ველურმა ქონდარმა თბილისურ ეზოშიც იხარა
10-04-2017
ველურმა ქონდარმა თბილისურ ეზოშიც იხარა
თბილისში, საბურთალოზე, ნანა ბალანჩივაძის სილამაზის სალონის ეზოში როზმარინის დიდი ბუჩქი იქცევს ყურადღებას. სილამაზის სალონის კლიენტები მასთან "სელფებსაც" ხშირად იღებენ და თითო-თითო ფოთოლი სახლშიც მიაქვთ... როგორ გაიხარა ევროპულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებულმა მცენარემ თბილისურ ეზოში და რით განსხვავდება ის საქართველოში გავრცელებული ქონდრის ნაირსახეობებისგან? ამის შესახებ ნანა ბალანჩივაძე გვესაუბრა:

- როზმარინი ველური ქონდრის ერთ-ერთი სახეობაა. მას ევროპული ქვეყნების კულინარიაში საპატიო ადგილი უჭირავს. ჩვენთანაც უკვე ხშირად იყენებენ მას, როგორც სანელებელს. ის ჩვენებური ქონდრის "ნათესავია".
ამბობენ, რომ მას განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები აქვს, რის გამოც გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც. მძაფრი სუნის გამო როზმარინის ეთერზეთებს პარფიუმერიაში მოიხმარენ. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროპული ქონდრის რამდენიმე სახეობაა გავრცელებული, ესენია: ე.წ. მცოცავი ქონდარი, ონჭო და ასევე, ტყის ქონდრის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა,
რომელიც თურმე მხოლოდ აფხაზეთში, კერძოდ, ბზიფის ხეობაშია ფერდობებს მოდებული. წამიკითხავს და გადმოცემითაც ვიცი, რომ ველური ქონდარი მრავალი დაავადების მკურნალია: დადებითად მოქმედებს საჭმლის გადამმუშავებელ სისტემაზე, აქრობს ანთებით პროცესებს, აქვს ნაღველმდენი ფუნქცია, გამოიყენება სასუნთქი გზების პრობლემების დროს, ამსუბუქებს ხველას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, გულის კუნთის მუშაობას და არტერიულ წნევას. სტრესისგან გამოწვეული თავის ტკივილის დროს კი მისი ეთერზეთების შეზელა შუბლის, კისრისა და საფეთქლების მიდამოში ტკივილს აცხრობს.

- როგორ გაჩნდა როზმარინის ბუჩქი საბურთალოზე, თქვენს ეზოში?

- ერთი ევროპული ქვეყნიდან ჩამომიტანეს. ქოთანი პატარა იყო და მიწაში გადავრგეთ. კარგად გაიხარა და მალე ასეთ დიდ ბუჩქად გადაიქცა. განსაკუთრებული მოვლა ან ხშირი მორწყვა არ დასჭირვებია. ბევრმა მითხრა, ტოტი რომ წავიღე, წყლიან ჭურჭელში ჩავდე და ფესვი გამოიღოო. ე.ი. შესაძლებელია მისი ქოთანში გადარგვა და გახარებაც.

- ე.ი. არ ვიცით, ამ თბილისური როზმარინის სამშობლო სად არის?

- არ ვიცი, თუმცა როზმარინი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა და სუბტროპიკების მთიანი მხარეების მშრალ და კირქვიან ფერდობებზე გავრცელებული მცენარეა. ამბობენ, რომ მისი სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზიაა, საიდანაც ის დასავლეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში გავრცელდა.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით