დიასახლისს ყვავილები "ეგებებიან"
01-05-2017
დიასახლისს ყვავილები "ეგებებიან"
"სახლში მარტო ვარ-მეთქი, როგორ ვთქვა, ყვავილები ხომ ჩემ გვერდით არიან?!"

"ჩემს ყვავილებს ყველას ხელი არ მოსწონს. ჩემი და ქვედა სართულზე ცხოვრობს და რაც კი ყვავილი ჰქონდა, ჩემთან ამოიტანა, არ ხარობსო..."


მსახიობი ნანა შონია ამბობს, რომ ქოთნის ყვავილები უდიდეს სითბოსა და დადებით ენერგიას აწვდიან... ასე რომ, მას სრულიად სხვა როლში წარმოგიდგენთ. "მცენარეები ლამაზია და მომწონს. გარდა ამისა, ცოცხალია და შეგიძლია ამ სილამაზით, ცოცხალი ორგანიზმით სახლი დაამშვენო. მიყვარს შინ თბილი ატმოსფეროს შექმნა,
ამიტომ არ მიზიდავს რკინის, შუშის ნივთები, ავეჯიც ხის მასალის მომწონს. ამის გამო სახლიც, შეიძლება ითქვას, "ჰენდმეიდი" გამოგვივიდა. თან, ასეთი მიდგომით უფრო იაფიც ჯდება და ბევრი რამ ხელმისაწვდომია. ოდესღაც ნაყიდი საძინებელი, მაგიდა, მეორადი ავეჯი გავაახლეთ", - ამბობს ქალბატონი ნანა...

- მცენარეების მოვლა ძნელია. ზაფხ­ულში ქალაქიდან გასვლა
მიწევს და რაღაცები გამიფუჭდა.
როცა დათბა, აივანზე რამდენიმე ყვავილი გავიტანე, მაგრამ ქარიან დღეებს შეეწირა, პაპირუსიც ერთ ღამეში განადგურდა. ერთი ლამაზი მცენარე მქონდა, წლების განმავლობაში საოცრად გაიფურჩქნა, ამოსდიოდა და ამოსდიოდა ფოთლები, ქოთანში ვეღარ ეტეოდა, მერე მაღალზე შემოვდგი და ფოთლები ლამაზად ჰქონდა დაშვებული. წლეულს სახლში­ შემოვიტანე და უცებ ყველა ფოთოლი დასცვივდა. ღეროები მოვაცალე, მხოლოდ რამდენიმე დავტოვე, ახლა, მგონი, თავიდან იბადება... აგავა გამეყინა. შარშან­ საშობაოდ შობის ყვავილი რომ ვიყიდე, აგვისტომდე იშლებოდა, ხარობდა, მერე ზაფხულში სხვას დავუტოვე, რომ დავბრუნდი, გაფუჭებული დამხვდა. როგორც ჩანს, ჩემი ხელი მოაკლდა...

- როგორც ამბობენ, მცენარეები­ მგრძნო­ბიარეები არიან და მომვლელის ყურად­ღებას ითხოვენ...

- ასეა. ზაფხულში ხან ვინ არის სახლში, ხან - ვინ, რომ მორწყას და ეს, როგორც ჩანს, არ მოსწონთ. შობის ყვავილი წლეულსაც ვიყიდე, თავს მშვენივრად გრძნობს, ახალ-ახალი ფოთლები ამოსდის. კარგი იქნება, თუ ესეც არ გაიზიარებს შარშანდელი საშობაო ყვავილის ბედს.
რომ მოიწყენენ, მგონია, რაღაც სტკივათ, აწუხებთ, ამიტომ დროდადრო ვეფერები, ველაპარაკები. იმასაც ვატყობ, რომ თითოეული თავისი ხასიათით გამოირჩევა... მაგალითად, ჯუჯა ბროწეულს აივანზე ყოფნა არ მოსწონს. ერთხელ მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა და ჩემმა მეუღლემ, შოთიკო გლურჯიძემ მითხრა, ამას არაფერი ეშველებაო, თუმცა­ მაინც გასხლა, მხოლოდ ღერო დაუტოვა. ახლა პატარა ფოთოლი შევნიშნე. მოკლედ, დიდი პრეტენზიული "ტიპია".

- მცენარეების მოვლას დიდ დროს უთმობთ?

- ხანდახან დღის განმავლობაში ყურადღებას ვერ ვაქცევ, მაგრამ, მერე უცებ გამახსენდება, რომ არ მომირწყავს და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ყველას ვრწყავ... ხანდახან გადარგვა-გადმორგვაა საჭირო, მიწის გამოცვლა და განახლება...

