ცხრა "მდედრს" + ერთი "მამრი" = კივის მოსავალს
24-04-2017
ცხრა "მდედრს" + ერთი "მამრი" = კივის მოსავალს
2 წლის წინ ამ პლანტაციაში მოწეული კივი გერმანიაში კარგად გაიყიდა. წლეულსაც გვაფრთხილებენ, ჩვენი კივის მოსავალი არავის მივცეთ, ალბათ, ერთიანად შეისყიდიან და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ. ამბობენ, რომ საქართველოში მოწეული კივი უფრო გემრიელი და კარგი ხარისხისაა, ვიდრე თურქეთისა და ირანისა, რადგან ჩვენ ქიმიურ წამლებს არ ვიყენებთ

თხილი, ვაზი, სიმინდი, ციტრუსები, თაფლი... - ეს იმ დოვლათის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მცხოვრებ დემურ ფიფიას თავის მამულში მოჰყავს. ფერმერი ჩვენი ქვეყნისთვის არატრადიციულ
კულტურაზე - კივიზე გვიამბობს.

- კივი ჩვენთან 1989 წელს შემოიტანეს ჯუმბერ პატიაშვილის ინიციატივით, რომელიც მაშინ მთავრობის მეთაური იყო. დალოცვილი მცენარეა, უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, უხვმოსავლიანობით გამოირჩევა და ადვილი მოსავლელია. მომგებიანი მცენარეა. თანაც ღობეების პირას ხარობს და მცირე ადგილს იკავებს.

- როგორ გადაწყვიტეთ კივის ბაღის გაშენება?

- მე რომ დავინტერესდი, კივი ზუგდიდის რაიონის ერთ-ორ სოფელში უკვე ჰქონდათ გაშენებული. ჯერ ლიტერატურა მოვიძიე და მცენარის აგროტექნიკა შევისწავლე. თავიდან რამდენიმე ძირი ჩვენს ბაღში გავახარეთ, ახლა კი ჩემს ნაკვეთში უკვე 120 ძირი კივი ხარობს და 5-6 ტონა მოსავალს მაძლევს. კივის ბაღის მოვლას ისიც აადვილებს, რომ მცენარე ნაკლებად ავადდება.

- ნერგების გაშენებისას მთავარი რა არის?

- ყოველ ცხრა "მდედრს" ერთი "მამრი" მცენარე უნდა შეურიოთ და ისე დარგოთ, თორემ დამტვერიანება ვეღარ მოხდება და კივის ბაღი ნორმალურ მოსავალს აღარ მოგცემთ. ნერგებს შორის დაშორება 40 სმ უნდა იყოს. კივი მხოხავი მცენარეა, სარზე აყვანა სჭირდება. თუ სწორად დარგავთ და მოუვლით, 1 ძირს სულ ცოტა 50 კგ-მდე ნაყოფის მოცემა შეუძლია. უნდა გააშენოთ საშუალო დონის მჟავიანობის ნიადაგზე. მცენარე ნიადაგზე მოკირიანებასაც და ზაფხულში მწვანე ოპერაციებსაც საჭიროებს. სხვათა შორის, მეტად კარგად ხარობს მიწაზე, სადაც ადრე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული.

- გაზაფხულზე მოულოდნელმა ყინვამ შესაძლოა მოსავალი გაანადგუროს...

- კივის მტერი საგაზაფხულო ყინვებია. მით უმეტეს, ჩვენთან სუბტროპიკული ჰავაა და ყველა მცენარეს ნაყოფი ადრე გამოაქვს. შარშან მოულოდნელად მოყინა და მთელი მოსავალი გაანადგურა. ზოგიერთმა ოჯახმა ერთი კილოგრამი ნაყოფიც ვერ მოიწია. ამის შემდეგ ბევრმა აიცრუა გული და ნერგები ამოძირკვა. მე ვერ გავიმეტე ჩემი კივის ბაღი. არსებობს ტექნოლოგიები, რომლებითაც პლანტაციის ყინვისგან დაცვა შეიძლება. იმედია, ეს საშუალებები ჩვენამდეც მოაღწევს, თორემ ყინვას ვინ შეაკავებს?

- 5-6 ტონა კივი მოგყავთ, ამდენ მალფუჭებად ნაყოფს როგორ ყიდით?

- აქაურ ბაზარშიც გაგვაქვს, თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც. ჩვენს სოფელთან ახლოს, ზედა ეწერშიც არის კივის დიდი პლანტაცია, 10 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. 2 წლის წინ ამ პლანტაციაში მოწეული კივი გერმანიაში კარგად გაიყიდა. წლეულსაც გვაფრთხილებენ, ჩვენი კივის მოსავალი არავის მივცეთ, ალბათ, ერთიანად შეისყიდიან და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ. ამბობენ, რომ საქართველოში მოწეული კივი უფრო გემრიელი და კარგი ხარისხისაა, ვიდრე თურქეთისა და ირანისა, რადგან ჩვენ ქიმიურ წამლებს არ ვიყენებთ. დაინტერესება საქართველოს სხვა კუთხეებშიც არსებობს, კახეთში წაიღეს ჩვენგან კივის ნერგები.

- წლეულს როგორ მოსავალს ელოდებით?

- კარგად ასხია და ამიტომ მოსავალსაც კარგს ველოდები. ბევრს ვშრომობთ, ჩემი მეუღლე მხარში მიდგას. როცა გაგვიჭირდება, ხალხსაც ვქირაობთ და ისინი გვეხმარებიან. პროფესიით აგრონომი ვარ, თუმცა ეკონომიკის ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. 61 წლის ვარ, რაც დავიბადე, მიწას ვეჭიდები. აგრონომადაც ვმუშაობდი, კომუნისტების დროს ხელმძღვანელი თანამდებობაც მქონდა, მაგრამ მიწას ვერ ვუღალატე.

- საქმიანობაში ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს?

- ვისურვებდი, მიწის საკითხი საქართველოში გლეხი კაცის სასარგებლოდ გადაწყდეს. ძალიან მინდა მეურნეობის გაფართოება, კივის დარგვაც მინდა, მოცვის, თხილის, მაგრამ მთავრობა ხელშეწყობის ნაცვლად ხელს მიშლის. მინდოდა, მიწა მეყიდა, სადაც შავი მოცვის გაშენებას ვაპირებდი, მაგრამ ისეთი უკუღმართი კანონი მიიღეს, რომ ვერ შევიძინე: მიწას, რომელსაც სახელმწიფო არ ყიდის, 15-წლიანი იჯარით გაძლევენ. რა უნდა მოვიყვანო ისეთ მიწაზე, რომელიც შეიძლება 15 წლის შემდეგ აუქციონზე გაიტანონ და გამიყიდონ? მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა მოგვყიდოს მიწები, რომლებსაც უკვე წლებია ვიყენებთ, მაგრამ ჯერ ჩვენს საკუთრებაში არ არის გადმოსული. მით უმეტეს, იჯარის თანხა ძალიან დიდია და აზრი არა აქვს მის გადახდას. იჯარით აღებულ მიწაზე მრავალწლიანი კულტურების მოყვანის უფლება არა გაქვს, ერთწლიანი კულტურების მოყვანა კი არარენტაბელურია. ჩემი აზრით, ასეთი კანონების მიღება, რომელიც ადამიანს შრომის ხალისს უკარგავს, მავნებლობაა.

ხათუნა ჩიგოგიძე

რედაქტორის რჩევით