გონიერი გლეხი მოსავალს თოვლშიც აიღებს - კვირის პალიტრა

გონიერი გლეხი მოსავალს თოვლშიც აიღებს

"ყოველ მეტრში, ასე, 12 კბილი ნიორი ითესება, ნათესს შორის დაშორება კი 7-8 სანტიმეტრია"

ნიორი მეტად სასარგებლო და ძვირფასი კულტურაა, ამიტომაც ძვირადაც ფასობს. ეს ჩვენს ქვეყანაშიც კარგად იციან, თუმცა ნივრის უხვად მოყვანა რატომღაც პრობლემაა. მიზეზი ბაზარზე ნივრის ფასის მკვეთრი ცვალებადობაა, რაც ფერმერებს აშინებთ. თუმცა არა საქმეში ჩახედულთ - წნორში, გიორგი ელაშვილმა ნივრის დათესვა მაშინ დაიწყო, როცა ნივრის თესლში იმაზე 2,5-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე ნივრის მოსავალი გაყიდა. ამის მიუხედავად, ნიორს 6 წლის განმავლობაში ბევრად მეტ ფართობზე თესავს და მოვლას არ აკლებს. თუ რატომ, ამის შესახებ არგუმენტირებული პასუხი აქვს. ზოგადად კი წნორელი ფერმერის მაგალითით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.

- მშობლებმა შრომას ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს, - 80 წელს მიღწეული მშობლები მყავს და დღესაც ვერავინ ნახავს მუხლჩახრილს. ასე რომ, ერთი დღეც არ მქონია ცხოვრებაში, მეთქვას, დღეს მუშაობა მეზარება და საქმეს ხვალიდან წამოვიწყებ-მეთქი. ადამიანი შრომისთვის არის გაჩენილი, როცა საქმის დაზარებას ვიწყებთ, ჩვენი საქმე მაშინ მიდის უკუღმა. მალევე მივხვდი, რომ უკეთესი შედეგისთვის ერთდროულად მეურნეობის სხვადასხვა დარგში უნდა მუშაობდე. ამიტომ მეც ხორბლის ნათესებსა და ვაზთან ერთად, ნივრის გაშენებაც მოვიწადინე. ერთ დღესაც ზვარში ძველანაგელი მუშახელი მყავდა და ერთ-ერთმა მითხრა, შენ ნიორსაც კარგს მოიყვან და ბარემ დათესე, ძვირი ღირს, სარგებელს უთუოდ მოგცემსო. იმ წელიწადს ნიორი მართლაც ძვირი ღირდა, ლამის ხორცს უსწრებდა ფასით და მეც ვუთხარი, თქვენ თესლი მომიტანეთ და ნიორს რატომ არ მოვიყვან-მეთქი! ძველანაგელები მართლაც ტრადიციული მენივრეები არიან, ამ სოფელში ნიორს ათადან-ბაბადან თესავდნენ და თესლიც, რასაკვირველია, კარგი ექნებოდათ. ჰოდა, მომიტანეს კილოგრამი 3 ლარად და 50 თეთრად. სულ 100 კილოგრამი ქართული და 300 კილოგრამი რუსული ჯიშის ნიორი. ეს უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე მოჰყავთ ჩვენს მიწაზე და უკვე ადგილობრივ ჯიშად ითვლება. ამ ჯიშებს შორის განსხვავება, ძირითადად, დათესვისა და მოყვანის დროშია.

ქართული ნიორი ოქტომბრის ბოლოს ითესება და ივნისში მოდის, რუსული კი სექტემბერში ითესება და ივნისშია მოსავალი. ვიფიქრე, მერე რა, რომ ქართული ნიორი ერთი თვით გვიან ითესება, მოდი, ვცდი და რუსულ ნიორთან ერთად დავთესავ, კარგად მოვუვლი და ვნახოთ, ვადაზე ადრე თუ ამოვა-მეთქი. მაგრამ შენც არ მომიკვდე, ბუნებამ თავისი კანონი არ დაარღვია, ქართული ნიორი მაინც ივნისში მოვიდა, რუსული კი მაისში. შენახული რუსული ნივრის თესლი ძალიან იკლებს. ასე რომ, ჩემი 400 კილოგრამი ნივრის თესლიდან დაახლოებით 250 კილოგრამიღა დამრჩა. თუმცა თესვისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ ნიორი კბილებად უნდა დაარჩიო და ასევე ჩათესო, რაც უფრო მსხვილ და მოსულ კბილებს დათესავ, მოსავალიც უფრო ხარისხიანი და მსხვილი მოდის. 250 კილოგრამი ნიორი მთელმა ოჯახმა 2-3 დღეში დავარჩიეთ და ნივრის 100-მეტრიან 42 კვალში დავთესე. კვლები 40-45 სანტიმეტრით დავაშორე ერთმანეთს. დათესვით კი ყოველ მეტრში, ასე, 12 კბილი ნიორი ითესება, ნათესს შორის დაშორება კი 7-8 სანტიმეტრია.

- მიწა, ალბათ, წინასწარ გექნებოდათ მომზადებული.

- წინასწარ მიწა მხოლოდ ნივრისთვის კი არა, ნებისმიერი კულტურისთვის უნდა მომზადდეს, თუკი კარგი მოსავალი გინდა მიიღო. მიწას სასუქიც ნივრის დათესვამდე უნდა მიაყარო. ნიორი აუცილებლად სამჯერ უნდა გათოხნო და წყალიც არ უნდა მოაკლო. როცა პირველად დავთესე ნიორი, მასში ბუნებრივი წყალი მქონდა მიგდებული. ასე რომ, არც მორწყვა მომიკლია და არც შეწამვლა. ამიტომაც ძალიან კარგი მოსავალი მივიღე - ერთ 100-მეტრიან კვალზე 100-200 კილოგრამი ნიორი, სულ დაახლოებით 5 ტონა. აქედან დიდი ნაწილი ადგილზევე გავყიდე, კილოგრამი დაახლოებით 1,5-დან 2 ლარამდე!

- ანუ ორჯერ უფრო იაფად, ვიდრე იყიდეთ?

- დიახ, იმიტომ, რომ წინა წელიწადს კილოგრამი ნიორი დაახლოებით 10 ლარი ღირდა და იმ წელიწადს ყველამ დათესა.

- ამიტომაც არის, რომ ხალხი ნივრის მოსავალს ვეღარ ეყრდნობა. მისი ფასიც ხან კატასტროფულად იზრდება, ხან მართლაც ნაქურჩალად ღირს.

- სწორედ ეგ არის პრობლემა. სიმართლე კი ის არის, რომ ნიორი ყოველთვის მოგცემს მოსავალს, თუკი მოუვლი. მე ბევრად ნაკლები მოსავალი მივიღე, მაგრამ, რაც მთავარია, ნივრის თესლი და კიდევ იმდენი მოგება დამრჩა, რომ ნიორი მომავალ წელსაც დამეთესა. მომავალ წელს დათესვა კი სწორედ ნივრის დაბალმა ფასმა გადამაწყვეტინა, - თუ იაფად გაყიდვითაც მოგება მრჩებოდა, რასაკვირველია, მაღალი ფასის პირობებში მეტ შემოსავალს ავიღებდი. ასე რომ, ახლა ნიორს 4 ჰექტარასმდე ნაკვეთში ვთესავ.

- გამოცდილი მეურნის გადაწყვეტილებაა.

- გამოცდილებამ არ მიმტყუნა. მეორე წელიწადს ისეთი და იმდენი ნიორი მივიღე - 25 ტონა, რომ ჩემს მოსავალზე მთელი რაიონი ლაპარაკობდა და მთელი რაიონი ჩემი ნივრით მომარაგდა. ასე რომ, ნივრის მოყვანა განვაგრძე და 3 წლის მერე ადგილიც შევუცვალე. ადგილმონაცვლეობა ნებისმიერი კულტურისთვის აუცილებელია. სამი წლის ნიორს დასუსტება რომ შევატყვე, სხვა ადგილზე დავთესე, სადაც წყალი არ იყო. იქვე სარწყავი სისტემაც დავამონტაჟე. ამ ყველაფერს იმ შემოსავლიდან ვაკეთებ, რასაც ჩემი შრომა მაძლევს.

- ნივრის ადგილზე რა დათესეთ, რა მოდის საუკეთესოდ ნივრის ფართობებში?

- სიმინდი. სიმინდი ივნისის ბოლოს დავთესე, ანუ მაშინ, როცა ავიღე ნიორი. ამ შემთხვევაშიც ექსპერიმენტი ჩავატარე, - ვიფიქრე, მოდი, ვსინჯავ, ივნისის ბოლოს დათესილი სიმინდი როგორი მომივა-მეთქი და... მოვიდა კარგი მოსავალი. ასე რომ, სიმინდის ყანაში ტრაქტორი დეკემბერში შევიყვანე, როცა უკვე თოვლი იყო და მოსავალიც თოვლში ავიღე!

- თქვენ რომ გისმენთ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ შრომას ნაყოფი აქვს.

- ასეც არის. საუბედუროდ, ჩვენთან შრომის დეფიციტია. გული მომიკვდება ხოლმე, როცა უცხოელებზე გაყიდულ საუკეთესო წნორულ ნაკვეთებს ვხედავ. ამ ნაკვეთების გამყიდველებმა ფული ერთ დღეს იშოვეს, ერთ დღეს დანაყრდნენ და მერე ისევ კვლავინდებურად სხვას გაუწოდეს ხელი, - გვშია და გვიშველეო. არადა, მიწა დიდი წყალობისა და სარჩოს მომცემია!

ეთერ ერაძე