- მცენარეებს რის მიხედვით არჩევთ?

- უმეტესად მაინც თვალში საცემი ყვავილები მიყვარს. მომწონს გვიმრა, რომელიც არ მქონდა და ჩემმა შვილმა დაბადების დღეზე მომიტანა. მაქვს მონსტერა. ძალიან დიდი იყო, გადაირია, იმდენი ფოთოლი გამოიბა, მერე ცოტა გავკრიჭეთ და მგონი, ცოტა მეტი მოგვივიდა, თუმცა ახალი ფოთოლი უკვე ამოუვიდა. პრეტენზიული მცენარე არ არის, დიდი ფოთლები რომ აქვს, მტვერი მალე დაეტყობა ხოლმე და ვწმენდ. ჰო, მას საახალწლოდ ვრთავ­ კიდეც. რამდენიმე მცენარე მაქვს, რომელთაც საახალწლოდ თავისი მოსართავი სამკაულები აქვთ.

პალმა მაქვს პატარა. კაქტუსიც. ჩემს ყვავილებს ყველას ხელი არ მოსწონს. ჩემი და ქვედა სართულზე ცხოვრობს და რაც კი ყვავილი ჰქონდა, ჩემთან ამოიტანა, არ ხარობსო... ყველაფერს ცოდნა უნდა და ამ მხრივ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. კარის მეზობელი მყავს 22 წლის ბიჭი, რომელიც სადარბაზოსაც კი ქოთნებით აფორმებს და აწყობს. ირაკლი მემცენარეობაში მაკვალიანებს და მეხმარება.

- ბავშვობაში არ გიზიდავდათ ქოთნის ყვავილების მოვლა?

- სიმწვანე ბავშვობიდან მომწონს. ზუგდიდში სახლი გვაქვს ლამაზი ეზოთი და იქ ყვავილები სულ ჰქონდა ბებოს. ბუჩქი იყო ერთი, ბებიაჩემი "გარდენიას" ეძახდა. დილით მაღვიძებდა მისი სურნელი. მერე კიბეზე ჩავირბენდი და იმ სურნელს შევისუნთქავდი, დაველაპარაკებოდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც დიდ ენერგიას მაძლევდა.

ჩემი ოცნებაა, მქონდეს კერძო სახლი, რომ უამრავი ყვავილი გავაშენო. სულ მშურს, ფილმებში რომ ვუყურებ, ხელთათმნით, ქუდითა და სპეციალური აღჭურვილობით ბაღში რომ საქმიანობენ ადამიანები, მცენარეებს რგავენ, უვლიან. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ქალაქ­გარეთ.
ბებია ვახსენე და მინდა გითხრათ, რომ ბებია ზუგდიდში ცნობილი ქირურგი იყო. მცენარეების და ეზოს მოვლა უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში დატვირთული იყო. 84 წლისა გარდაიცვალა და საოპერაციოშიც და ეზოშიც სიცოცხლის ბოლომდე საქმიანობდა... ახარებდა სხვადასხვა მცენარის ნერგს, ყვავილებს, ეზოში ჰქონდა მანდარინის, ლიმონის, კარალიოკის, ბროწეულის ხეები... ყველასა და ყველაფრის პატრონი იყო და კიდევ იმის თავიც ჰქონდა, ყვავილებისთვის მოევლო. მე მათი მოვლა 13 წლის წინ დავიწყე - მეორე ბიჭზე ფეხმძიმედ ვიყავი და სახლში რემონტი რომ გავაკეთეთ, პირველი მცენარე მაშინ შემოვიტანე. ეს იყო დიდი აგავა. ის ძირი კი გამიფუჭდა, მაგრამ "შვილები" ჰყავს და ისინი იზრდებიან. მოკლედ, ყველაფერი თავისთავად მომწიფდა. მეუღლეც მხარს მიბამს, მაგალითად, კვიპაროსი თვითონ მოიტანა.

სახლში მარტო ვარ-მეთქი, როგორ ვთქვა, ყვავილები ხომ ჩემ გვერდით არიან?! მიყვარს, აივანს რომ დავალაგებ, გარეთ გავალ და ჩამწკრივებული ქოთნები მხვდება... დიდი ენერგია და სტიმულია.

ლალი ფაცია
dala
16 მაისი 2017 23:59
ყვავილები მეც ზალიან მიყვარს გეტანხმები ხელზე ბევრია დამოკიდებული

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა