"13 ივნისის ის საშინელი ღამე ბიბიმ გადამატანინა"
17-04-2017
"13 ივნისის ის საშინელი ღამე ბიბიმ გადამატანინა"
"ამბობენ, ზოოპარკის ადგილას ბაღი გაშენდებაო და ძალიან მიხარია, რადგან ქალაქში იმდენი მანქანა დადის, სუნთქვა აღარ შეიძლება"

ოპერის ქართველ ლეგენდას, პროფესორს, უამრავი წოდების მქონე და დამსახურებულ ქალბატონ მედეა ამირანაშვილს ამჯერად სრულიად განსხვავებულ ამპლუაში იხილავთ. მას ძალიან უყვარს ბუნება და გარემოზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. გული სწყდება, რომ ადამიანებს ბუნება ნაკლებად უყვართ და ხშირად არ უფრთხილდებიან მას...

- ეს მცენარეები ცოცხალი არსებებია, ვრწყავ, ვეფერები, როცა მზეა, მას ვარიდებ, რომ არ მოიწყინონ, ყველა
ყვავილს ხომ არ უყვარს მზის სხივები. მცენარეების მსგავსად, მტრედები მიყვარს, რომლებსაც დილაობით აივანზე პურის ნამცეცებს ვუყრი, ისინიც ამას ელოდებიან, დიდის ამბით მოფრინდებიან და მეც სიხარულით ვხვდები.

- როგორც ამბობენ, კეთილი საქმე ადამიანს დადებითი ენერგიით ავსებს...

- სხვათა შორის, ჩემი ქორწილი ამ სახლში იყო და ბიძაჩემმა,
მამაჩემის ბიძაშვილმა, აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა, ორი მტრედი მაჩუქა. ეტყობა, გული უგრძნობდა, რომ მტრედებს შევიყვარებდი... დიდი ხნის განმავლობაში მყავდა კატა, ბიბი. ორი წლის წინ წყალდიდობა რომ მოხდა, ზოოპარკი ხომ ჩვენ წინ არის და ის საშინელი ღამე ბიბიმ გადამატანინა, შინ მხოლოდ მე და ის ვიყავით. არც შუქი იყო, არც გაზი... ადამიანივით ესმოდა ყველაფერი. ადრე ძაღლიც გვყავდა, ფოქსტერიერი, ავად თუ გავხდებოდით, მოგვიწვებოდა, თითქოს თანაგვიგრძნობდა.

- მცენარეები კარგად გაქვთ მოვლილი.

- ამას ყველა ამბობს. ალბათ გრძნობენ, რომ ისინიც მიყვარს და მადლიერების ნიშნად ასე ხარობენ...

- როგორ არჩევთ მცენარეებს?

- უფრო სილამაზის მიხედვით. ზოგჯერ მჩუქნიან. გვაქს ფიკუსი, ორქიდეა, ჩინური ვარდები, კაქტუსი, ირმის რქა, პალმა, ჭორიკანა... საზამთროდ შინ დავაბინავეთ. ცოტა ხანში, კარგად რომ დათბება, კვლავ აივანზე გავიტანთ.

- წყალი ყველა ყვავილს უყვარს?

- თითქმის, მაგრამ ზამთარში, ცხადია, ბევრი არ უნდა... კაქტუსი უზარმაზარ წითელ ყვავილებს ისხამს და მისი დანახვა ძალიან მიხარია, მაგრამ მალე ასრულებს ყვავილობას. ჩინურ ვარდსაც წითელი ყვავილები აქვს, ეგეც უცბად მოიყვავილებს და ჭკნება. არასდროს არც ერთი მცენარე არ გამფუჭებია...

- რას ურჩევდით მათ, ვისაც მცენარეები არ აქვთ, ან ცხოველები არ უყვართ?

- ვისაც ცხოველები, მცენარეები, ფრინველები არ უყვარს, გულის სითბო აკლია. ამიტომ ვურჩევ, შეიყვარონ ისინი, მათთან სიახლოვეს დიდი ენერგია მოაქვს. ქოთნის ყვავილის გახარებას რა დიდი შრომა უნდა? თუმცა ერთს შევთავაზე, კაქტუსს მოგცემ-მეთქი და - არ მინდაო... არადა, გარემოს გალამაზებაზე, ჰაერის გასუფთავებაზე ხომ უნდა ვიფიქროთ? ამბობენ, ზოოპარკის ადგილას ბაღი გაშენდებაო და ძალიან მიხარია, რადგან ქალაქში იმდენი მანქანა დადის, სუნთქვა აღარ შეიძლება.

- დიდი ხანია, 11-სართულიან შენობაში ცხოვრობთ?

- ამ სახლში გავიზარდე... ვერეს ხეობის პირველი წყალდიდობაც მახსოვს. იმ კადრებსაც ვერ ვივიწყებ. იმ დროს წავკისის ხევიც ადიდდა და ჭრელ აბანოებთან დიდი ტრაგედია მოხდა.

- აგარაკი თუ გაქვთ?

- როგორ არა, ნაფეტვრებში გვაქვს. წლეულს ვერ ავედი - საჭესთან უკვე ვეღარ ვრისკავ დაჯდომას, ცუდად მოძრაობენ მანქანები... აგარაკზე ყველაფერი ჩემი დარგულია, ხეხილი, კაკლის ხეები, ტიტები. როცა არ მეცალა, იქაურობას მებაღე უვლიდა. ახლა ხანდახან მეზობლები აქცევენ ყურადღებას... ბუნება ყველას უნდა უყვარდეს. როცა მას ვებრძვით, ან არ გვიყვარს, ის მერე სერიოზულად გვსჯის... მოვეფეროთ სამყაროს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები