სიჯიუტით სოკოს მოიმკი - კვირის პალიტრა

სიჯიუტით სოკოს მოიმკი

"სოკოს ძირითადად ქუთაისში ვყიდით, ვმუშაობთ დარბაზებზეც. შეკვეთებისთვის მთელი ოჯახი სრული დატვირთვით ვმუშაობთ, მათ შორის ჩემი 13 წლის გოგონაც"

"ვისაც სოკოს მოყვანაზე არ უმუშავია, ვერასოდეს მიხვდება, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს საქმე"

ალბათ, განუზომელია იმ ადამიანების წვლილი, რომელთაც მიწასთან მიბრუნებით დაამტკიცეს, რომ ეს არა მხოლოდ ფეხზე დადგომის საფუძველია, არამედ გმირობაც, ბრძოლა ქვეყნის გაჩანაგებასთან და შრომით მიღწეული სიკეთის მაგალითი. ზაალ ჩიმაკაძე და მარინა კანიაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში შრომით ფეხზე დადგომის იმედს იძლევიან. რამდენიმე წლის წინ, გაჩანაგებული სოფლის სახლ-კარის აღდგენა დაისახეს მიზნად და ვეღარც გაჩერდნენ.

მარიკა კანიაშვილი: - ქალაქში ვარ გაზრდილი, ჩემი მეუღლე აბაშის სოფელ მარნიდან გახლავთ და თავის სოფელს არაფერი ურჩევნია. მეც მარანში წამოვედი საცხოვრებლად... მაგრამ წამოსვლა ერთი იყო და ცხოვრება მეორე, - ზაალი შრომისმოყვარე და თავმოყვარე ადამიანია და ვერაფრით შეეგუა, მოუვლელ ეზო-კარში რომ უწევდა ცხოვრება. ჩვენი სახლი, თავის დროზე, "მხედრიონის" საომარი სიტუაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ამის კვალი ეტყობოდა.

მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ და პრობლემების მოსაგვარებლად კვიპროსზე წავედით სამუშაოდ. იქ 5 წელიწადს ვიყავით. იმდენი თანხა მოვაგროვეთ, რომ ბინა ნებისმიერ ქალაქში შეიძლებოდა გვეყიდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ არ მოინდომა, ჩემს სოფელში მინდა ცხოვრებაო. ასე გავალამაზეთ სოფლის ეზო-კარი. დედამთილ-მამამთილიც გვეხმარებოდა ბავშვის გაზრდასა თუ ნებისმიერ საქმეში. თხილის ნაკვეთიც გავაშენეთ, მაგრამ სრულ მოსავალს მხოლოდ 11-12 წლის შემდეგ გაძლევს. ამ მიზეზით იყო, რომ სოკოს მოყვანა გადავწყვიტეთ.

- ამბობენ, რომ ადვილი მოსაყვანი არის.

- ვისაც სოკოს მოყვანაზე არ უმუშავია, ვერასოდეს მიხვდება, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, მით უფრო, თუ ცდილობ, მისგან ბიზნესი ააწყო! 2007 წელს გორში დედაჩემს ვესტუმრეთ და საუბრისას გავიხსენეთ, რომ ჩვენს ნათესავს სოკოს სათბური აქვს და ერთ დღეს მე და ჩემი მეუღლე ვესტუმრეთ გამოცდილების მისაღებად. ისიც ერთგულად დაგვიდგა გვერდში, იქვე დავთესეთ კალმახა სოკო ნამჯასა და თივაზე, ნათესი ტომრებში ჩავაწყვეთ და აბაშაში წავიღეთ.

- სოკო ხომ სპეციალური შემადგენლობის ნიადაგზე ითესება.

- სოკო ითესება ნამჯაზეც და თივაზეც, რაც მის გემოზე სასიკეთო გავლენას ახდენს. გასამრავლებლად განსაზღვრული ტემპერატურა და ტენიანობა სჭირდება, რისი პირობაც მხოლოდ სარდაფში გვქონდა.

ტომრებს შორის გათვლილი უნდა იყოს ფართობი ადამიანის სამოძრაოდ და სოკოს მოსაწევად, მაგრამ თავდაპირველად სოკოს მოყვანისას მხოლოდ ეს არ ყოფილა სიძნელე - გამოუცდელები ვიყავით და შეცდომები მოგვდიოდა, იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ნიუანსის გასარკვევად ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული.

პირველ სამ წელიწადს მაინც ტომრობით ვყრიდით ამოსვლისთანავე გაფუჭებულ სოკოს... ჩემმა მეუღლემ, რაც უნდა მოხდეს, მაინც უნდა გავახაროო. დღეს კი, როცა ეს გამახსენდება, იმაზე ფიქრს ვიწყებ, როგორ ეხმარება ადამიანს შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე საქმის ფეხზე დაყენებაში. ჩემი მეუღლე ახალმოსულ სოკოს ბავშვივით ეფერება... 3-4 წლის შემდეგ ბაზრის გაფართოებასა და სათბურის გაკეთებაზე დავიწყეთ ფიქრი. დღეს მთელი წლის განმავლობაში სოკო სათბურში მოგვყავს, გარდა ზაფხულისა.

- როგორ მოახერხეთ დასავლეთ საქართველოში კლიენტების მოძიება?

- როცა კლიენტმა იცის, რომ სოკო ყოველთვის დახვდება და არ დავაღალატებთ, ურთიერთობას არასოდეს გაწყვეტს. ძირითადად, ქუთაისში ვყიდით, ვმუშაობთ დარბაზებზეც. შეკვეთებისთვის მთელი ოჯახი სრული დატვირთვით ვმუშაობთ, მათ შორის ჩემი 13 წლის გოგონაც. სიზარმაცე არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის საზარალოა.

გული მტკივა სოფლის გაღატაკებისა და დაცარიელების გამო. რამდენიმე კაცს ვუთხარი, სათბურში დაგასაქმებ-მეთქი და იუარეს, მუშაობა რომ დავიწყო, სოციალურ დახმარებას მომიხსნიანო...

ბიზნესის გაფართოება გვინდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა ფასების ზრდამ შეგვიშალა ხელი. გარდა ამისა, სოკო მალე ფუჭდება, თუ მაცივარში არ შეინახე, მოკრეფიდან ერთი კვირის შემდეგ გადასაყრელი ხდება. რეგიონში მაცივარიც არა გვაქვს, რომ შევინახოთ. თუმცა კაცი იმედით ცოცხლობს და თუ აქამდე ბევრი რამ შევძელით, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.

ეთერ ერაძე