არჩილ გამზარდია ოცნების სოფელს აშენებს... - კვირის პალიტრა

არჩილ გამზარდია ოცნების სოფელს აშენებს...

"შარშან ზაფხულში ბათუმში ტრენინგზე არ წავსულვარ, ოჯახთან ერთად სოფელში ვიყავი და ბოსტანს ვუვლიდი"

"სამუშაოდ ჩემი კარვით ჩავდიოდი და ეზოში ვშლიდი. მეზობლები მეხვეწებოდნენ, ღამე ჩვენთან გაათიეო, ვერაფრით ვუხსნიდი, ჩემთვის რამხელა რამ იყო საკუთარი ეზოს ქონა"

ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარ ფესვებთან დაბრუნებულიყო. როგორც შევიტყვე, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, ლექტორ არჩილ გამზარდიას ერწოში, თიანეთთან ახლოს, მიწის ნაკვეთი შეუძენია და 6 წელიწადია, იქ თავისი ხელით საოცნებო სოფელს ქმნის, შრომას არ გაურბის, პირიქით, ეს სიამოვნებას ანიჭებს:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამის მხრიდან ყველა თბილისელი იყო, სოფელი არ ჰქონდათ. დედულეთი თიანეთში მაქვს და ამ მხარეს ბავშვობიდან ვიცნობდი. ბაბუაჩემი, დედის მამა, წარმოშობით ლეჩხუმელია და უნივერსიტეტის დამთავრების მერე ტოლათსოფლის სკოლაში მუშაობდა, იქ, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. შემდეგ თიანეთში რაიკომის მდივანიც გახლდათ, იქვე გაიცნო თიანელი ბებიაჩემი, შეუყვარდა და თიანეთში დასახლდა. მოკლედ, ბავშვობიდან ბებია-ბაბუასთან დავდიოდი...

რომ წამოვიზარდე, ლაშქრობებში დავიწყე სიარული, ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო. როცა დავოჯახდი, დავიწყე ფიქრი, რომ სოფელში მიწა და სახლი მეყიდა, თუმცა ამისთვის საკმარისი ფული არ მქონდა, ამიტომ ხელმისაწვდომ ვარიანტს ვეძებდი. ვცდილობდი, თიანეთის მხარეს მეპოვა და აღმოვაჩინე კიდეც ჩემი ოაზისი.

აქაურები თურმე ბაბუაჩემს კარგად იცნობდნენ. ბევრ ადამიანზე დიდი ამაგი ჰქონია, იქ ნათლულიც ჰყოლია... 3 700 კვმ მიწის ნაკვეთი, ეზო, 6 წლის წინ დანგრეულ-დამწვარი სახლ-კარით, ხელმისაწვდომ ფასად შევიძინე, მერე კი მთელ წელიწადს იმ ვალს ვიხდიდი. მოგვიანებით ძველი შენობები დავანგრიე და ასაწყობი სახლი ჩავდგი (სულ 36 კვმ-ია და 12 კვმ აივანი აქვს). შარშან ეზოში პატარა სამზარეულოც ჩავდგი...

- დღეს უკვე ბოსტნეული მოგყავთ.

- მიწის ათვისება პირველივე წელს დავიწყე. როცა ეზო წყლის შემოსაყვანად გაითხარა, მიწის ამოვსების შემდეგ იმ მიწაყრილზე ლობიო და წიწაკა დავთესე. პირველ მოსავალზე ერთი დაკრეფა წიწაკა და მწვანე ლობიო მოვიდა. შემდეგ წელს ძველი ხეები მოვჭერი, სამშენებლო ნაგავი გავიტანე. სამუშაოდ ჩემი კარვით ჩავდიოდი და ეზოში ვშლიდი. მეზობლები მეხვეწებოდნენ, ღამე ჩვენთან გაათიეო, ვერაფრით ვუხსნიდი, ჩემთვის რამხელა რამ იყო საკუთარი ეზოს ქონა. ამიტომაც ვათევდი ღამეს კარავსა და საძილე ტომარაში... ერთადერთი გადახურული ადგილი *სოფლის ტუალეტი გახლდათ, სადაც ბარსა და თოხს ვინახავდი, მაგრამ ერთ-ერთ ჩასვლაზე მოპარული დამხვდა... მომდევნო წელს ეზოს დაბარვა დავიწყე. მთა კი არის, მაგრამ კარგი და სწორი ადგილია იალნოსა და გომბორის ქედებით, ახლოს არის სიონის ტბა, საბადურის ტყე, წმინდა მეფე არჩილ მოწამის საფლავი, მონასტერი. უნიკალური ადგილია...

დავიწყე წიგნით, ინტერნეტით სწავლა, გავიცანი ადამიანები, რომლებიც აგროსექტორში შრომობენ და დღემდე მეხმარებიან რჩევებით, "ფეისბუკზე" გაცნობილმა დავით დაბრუნდაშვილმა კი პამიდვრის ჩითილები ჩამომიტანა. დღეს დაახლოებით 250 კვმ მიწას ვამუშავებ.

- საზამთროდ პროდუქტს იმარაგებთ?

- ჩემი მოწეული ბოსტნეულით (კიტრი, ყაბაყი, პატისონი) მწნილი გავაკეთე. პამიდორი ჩავხრაკე, მოვიყვანე ლობიოც, გავაკეთე ტყემლის საწებელიც... მოკლედ, ხუმრობა-ხუმრობაში ზამთრისთვისაც რაღაცები მოვიმარაგეთ.

- როგორც ვიცი, მეტად დაკავებული ხართ, როგორ ასწრებთ იქ შრომას?

- ყოფილა შემთხვევა, საღამოს ამირბენია. მეგობრების დახმარებით 30-40 წუთში ავდივარ ხოლმე, ხან მიკროავტობუსს მივყვები. ბოლოს სოფლის სასარგებლოდ დავიწყე დროის მართვა - შესაძლოა, უარი ვთქვა ტრენინგის გამართვაზე, საქმიან წინადადებაზე და სოფელში წავიდე, იმიტომ, რომ უპირატესობას იქაურობის მოვლას ვანიჭებ.

შარშან ზაფხულში ასე მოვიქეცი, ბათუმში ტრენინგზე არ წავსულვარ, ოჯახთან ერთად სოფელში ვიყავი და ბოსტანს ვუვლიდი. ყველაფერს ბევრი შრომა სჭირდება და როცა ამ საქმეში თან დამწყები ხარ, სწავლობ, ცხადია, მეტ ენერგიას ხარჯავ. შარშან წვიმები იყო და პამიდორს სიდამპლე შეეპარა. მთელ სოფელს გაუფუჭდა მოსავალი. ჭრაქი ეგონათ და კლასიკური მეთოდით წამლავდნენ, ამიტომ ზოგმა მკვახე დაკრიფა. მე მეგობრებმა მირჩიეს, კალციუმის ნაკლებობამ იცის, დაუმატეო და როგორც კი კალციუმი დავახმარე, მშვენივრად გაიხარა.

იქაურობა მეტ-ნაკლებად მამარაგებს ნატურალური პროდუქტით, რასაც ბავშვებს ვუზოგავთ.

ფიზიკური შრომა მთავარ საქმეშიც მეხმარება - გონება ფსიქოლოგიურად და სულიერად ისვენებს. მოკლედ, ჩემი სოფელი დიდად მადლიანი ადგილია, რომელიც მკურნავს, მაჯანჯღარებს, ენერგიას მმატებს და სტიმულს მაძლევს.

- წლეულს რას გეგმავთ?

- ახალი ნერგების ჩაყრა მინდა, რადგანაც ხეები დაბერდა და კარგად ვეღარ ისხამს. შარშან ყაბაყმა ბადრიჯნის მაგივრობა გასწია, მიუხედავად იმისა, რომ ბადრიჯნის მშვენიერი მოსავალი მქონდა და ძირითადად, დავარიგე. წლეულს წინასწარ შევარჩიე, ნახაზიც შევქმენი ზამთარში, სად რას დავთესავ და დავრგავ. ბოსტანი ლამაზიც უნდა იყოს.

გლეხის სამუშაო მხატვრის სამუშაოს ჰგავს, როგორც მხატვარი იღებს ფურცელს და მასზე სამყაროს ქმნის, ასევე მიწაზე მომუშავე ადამიანი იღებს ცარიელ მიწას და მას ცვლის.

- საკუთარი გამოცდილებიდან რა რეკომენდაციას გასცემდით?

- ვისაც აქვს სადმე სოფელი და იქ ასვლა ეზარება, ვერ ხვდება, რამხელა განძს ფლობს. ჩვენ მძიმე და სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ და ადამიანმა დროდადრო თუ არ განტვირთა საკუთარი თავი, რთულია. მიწის დამუშავება ამის საუკეთესო საშუალებაა.

ლალი ფაცია