მეომარი ახლა თოხით იბრძვის - კვირის პალიტრა

მეომარი ახლა თოხით იბრძვის

"ახლა მინდა, ამერიკულმა ვაშლმა გაამართლოს. ჩემი უახლოესი გეგმები მას უკავშირდება. კომბოსტოსა და პომიდვრის მოსავლის გაზრდაც მინდა და ვნახოთ. თუ არ გაამართლა, სულ ავიღებ ბოსტნეულზე ხელს და მხოლოდ ხეხილს მივხედავ"

"მჯდომარე ფრენბურთში ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილი. მოხარული ვარ, რომ "ძლიერთა თამაშებზე" მედალი მაქვს აღებული. პრინცმა ჰარიმაც დამაჯილდოვა…"

გიორგი ბოჭორიშვილი გორის რაიონის სოფელ არაშენდიდან არის. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლისა ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. "ორი თვე ვიმკურნალე, მარჯვენა ფეხზე სერიოზული ჭრილობა მქონდა, 10 ოპერაცია გამიკეთდა", - ამბობს გიორგი.

სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია...

სოფელში მუშაობა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მშობლების დაწყებულ საქმიანობაში ენერგიულად ჩაერთო. მოჰყავს პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი, უვლის ვაშლის ბაღებს. მომავალში მეურნეობის გაზრდა-გაფართოებასაც აპირებს.

- თავიდან მშობლებს ვეხმარებოდი, ბაღში პამიდორი, კარტოფილი, ხახვი მოგვყავდა, მერე ერაყსა და ავღანეთში სამსახურით დაგროვებული დანაზოგით ფინანსურადაც დავეხმარე. მშობლებიც გვერდში მიდგანან - ერთობლივად ნაკვეთები გავაფართოვეთ, გვყავს საქონელი. ეს საქმე ჩემს ფერმერ ძმას აქვს ჩაბარებული. ოჯახის მესაქონლეობის "უფროსი" ეგ არის...

- კონკრეტულად რას საქმიანობ?

- ხილ-ბოსტნეული მომყავს. წლეულს კიდევ ერთი ნაკვეთი შევიძინე, სადაც ნახევარ ჰექტარზე ცოტა ხანში ამერიკული ჯიშის ვაშლი უნდა ჩავყარო და მოსავალს ორ წელიწადში მივიღებ.

- პროდუქციას სად ყიდი?

- გაყიდვა ბოლო დროს გაჭირდა... თუმცა თბილისში, ნავთლუღის ბაზარში,U საკუთარი ტრანსპორტით დამაქვს პროდუქტი და იქ ვყიდი...

- მიწები თქვენი ოჯახის საკუთრებაა?

- კი, ჩვენი საკუთრებაა, სულ 6 ჰექტარამდეა.

- ბოსტნეული რამდენზეა გაშენებული?

- ერთ ჰექტარზე მეტზე ვაშლი იქნება, ორ ჰექტარამდე კომბოსტო, პამიდორია, ორი-სამი ჰექტარი ქერს უჭირავს.

ვაშლის ჯიშებიდან გოლდენი და კეხურა გვაქვს. კეხურა ადრე მამაჩემმა ჩაყარა, გოლდენი კი - მე. მეტი გასავალი აქვს და ამიტომაც შევარჩიე.

ბოსტნეულისთვის შარშან ცუდი წელიწადი იყო, ახლაც მიწყვია გასაყიდად 12 ტონამდე კომბოსტო. როგორც წინა წლებში, ისე ვერ იყიდება... ორ კვირაში გორის კოლეჯში ხილის შენახვა-გადამუშავების მიმართულებით სწავლას დავიწყებ. მინდა, მეტი კულტურის შენახვა და მოვლა უკეთესად, საფუძვლიანად შევისწავლო, უფრო წინ წავიდე.

- ბევრი ადამიანი გყავს დასაქმებული?

- უმეტესად ვცდილობ, თვითონ ვიმუშაო, თუმცა საჭიროების მიხედვით მუშახელსაც ვიმატებთ. ხან სოფელში არ ვარ და ამ დროს სხვები გვეხმარებიან.

