სავანე სავარდეთში - კვირის პალიტრა

სავანე სავარდეთში

"ყველაფერზე უარს ვიტყვი და მცენარის შეძენაზე - ვერა. ყვავილში თანხის გადახდას არ დავინანებ"

"ჩემს ყვავილებს ყოველ დილით სათითაოდ ჩამოვუვლი. ვეფერები, როგორ ხართ, ჩემო პატარებო? ველაპარაკები. სადმე როცა მივდივარ, მეუღლეს ვაბარებ. ყველა ქოთანში ფურცელი დევს წარწერით, როდის უნდა მორწყას"

თბილისის ბინაში იმდენი ყვავილი ჰქონდა, რომ ბიჭები ეჩხუბებოდნენ, დედა, რა ამბავია, ჩვენ ვეღარ ვეტევითო. 10 წლის წინ მცხეთაში ნაკვეთი შეიძინეს, სახლი ააშენეს და ჩანაფიქრსაც აქ მიეცა გასაქანი. "ყვავილების დედოფალი, რომელიც სამოთხეში ცხოვრობს" - ასე ეძახიან ქალბატონ ნანიკო ჯუგაშვილს მეგობრები.

- მცხეთაში, ამ ადგილას, ჯაგნარი და გაუვალი ტყე დაგვხვდა, მაგრამ წმინდა ადგილზე ცხოვრების სურვილმა და ჩემი მეუღლის მონდომებამ ნაყოფი გამოიღო. ყვავილები ჩემს დედამთილს უყვარდა, ეს გატაცება მისგან გადმომედო. დედამთილი თიანეთში ცხოვრობდა, უამრავი ყვავილი გაახარა, რაც კი იქაურ კლიმატს ეგუებოდა. სანამ ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მცენარეების მოვლისთვის დრო არ მქონდა. პირველად ულამაზესი ბეგონია ვიყიდე და ყვავილების მოვლა ისე შემიყვარდა, რომ მათი მომრავლება გადავწყვიტე. მიწის ნაკვეთი სწორედ იმიტომ მინდოდა, რომ უამრავი ვარდი მქონოდა. ჩემმა მეუღლემ აქ მიწა დაყარა და მითხრა, ახლა შენ იციო. პირველად 100 ძირი ვარდი ვიყიდე და ტერასებად დავრგე, მერე მოვამრავლე.

- რა ჯიშისა და ფერების ვარდები გაქვთ?

- 15-მდე სახეობა მაქვს, აქედან ნაწილმა უკვე იყვავილა, შემდეგ სხვები დაიწყებენ ყვავილობას. შეძენისას ფერების მიხედვით ვარჩევდი: ღია და მუქი წითლებია, ვარდისფერი, ყვითელი, აგურისფერი, იასამნისფერი, თეთრი...

ჯუჯა ვარდებიც მაქვს, ყვითელი და აგურისფერი. ისინი ძალიან მომწონს, კოკრები გვირგვინივით ასხია. ეს ვარდი მუქი წითელია და ამისი კოკორი, იცით, რა ფერია? შავი, მერე იცვლის ფერს. ზოგი ვარდი დეკემბრამდე ყვავის.

ხანდახან კოკრები ზედ მიეყინებათ ხოლმე. გაზაფხულის პირზე კვირტები რომ გამოსვლას დაიწყებს, აქაურობა სამოთხეს ემსგავსება. ტერასების ზევით პატარა სანერგე მაქვს, იქ ვარდის მოჭრილ ტოტებს ვინახავ და ვჩუქნი, ვისაც სურვილი ექნება.

- ვარდების მოვლა ძნელია? რა არის ყველაზე რთული და ვინ გეხმარებათ?

- ყველაზე შრომატევადია ბარვა, ამისთვის დამხმარე მყავს. მარტის დასაწყისში აუცილებლად ღრმად უნდა დაიბაროს, რომ სარეველები მოისპოს. გასხვლა, შეწამვლა და მოვლა ჩემი საქმეა. ორ კვირაში ერთხელ ვწამლავ, თორემ ბუგრები დაესევა, ისინი კი კვირტებს ჭამენ.

ვარდებს ყოველ დილით ვათვალიერებ, დაყვავილებულ კოკრებს ვაჭრი. წვიმიანი ამინდის დროს მორწყვა დღეგამოშვებით სჭირდება, როცა ცხელა - ყოველდღე. გამოცდილებამ მიმახვედრა, რომელ ვარდს რა სჭირდება. ყველაზე მთავარია მორწყვა და სარეველების მოცილება.

- სანერგეებში ხშირად დადიხართ?

- თითქმის ყოველ შაბათ-კვირას და რამეს ვყიდულობ. ახალი სანერგის ან სათბურის შესახებ თუ გავიგე, აუცილებლად მივდივარ სანახავად. იქ ვიყიდე ულამაზესი იასამნისფერი ვარდი, ერთი ძირის მეტი აღარ იყო და თავად გავამრავლე. ახლა 15 ძირი მაქვს. ყველაფერზე უარს ვიტყვი და მცენარის შეძენაზე - ვერა. ყვავილში თანხის გადახდას არ დავინანებ. წლების წინ ახალშემოტანილ ციკასის პალმაში 300 ლარი, მაშინ საკმაოდ დიდი თანხა მივეცი.

ქოთნის ფორმებსაც მნიშვნელობა აქვს და მათი შერჩევაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ლამაზ ქოთანში ყვავილიც ლამაზად ჩანს. ეზოში მიწაზე გართხმული დეკორატიული ჩიტავაშლა გვიან შემოდგომაზე ულამაზესი წითელი ნაყოფით იხუნძლება. აქვეა ოლეანდრა, ჩემი დარგული კვიპაროსები, იშვიათი შავი ჯიშის ბამბუკი (უმეტესად მწვანეა), რომელიც ახლახან შევიძინე. ხვიარა ვარდების ნერგები თიანეთიდან ჩამოვიტანე, ვარდისფერი და წითელია ერთმანეთში შერეული, ცოტა ხანს ყვავილობს. ამით ღობის ერთი ნაწილი გავალამაზე და კუთხეში პატარა ჩანჩქერიც მოვაწყვეთ. სხვადასხვა კომპოზიციაც ჩემი ნახელავია.

- ოთახის მცენარეებზეც ვისაუბროთ.

- აგურისფერი ჰოლანდიური დეკემბერა მეგობრების ოჯახში მომეწონა, პატარა ტოტი მომცეს და გაიზარდა. დეკემბერში ყვავის, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ იყვავილა. ოთახის მცენარეებიდან პირველად ციკასის პალმა შევიძინე, მაგრამ მოვლის წესები არ ვიცოდი. ჰოლანდიურ მაღაზიაში სასუქიც მომცეს, მაგრამ მისი მოხმარების შემდეგ მცენარემ ფორმა დაკარგა და გახმა. ციკასის პალმა ხელახლა შევიძინე და ახლა მშვენივრად ხარობს. ჩემმა მოსახელე შვილიშვილმა ჰოლანდიური ბუგენვილია მომართვა, წითელი ყვავილი აქვს. შეფლერა, ამურის გულები - დეკორატიული მცენარეებია. პალმა დრაცენა და ემერალდის პალმაც მაქვს.

ორქიდეა სამი ფერისაა - თეთრი, წითელი და აგურისფერი. დიდხანს, 7-8 თვე ყვავის და ადვილი მოსავლელია, ოღონდ სპეციფიკური მორწყვა უნდა: ქოთანს წყალში 20 წუთით დგამ, ამოიღებ და მერე 2-3 კვირას აღარ ირწყვება.

ჰოლანდიური ყვავილების გამრავლება ბევრ სირთულეს უკავშირდება. ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია. მაგალითად, მცენარე ჩრდილში იდგეს თუ მზეში, მორწყვა როდის უნდა, გადარგვა და სხვა. ყვავილებს მოვლის ინსტრუქცია მოჰყვება, მაგრამ უმეტესად არ ამართლებს. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, თითოეული ყვავილისთვის მოვლის წესებს თავად დაადგენ. ეზოში ოლეანდრა ერთი ადგილიდან მეორეზე გადავრგე, მოეწონა და ყვავილობაც დაიწყო. მომწონს უპრეტენზიო კაქტუსები, თან ლამაზი ყვავილები აქვთ. მათ თვეში მხოლოდ ერთხელ ვრწყავ. ჩემს ყვავილებს ყოველ დილით სათითაოდ ჩამოვუვლი. რამე ხომ არ უჭირს, ჭია ხომ არ ჰყავს? ვეფერები, როგორ ხართ, ჩემო პატარებო? ველაპარაკები. სამ დღეზე დიდხანს ყვავილებს ვერ ვტოვებ. სადმე როცა მივდივარ, მეუღლეს ვაბარებ. ყველა ქოთანში ფურცელი დევს წარწერით, როდის უნდა მორწყას.

- სტუმრები ვარდებს არ გთხოვენ?

- მათთვის ყოველთვის ვამზადებ თაიგულს. ახლობლებს ამიტომაც უყვართ მოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ მოჭრა ვარდისთვის უკეთესიცაა - ახალს იყრის, მაინც მეცოდება. მგონია, ცოცხლებივით მიყურებენ. აქ ვინც მოდის, ყველას ნერგს ან ტოტს ვაძლევ, სილამაზეს ვუნაწილებ.

ნანული ზოტიკიშვილი