"200 ფრთა დეკორატიული ქათამი მყავს და ყველა მცნობს"
08-05-2017
"200 ფრთა დეკორატიული ქათამი მყავს და ყველა მცნობს"
როცა ქობულეთელმა მირზა მეგრელიძემ დედ-მამას პირველი "უცნაური" ქათამი­ იძულებით აყიდვინა, ყველას ეგონა, ცოტას გაერთობა და მალე მიივიწყებსო, მაგრამ დღეს მირზა დეკორატიული ფრინველების პროფესიონალი კოლექციონერია. მისი ფერმის შესახებ ქვეყანაში იციან და კონსულტაციებსაც იღებენ - ეგზოტიკური ფრინველებით ბევრია დაინტერესებული, თუმცა მათი მოვლისა და უდანაკარგოდ გამრავლების სწორი მეთოდები ცოტამ თუ იცის...

- დღესაც არ ვიცი, რატომ მომინდა მაინცდამაინც ეგზოტიკური ფრინველების ფერმა მქონოდა. თუმცა, ახლა ჩემს საქმიანობას ყველა მიეჩვია და გვერდშიც მიდგანან, მაგრამ ვერ
ვიტყვი, რომ დიდი ხალისით. ჩემს კოლექციას ჩემი ცოლიც და ვაჟიც ცოტა ალმაცერად უყურებენ, მაგრამ მაინც მეხმარებიან, ჩემი 4 წლის ქალიშვილი კი სულითა და გულით ჩემი თანამოსაგრე გახლავთ. დედაჩემსაც არ ხიბლავს ჩემი ფრინველები, მაგრამ თუ შინ არ ვარ, ფერმას სანიმუშოდ უვლის... ჩემმა ბიძაშვილმა უკრაინიდან თვითმფრინავით ჩამოიყვანა
ინდურ-ჩინური შამოს ჯიშის მოჩხუბარი ქათმები და რამდენიმე მეც შემახვედრა. ჩვენში მცირე ზომის ეგზოტიკური ცხოველ-ფრინველები ძირითადად თვითმფრინავით შემოდის.

- ყუთებში გამოკეტილი ცხოველ-ფრინველისთვის თვითმფრინავის საბარგულით ტრანსპორტირება ალბათ ძნელია.

- რასაკვირველია. გაგუდულან კიდეც - განსაკუთრებით, ცხოველი ვერ უძლებს წნევის ცვალებადობას... თუმცა, თუ უცხოეთიდან არ ჩამოიყვანე, მაშინ არც ეგზოტიკური ჯიშები იარსებებს. მერე ზოგიერთი სხვადასხვა ეგზოტიკურ ჯიშს აჯვარებს და ასე გამოდის ბუნების საოცრება. სხვათა შორის, ეს ინდურ-ჩინური მოჩხუბარი ქათმები მეც შევაჯვარე სრულიად სხვა ჯიშის მოჩხუბარ ქათამთან (სუმატრა). ეს შეჯვარების უიშვიათესი შემთხვევაა, რადგან სუმატრა ძალიან აგრესიულია და ყველა ჯიშის ქათამს ერჩის. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებ.
თითქმის ყველა ეგზოტიკური ჯიშის ქათამი მხოლოდ იმდენ კვერცხს დებს, რაც მის გასამრავლებლად არის საჭირო - ის არ არის შექმნილი ადამიანის კვერცხით მოსამარაგებლად. მოჩხუბარი ქათმები გამრავლების სეზონზე მხოლოდ 7-8 კვერცხს დებენ, ხოლო თუ გადააკრუხებ, ისევ დაიწყებს კვერცხის დებას, მაგრამ უკვე 2-3 კვერცხით ნაკლებს დადებს.­ თუ ამ შემთხვევაშიც აიძულე, რომ ისევ გადაკრუხდეს, შესაძლოა აღარ დადოს... ასეთი­ გახლავთ ბუნება, ყველაფერი იმ კოდზე მუშაობს, რომელიც მასშია ჩადებული, რისთვისაც ის არის შექმნილი. ასე არიან დეკორატიული აბრეშუმა ქათმებიც (აბრეშუმივით რბილი, ბეწვისნაირი ბუმბული აქვთ), რომლებიც ცივ არეალში არიან გამოყვანილი და სითბოს ვერ იტანენ. წლევანდელ ზამთარში თოვლმა 1 მეტრს რომ გადააჭარბა, ყინვა კი მინუს 3 გრადუსი იყო, აბრეშუმა ქათმები ღია გალიებში დებდნენ კვერცხს, ხოლო როგორც კი მზე გამოიხედავდა, მაშინვე სიცხისგან პირს აღებდნენ. ამიტომაც ზაფხულში გრილ ადგილას მყავს.

ბოლო დროს შეEვიძინე კოლუმბიური ბრამა. ეს გოლიათი ქათამი 7 კილოგრამამდე იზრდება და საქათმეში ვეღარ ადის, უნდა აიყვანო. ბრამა სეზონზე 30-40 კვერცხს დებს, სწორედ იმდენს, რომ გამრავლდეს...

- 7-კილოგრამიანი ქათამი ინდაურის წონაა.

- ეს მეხორცული ქათამია. კვერცხი საბერძნეთიდან შემოიტანეს ბათუმში და გაამრავლეს - ჩვეულებრივ კრუხს გამოაჩეკინეს. მეც იქ ვიყიდე. ეს ქათამი, როცა ზრდას დაასრულებს, ძალიან ცოტა საკვებს­ იღებს. წონის გამო ბევრს ვეღარ მოძრაობს და კალორიებსაც ნაკლებს ხარჯავს. მე 6 ფრთა კოლუმბიური ბრამა მყავს და დღის განმავლობაში ექვსივე მხოლოდ ნახევარ კილოგრამ საკვებს ჭამს... მეტი პატრონმაც არ უნდა მისცეს - გაცხიმიანდება და ეს დაცემას გამოიწვევს, გამრავლებაზე კი ფიქრიც ზედმეტი იქნება.

- წონის მომატებასაც კი გამრავლებასთან აკავშირებთ.

- თუ ისედაც ამხელა ქათამი წონას მოიმატებს, გამრავლების ორგანოებიც ცხიმში გაეხვევა და რეპროდუქციულობას შეწყვეტს.
პროფესიით ზოოვეტერინარი ვარ, ფრინველებს დაავადებას წინასწარ ვატყობ.

- დაავადებას წინასწარ როგორ ატყობთ?

- ზოოვეტერინარობა არც არის საჭირო. გონიერი პატრონი ფრინველს საკვებს რომ დაუყრის, უნდა დააკვირდეს, კენკვას რა დროს დაიწყებს, ბევრს აკენკავს თუ ცოტას და მიხვდება, რამე თუ სჭირს.
ახლა ძალიან არის გავრცელებული ფრინველების დაავადებები, მათ შორის საფოსტო მტრედების ჭირი, რომელსაც ვეღარც შველი. ამ დაავადებასაც ადრევე ვატყობ, როცა მისი განკურნება შეიძლება. როცა ფრინველს დაავადება ეწყება, მოწყენილი და დეპრესიულიცაა...
ყოველი სულიერი რაღაცით ჰგავს ადამიანს, გარემოს ცვლილებაზეც კი აქვთ განცდები, სხვაგან, არაკომფორტულ გალიაში გადაყვანაც ცვლილებას იწვევს, მაგალითად, ზოგი კვერცხის დებას წყვეტს. ტანით ძალიან მცირე ზომის დეკორატიული ფრინველები, რომლებიც ასევე მცირე ველური ფრინველებისგან არიან გამოყვანილი, ბუნებასთან ახლოს ყოფნას ცდილობენ და ეს ილუზიური სიახლოვე უნდა შეუქმნა. მე მცირე ზომის დეკორატიულებს მუყაოსგან, ერთგვარად დასამალავი, კვერცხსადები ადგილი გავუკეთე. კვერცხის დასადებად იქ შეძრომა ისე მოსწონთ, რომ ამ "ბუდეების" გაკეთების შემდეგ კვერცხის დებას მოუმატეს.

- თქვენმა მტრედისოდენა ქათმებმაც?

- დიახ, და სხვამაც. ჩემი მტრედისოდენები ჩეხური თეთრი ჯიშის არიან. დედალი 150 გრამს, მამალი კი 300 გრამამდე იწონის. ზუგდიდის სოფელ ხორგადან ჩამოვიყვანე. პირველად რომ დავინახე, დავეჭვდი - ამან კვერცხი როგორ უნდა დადოს-მეთქი; მაგრამ დადო და კიდეც გამრავლდა. სოფლებში ხშირად ისეთი კარგი ჯიშები შემხვედრია, რომ გამკვირვებია.

- რა დროს ხარჯავთ მათ მოვლაზე?

- ყოველდღე, დილა-საღამოს 2-2 საათს ვანდომებ, მაგრამ ეს საქმე მიყვარს და მსიამოვნებს... 200 ფრთა დეკორატიული ქათამი მყავს და ყველა მცნობს.

ზოგიერთს ისეთი ხმა აქვს, მისი მოსმენა უზომოდ მომწონს. მამლები რაღაც ხმებს გამოსცემენ დედლების "მოსახიბლავად". ცოტა ხნის წინ ვიშოვე რუსული მცირე ზომის დეკორატიული ჯიში, რომლის მამალი განუწყვეტლივ "ელაპარაკება" დედალს. ეს ზოგჯერ იმდენად მუსიკალურია, რომ უნებურად ვჩერდები და ვუსმენ.

- თქვენს ქათმებს ხორცი და კვერცხიც ალბათ ეგზოტიკური გემოსი აქვს.

- დეკორატიული ქათმების სპეციფიკა, მათ შორის, 7-კილოგრამიანისაც, სწორედ ეს ეგზოტიკური გემოა. ჩემი აზრით, საუკეთესო გემოა, ჩვეულებრივ ქათმის ხორცთან შედარებით. ოღონდ, მათი ხორცი, განსაკუთრებით მცირე ზომის დეკორატიულებისა, ძალიან შავია.
ამას წინათ ჩემი მეგობ­რის სტუმრის პატივსაცემად საგანგებოდ დავკალი აბრეშუმა ქათამი. მეგობარმა ფრთხილად მკითხა, - ალბათ დიდი ხნის დაკლულია, გაშავებულაო. გამ­ეცინა, - ჯერ მიირთვი და მერე მითხარი, რომ ძველია, ნახევარი საათის დაკლულია-მეთქი. გასინჯა და ძალიან მოეწონა... თუმცა მე მათი ყურება უფრო მხიბლავს, თუკი მათ სილამაზეს ხინჯი გაუჩნდა, გუნება მიფუჭდება.

ეთერ ერაძე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები