის. დიდ ფართობებზე, მინდვრად, შესაძლოა, რკინის ბადეები ან მავთულხლართები ერთ დღესაც აღარ დაუხვდეს მეპატრონეს. ტრიფოლიატს კი რას დააკლებენ, ძირფესვიანად ხომ ვერ მოთხრიან? ჩინეთის დიდი კედელივით უკვდავია ჩვენი ტრიფოლიატი, იქნება და იქნება.

- ამბობენ, მიწას ძალას აცლის და გარშემო ვერაფერი ხარობსო...

- ყველა მცენარეს თავისი კვების არეალი აქვს, ნახევარი მეტრის იქით არაფერს უშლის ხელს, ეს მანძილი კი მასთან მისასვლელად მაინც საჭიროა. ფესვთა სისტემა განზე კი არ იტოტება, ღრმად მიდის მიწაში და გვალვისა და ჭარბტენიანობისადმი თანაბარი გამძლეობით გამოირჩევა - 25 გრადუს ყინვას უძლებს. თუმცა ქებას ნახვა სჯობია.

კახა მჭედლიშვილი