- ხეხილის შესაწამლავი სამუშაოები უკვე დაასრულეთ?

- რა თქმა უნდა. თუ გინდა, კარგი მოსავალი მიიღო, ამ სამუშაოების გარეშე არაფერი გამოვა. ყოველდღე მოვლა და ყურადღება უნდა. შეიძლება შეწამლო, მაგრამ მეორე დღეს იწვიმოს და ხელახლა გაგიხდეს ეს სამუშაო ჩასატარებელი...

- ეს პროცედურა ხეხილის ყვავილობისას კეთდება?

- შეწამვლა მანამ უნდა, სანამ ხეხილი კვირტს გახსნის და ყვავილი გაიშლება. გორში ატამს ახლა ვწამლავთ, ჯერ არ გაშლილა. ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ თუ რამე ბაქტერიაა, მოშორდეს. თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ "ბორდოს ხსნარი" შეასხუროთ, მაშინ მხოლოდ 1%-იანი, ნაყოფი რომ არ გააფუჭოს. ყვავილობამდე 3%-იანით შევწამლე. აყვავილებულს რომ შეასხუროთ, ნაყოფი ჯერ ქორფაა და დასცვივდება, თუმცა შესაბამისი შხამის გამოყენება შეიძლება. გარგარსა და ალუბალს არც ვწამლავ, ვაშლს კი, კარგი მოსავალი რომ მიიღო, წელიწადში 15-ჯერ მაინც სჭირდება ეს პროცედურა. ახლა მინდა, ამერიკულმა ვაშლმა გაამართლოს. ჩემი უახლოესი გეგმები მას უკავშირდება. კომბოსტოსა და პომიდვრის მოსავლის გაზრდაც მინდა და ვნახოთ. თუ არ გაამართლა, სულ ავიღებ ბოსტნეულზე ხელს და მხოლოდ ხეხილს მივხედავ.

- გამოცდილება დაგიგროვდა. სხვებს რას ურჩევ?

- მთავარი მონდომებაა და ყველაფერი გამოვა. თუმცა არის შემთხვევები, როცა სეტყვა ან სხვა გარე ფაქტორი მოსავალს გიფუჭებს და ასეთ დროს ხელის ჩაქნევა გინდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და იმედი არ დაკარგო. დამიჯერეთ, მთავარი შემართებაა.

საჭიროა მეტი განათლებაც, რათა პირად გამოცდილებას თეორიული ცოდნაც შევმატოთ. არაერთხელ შემქმნია საკითხის არცოდნით გამოწვეული პრობლემა. პროდუქტის შეწამვლას, მოყვანას, მის გაყიდვას, შესაბამისი უნარი და ცოდნა სჭირდება და მხოლოდ მამაპაპისეული გამოცდილება საკმარისი აღარ არის. პროფესიულ სასწავლებელშიც იმიტომ ჩავაბარე, რომ იქ მიღებული ცოდნით დაშვებული შეცდომები გამოვასწორო...

ახალგაზრდა ფერმერი კრივში საქართველოს ჩემპიონია. მონაწილეობა აქვს მიღებული დაჭრილთა შორის ტურნირებში. სამჯერ გახდა შეიარაღებული ძალების ჩემპიონი, ფლორიდის შტატში გამართულ "ძლიერთა თამაშებში" მეორე ადგილი დაიკავა. ფერმერულ საქმიანობასთან ერთად, გიორგი ვარჯიშს განაგრძობს. მარათონზეც 42 კილომეტრი ირბინა.

- პირველად 2015 წელს ვიყავი ამერიკაში, ქალაქ სან-დიეგოში, კალიფორნიის შტატში, სადაც მჯდომარე ფრენბურთში გუნდმა პირველი ადგილი დავიკავეთ. 2016-ში პრინც ჰარის პატივსაცემად გამართულ ტურნირში ქალაქ ორლანდოში, ფლორიდის შტატში, სირბილში პირველი ადგილი მერგო. მჯდომარე ფრენბურთში ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილი. ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც "ძლიერთა თამაშებზე" მედალი აქვს აღებული. პრინცმა ჰარიმაც დამაჯილდოვა.

ლალი ფაცია