"როცა ბოცვერს რამე აწუხებს, ფეხებს აბაკუნებს"
01-05-2017
"როცა ბოცვერს რამე აწუხებს, ფეხებს აბაკუნებს"
"მე გრძელბეწვიანი ჯუჯები მყავს. მათ საქართველოში პოპულარობით ბოლო ხანს ყველას გაუსწრეს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისინი საცხოვრებელ ბინებში ჰყავთ, როგორც თუთიყუშები გალიაში"

"შევხედავ ხოლმე ჩემი პატარა ქალიშვილის მიერ გამოპრანჭულ, დავარცხნილ, კულულებდაწნულ ბაჭიებს და ყველაფერი მავიწყდება. ისინი ძალიან უვნებელი, თბილი და საყვარელი არსებები არიან"


ზვიად ტუჩაშვილი პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, ნატახტართან ახლოს, სოფელ ახალუბანში კი ბოცვრების მინიფერმა აქვს.
- ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით - ბაჭიები. ბევრი ვიბრძოლე, სანამ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჯიშებს მოვაშენებდი. აგარაკის
შეძენის შემდეგ შევძელი, ეზოში ფერმა მომეწყო. როცა გადავწყვიტე, საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი, სამწუხაროდ, საქართველოში შეძენილი ბოცვერი არ გამომადგა. მერე ინტერნეტი მოვიშველიე და დიდი ხნის შემდეგ სომხეთიდან ჩამოვიყვანე სუფთა სისხლის ბოცვრები.

- ჯიშებიდან რომელს გამოარჩევდი?

- ყველა ჯიში ინდივიდუალურია და საუცხოო, მაგრამ არსებობენ გასაკუთრებულები, მაგალითად, ახალზელანდიური
საუკეთესო თვისებებითა და სილამაზით გამოირჩევა. პირველი ახალზელანდიური საქართველოში მე შემოვიყვანე ჩეხეთიდან. ახლახან მყავდა რექსის ჯიშის ბოცვერი, რომელსაც მოკლე, 5 მმ-იანი ბეწვი აქვს. ეს ბეწვი საერთაშორისო ბაზარზე ძვირი ღირს.

- ამ კუთხითაც ხომ არ გიფიქრია შემოსავალზე?

- საამისოდ საქართველოში არ არის გამართული ბაზარი, თბილისში რამდენიმე ადგილას ბოცვრის დაუმუშავებელ ტყავს 1 ლარად ყიდიან. ხოლო დამუშავება 20 ლარიც კი ღირს. ვიცი, რომ ადრე ამუშავებდნენ და საზღვარგარეთაც გაჰქონდათ, ახლა ვერაფერს გეტყვით. ზოგჯერ ტყავს ყიდულობენ ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებლად. ამბობდნენ, დუშეთის რაიონში თურქები ტყავის გადამმუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავდნენო. მას შემდეგ აღარაფერი ისმის, თუმცა ეს დიდად არც მაინტერესებს.

- ამჯერად რა ჯიშები გყავს?

- ახალზელანდიური, ვერცხლისფერი კურდღელი და დეკორატიული ჯუჯა, რომელთა წონა 500-800 გრამია. ეს არის გერმანიაში გამოყვანილი ჯიში, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში მისგან ახალ-ახალი ჯიშები გამოიყვანეს. მე გრძელბეწვიანი ჯუჯები მყავს. მათ საქართველოში პოპულარობით ბოლო ხანს ყველას გაუსწრეს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისინი საცხოვრებელ ბინებში ჰყავთ, როგორც თუთიყუშები გალიაში. ჯუჯებს გამოარჩევს მათი ოჯახური ცხოვრების სტილი. შეჯვარებისას ერთ ოჯახს ქმნიან და ბაჭიების აღზრდაში ორივე მონაწილეობს. სხვა ჯიშებში ეს მკაფიოდ არ შეიმჩნევა. ვერცხლისფერი, "სერებრიანი" ბაჭიები შავები იბადებიან და სამი თვის მერე იცვლიან ფერს. ძალიან ჰგვანან ახალზელანდიურებს. ორივე ჯიში განსაკუთრებული აღნაგობით გამოირჩევა.

საერთოდ, გარდა ჩვეულებრივი გარე­ული, ე.წ. ინგლისური კურდღლისა, ყველა გამოყვანილია. ვისაც გამოჰყავდა ესა თუ ის ჯიში, თავის სახელს არქმევდა, მაგალითად, იყო ფლამანდიური ჯიში, რომელმაც შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ცვლილებები განიცადა და ვის ხელშიც იყო, მის გვარ-სახელს იღებდა. ასე გაჩნდა შტოკენი, რიზენი, რექსი და სხვ.

- ძნელია მათი მოვლა?

- ბოცვრებს, ძირითადად, ქერს ვაჭმევ. დამატებით ვაძლევ ხილ-ბოსტნეულსაც. კომბოსტოს მიცემა არ შეიძლება, ჭარხალი - შეზღუდული რაოდენობით, სტაფილო კი - რამდენიც მოესურვებათ. კურდღლებს­ იმუნიტეტი სუსტი აქვთ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. არსებობს საკვები გრანულებიც, რომლებიც ყველა ჩამოთვლილ საკვებს შეიცავს. კბილებისა და ძვლების გასამაგრებლად კარგია ბუნებრივი საშუალება თუთის ყლორტებისა და ფოთლების სახით. აუცილებელია წელიწადში ერთხელ აცრა და ჭიებზე დამუშავება. როცა ბოცვერს რამე აწუხებს, ამას ფეხების ბაკუნით გამოხატავს.
ბაკუნისას ფეხისგულები უსკდებათ და დაზიანებული უბნის მორჩენა ძნელია.

რადგან ფერმა აგარაკზე მაქვს, ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი მომცრო და ნაკლებად პრეტენზიული ჯიშები აღმოჩნდა, რომლებიც ცოტას ჭამენ და ყოველწუთიერი ყურადღება არ სჭირდებათ. რაც უფრო დიდი წონისაა ბოცვერი, მით უფრო ძნელდება მისი მოვლა-პატრონობა, ამიტომ დეკორატიულ ჯიშებს ვარჩევ.
ბაჭიებს შობენ 28-33 დღის განმავლობაში. დეკორატიული იშვიათად იძლევა 4-5 ბაჭიაზე მეტს, ამიტომაც არის მათი ფასი მაღალი. ყველაზე "მეტ ბაჭიას შობს კალიფორნიული კურდღელი, თან ის ჭკუითაც გამოირჩევა.

ერთხელ ფერმაში ასეთი რამ შემემთხვა: დედამ 14 ბაჭია შობა, ძუძუ კი მხოლოდ 8 ჰქონდა, ამიტომ ბუდე ორ ნაწილად გაყო. რიგრიგობით აწოვებდა და თოთხმეტივე გაზარდა. საოცრება იყო. კურდღლის ქონით კოსმეტიკაში ყველაზე ძვირად ღირებულ მალამოებს ამზადებენ. ეს მალამოები ჩემს ოჯახში ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზე დევს. საუცხოო რამეა ბავშვებისთვის ჭრილობებისა და ნაკაწრების მოსარჩენად....

- კარგ ფასად გეყიდებათ?

- დეკორატიულების ფასი 50-დან 100 ლარამდე მერყეობს. ფასი ხარისხის მიხედვით უნდა ისაზღვრებოდეს, მაგრამ ჩვენთან, მგონი, პირიქით, უხარისხობის მიხედვით განისაზღვრება ფასი. ქართველი მებოცვრეები ამბობენ, ხარისხიანი, კარგი ჯიშის კურდღელი რომ იბადება, უკვე 5 ლარი ღირსო. თუმცა ზოგი ამას არაფრად დაგიდევს, უხარისხოს, უჯიშოს ყიდიან 7 ლარად და მეტად, კალიფორნიულის ფასი კი 40 ლარამდეც ადის.
სუფთა ჯიშის კურდღელს პასპორტი მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამას არავინ აქცევს­ ყურადღებას, ის მაინც საჭიროა. ამის მიხედვით ირკვევა კურდღლის წარმომავლობა დაწყვილებისას. აუცილებელია, დედალ-მამალი სხვადასხვა კურდღლის ოჯახიდან იყოს. სისხლის აღრევა ისედაც დაბალ იმუნიტეტს უფრო უქვეითებთ.

რაც შეეხება შემოსავალს... ეს ჩემთვის, უპირველესად, ჰობია, გატაცება და მერე - სხვა რამ. მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. დღემდე 10 ათას ლარზე მეტი ვიზარალე, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე მათზე უარის თქმა, იმდენჯერ გადავთქვი. შევხედავ ხოლმე ჩემი პატარა ქალიშვილის მიერ გამოპრანჭულ, დავარცხნილ, კულულებდაწნულ ბაჭიებს და ყველაფერი მავიწყდება. ისინი ძალიან უვნებელი, თბილი და საყვარელი არსებები არიან.

კახა მჭედლიშვილი

რედაქტორის რჩევით