როგორ იწრთობოდა ჯალარის მახვილი
08-05-2017
როგორ იწრთობოდა ჯალარის მახვილი
"ჩვენებური ჯალარის მეთოდი, ის უნიკალური ცოდნა, რაც ოდითგან იყო საქართველოში მომხდურებმა მიითვისეს. მას შემდეგ საერთოდ აიკრძალა კიდეც საქართველოში ცივი იარაღის დამზადება-წარმოება. რაც რეჟიმს გადაურჩა, 90-იან წლებში განადგურდა და განიავდა. ამ ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ეს დარგი მოისპო, ხელობის მცოდნე ცოტაღა შემოგვრჩა"

იურისტ მიხეილ დათაშვილს რუსთავში ცივი იარაღების სამჭედლო აქვს და საყვარელ საქმიანობას მეგობარ ოსტატ ბადრი გამყრელიძესთან ერთად მისდევს.

- როდის დაიწყეთ რკინასთან ჭიდილი?

- სამჭედლო 2014 წელს გავხსენით და მუშაობას
ორი ოსტატი შევუდექით. ჩვენთან იჭედება თითქმის ყველა სახის ცივი იარაღი - ძველი სტილის საბრძოლო დანები, ხანჯლები, ხმლები და ცულები, ასევე თანამედროვე სამხედრო დანიშნულების იარაღი. გარდა ამისა, ვამზადებთ­ ყველა სახის სამონადირეო, სათევზაო, საკოლექციო, სამზარეულო დანებს.

სამჭედლოში მთავარი გრდემ­ლი, ქურა და ჩაქუჩებია, გვაქვს მექანიკური ურო დიდი ზომის
სხვადასხვა დეტალის გამოჭედვა-გამობრძმედისა და გაწელვა-გაბრტყელებისთვის. ვიყენებთ ბუფელის ღუმელს, ბორმანქანას, სხვადასხვა გასაპრიალებელ ძრავებს სალესი ქვებისთვის, საიუველირო ინსტრუმენტებს, რომლითაც ხდება ნაკეთობის შემკობა.

- ლითონს როგორ არჩევთ?

- ცივი იარაღისთვის მაღალნახშირბადოვანი ფოლადი გამოიყენება, მტკიცეა და მჭრელი. თუმცა მთავარი მჭედლის ოსტატობაა. მან უნდა მიაგნოს "ოქროს შუალედს" - მახვილის პირი მინასავით გლუვი, თან დრეკადი იყოს, მაგრამ გადაღუნვისას არ გადატყდეს.
ახლახან დავიწყეთ ძველებური რკინის, ქართულად - ჯალარის (ჯავარდენი, ჯავარიანი ლითონი) გამოყენებაც. ეს შენადნობები მსოფლიოში ცნობილია ბულატის სახელწოდებით, რომელთაგანაც ოდითგანვე ამზადებდნენ იარაღს. ბულატში, ფოლადთან შედარებით, მეტი ნახშირბადია. ამგვარი შედგენილობის მისაღებად სპეციალური ყალიბები კეთდება, სადაც ლითონს ხელახლა ადნობენ და ნახშირბადით ამდიდრებენ. საქართველოში მხოლოდ ერთი ოსტატი, გორელი მჭედელი ზაქრო ნონიკაშვილი ამზადებს "ქართულ ბულატს", მალე ჩვენც გვექნება ჯალარის ნამზადები.

- თქვენი ოსტატი ვინ იყო?

- ბავშვობიდან მიყვარდა ეს საქმე... ერთხანს რუსეთში ვცხოვრობდი, იქ სამჭედლო კულტურა ძალიან მაღლა დგას. ვეცნობოდი ცივი იარაღის საუკეთესო ოსტატების ნახელავს, ჭედვის ხელოვნებას - იარაღის პატარა ქალაქ-ქარხნებში, მათ შორის განთქმულ ქალაქ ზლატოუსტში, სადაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს მუშაობდნენ საუკეთესო ოსტატები... საქართველოში დაბრუნებისთანავე შევუდექი სანუკვარი ოცნების ასრულებას და დღეს საკუთარი სამჭედლო გვაქვს, ასე რომ, არავის შეგირდი არ ვყოფილვარ, ჩემი მასწავლებელი და დამაოსტატებელი ჩემი მონდომება იყო.

- როგორ იწრთობა ფოლადი?

- ახალი ტექნოლოგიები წრთობის ნაირგვარ საშუალებას გვთავაზობს. რკინა რაც ნაკლებად გაცხელდება, მით ნაკლებ ნახშირბადს დაკარგავს და სიმტკიცეს შეინარჩუნებს. თავიდან ნახშირბადოვანი ფოლადი უნდა გამოწვა. არის იარაღის კატეგორია, რომლის დამზადებასაც გამოწვა აუცილებლად სჭირდება.­ შემდეგ იწრთობა ქურაში, გრდე­მლზე უროებით იჭედება, იკვერება, სალეს ქვებზე ეძლევა ფორმა.

- როგორი უნდა იყოს კარგი მახვილი?

- გააჩნია, ვის რისთვის სჭირდება. არსებობს სამხედრო დანიშნულების, სამონადირეო მეთევზური დანები, ზოგს საჩეხი უნდა, ზოგს საკლავი, სატყავებელი, სათლელი და ა. შ. ყველაზე უბრალო, მაგრამ ხარისხიანი, მუშა, 15 სმ-იანი პირის მქონე დანის ფასი 300 ლარიდან იწყება, ხანჯლების და ხმლების 1000 ლარიდან, ცულების - 500-დან ქართული ძველებური საბრძოლო ხმლის უამრავი სახეობა გვაქვს გაკეთებული კერძო კოლექციონერებისთვის. ჩვენი შემკვეთები ძირითადად სხვადასხვა ქართული და უცხოური ორგანიზაციები არიან, გვქონდა შეკვეთა თავდაცვის სამინისტროდან, გვაკითხავენ თევზაობა-ნადირობის მოყვარულებიც. კარგი ნახელავი დიდ შრომას მოითხოვს. ნაკეთობას აძვირებს მოვარაყება, მოსევადება, მოზარნიშება, მოოქვრა-მოვერცხლა.

- წრთობის განსხვავებული რეცეპტი თუ გაქვთ?

- მეტალურგია უძველესი დარგია და სიახლის შემოტანა დღეს რთულია. არის იარაღის საწარმოები, სადაც მწარმოებლებმა ფხვნილოვანი ლითონი შექმნეს, თუმცა კარგი ცივი იარაღი კვლავ ძველი, ტრადიციული მეთოდებით იჭედება და მისი სიკარგეც ოსტატების ცოდნაზეა დამოკიდებული. სატევარი და ხანჯალი რთული დასამზადებელია და დიდი დრო და ენერგია მიაქვს, მახვილის პირზე ღარების ამოღება დაკუთხვის, დაპრესვის მეთოდით ხდება და ხანჯალი უმტკიცესი გამოდის. გამოჭედვისას უნდა დაიცვა ხანჯლის სახეობების წრთობის ტრადიცია, მისი წარმომავლობა, ხასიათი, შემკულობა და სხვ. ზოგადად, ქართულმა სამჭედლო ხელოვნებამ დიდი როლი ითამაშა მსოფლიოში სამჭედლო ტექნოლოგიების განვითარებაში. XIX საუკუნეში, საქართველოდან რუსმა სამთო ინჟინერმა და მეტალურგმა პაველ ანოსოვმა, ქართველი მჭედელი ძმები ელიზარაშვილები, შანტაჟით და ათასნაირი მოსყიდვით, სწორედ ზლატოუსტის ქარხანაში წაიყვანა, რადგან იმპერიას საუკეთესო ცივი იარაღი და კარგი მეიარაღეები სჭირდებოდა. იმ დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო ასეთი დომინანტური. ასე რომ, ჩვენებური ჯალარის მეთოდი, ის უნიკალური ცოდნა, რაც ოდითგან იყო საქართველოში, მომხდურებმა მიითვისეს. მას შემდეგ საერთოდ აიკრძალა კიდეც საქართველოში ცივი იარაღის დამზადება-წარმოება. რაც რეჟიმს გადაურჩა, 90-იან წლებში განადგურდა და განიავდა. მოკლედ, ამ ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ეს დარგი მოისპო, ხელობის მცოდნე ცოტაღა შემოგვრჩა.

- ცეცხლსასროლი იარაღის გამოჭედვას სხვა ცოდნა სჭირდება?

- ცოდნის გარდა, ცხელი იარაღის დამზადებას სპეციალური დაზგა-დანადგარები და ნებართვა სჭირდება. ეგ უკვე მეიარაღეების საქმეა. ჩვენ, გარდა სამხედრო დანიშნულების ცივი იარაღის წარმოებისა, სხვა ნებართვა არ გვჭირდება. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია გახსნას სამჭედლო და ცივი იარაღი დაამზადოს.

- რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა, ჩვენს ქვეყანაში აღორძინდეს ეს მივიწყებული და სულთმობრძავი საქმე. მინდა, წართმეული ცოდნა, ტექნოლოგიები, დაუბრუნდეს ხალხს, რომლის წიაღშიც აღმოცენდა და ვინც აქამდე მოიტანა. მსურს, ჩემს სამჭედლოში აღიზარდონ თაობები, რომელთაც ეცოდინებათ, რომ ჯალარის მეთოდით დამზადებული მახვილი მათი დიდი წინაპრების გამოცდილებისა და ცოდნის შედეგია, რომ იცოდნენ, რა გვქონდა და რა დავკარგეთ. დიდი სურვილი მაქვს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება დაუთმოს ამ დარგს, სადაც ქართული მახვილი ჯერ ისევ წარსული დიდების ცეცხლში იწრთობა. კარგი იქნება, დაწესდეს საკრედიტო შეღავათები, გამოიყოს შენობები და ბიზნესმენებმაც მეტი ყურადღება გამოიჩინონ სამჭედლო ხელოვნების მიმართ.

კახა მჭედლიშვილი

რედაქტორის რჩევით