"ჩემი ნაგაზების წინაპრები ძველისძველი ქართული გვარებიდან არიან" - კვირის პალიტრა

"ჩემი ნაგაზების წინაპრები ძველისძველი ქართული გვარებიდან არიან"

"მხოლოდ ჭამა, დასუფთავება და სუფთა ჰაერზე სეირნობა არ არის მოვლა, დრო უნდა გაატაროთ მათთან, უნდა შეისწავლოთ მათი ფსიქოლოგია, რა სწყინთ, რა უხარიათ, რა სტკივათ, რა სჭირდებათ, ყველაფერი უნდა იცოდეთ"

26 წლის რამაზ მელიქიძე მეუღლესთან, მშობლებსა და პატარა დაიკოსთან ერთად საგარეჯოში ცხოვრობს. ძაღლსაშენიც საკუთარ ეზოში აქვს მოწყობილი, სადაც ხალასსისხლიან კავკასიურ ნაგაზს უვლის.

- წლების წინ ბიძაჩემის ნაგაზმა 14 ლეკვი დაყარა და ორი ლეკვი მე მაჩუქა, ჯერ კიდევ ერთი დღისანი. წამოვიყვანე და დედა პუდელს გავაზრდევინე, ასე დაიწყო ჩემი ძაღლსაშენის ისტორიაც. 1-1,5 თვის ლეკვი 400-500 დოლარად იყიდება, ძირითადად, საზღვარგარეთ გაჰყავთ უცხოელებს. მყიდველი თავად მაკითხავს, დედ-მამას ნახულობენ და გადაწყვეტილებას ისე იღებენ.

ნაგაზების მოვლას მთელი დღე მიაქვს - ვაჭმევ, ვმკურნალობ, ვაჯვარებ... თვე-ნახევრამდე, 20 დღიდან, ორჯერ ვასწრებ ჭიაზე დამუშავებას, მერე იყიდება კიდეც. 2 თვიდან იწყება აცრები, საჭიროა სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიება, მათ შორის ვიტამინები. ვაჭმევ სპეციალურ საკვებს, ხორცს, ხანდახან ძეხვსაც შევაშველებ. 6 თვისას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება. ნაგაზი რაც უფრო სუფთა სისხლისაა, მით უფრო ადვილად შეიძლება დაავადდეს.

დაუშვებელია სისხლის აღრევა, შეჯვარებისას ნათესაური სისხლი დეფექტური შთამომავლობის საწინდარია. რაც უფრო შორეულია და უცხოა სისხლი, მით უფრო ჯანსაღია ინდივიდი. ახალშობილი ლეკვისთვის აუცილებელია დაბადების მოწმობის აღება, სადაც დედ-მამის სახელები წერია. წარმომავლობის გარკვევის გარდა, მოწმობა შეჯვარების დროსაც გვეხმარება, რათა სისხლის შერევა არ მოხდეს. 14 თაობის მერე სისხლის აღრევა აღარ არის საშიში.

- სადაური არიან შენი ნაგაზები?

- უმრავლესობა ე.წ. რუსულ ნაგაზებზეა გადასული, არადა, ისინიც კავკასიური, ენდემური, მთის ძაღლის, თართის შთამომავალი არიან. ვითომ "გაკეთილშობილების მიზნით, მგონი, სულ გადააგვარეს. რუსული ნაგაზი მძიმე ძაღლია, არც ფარაში და არც ფერმაში არ გამოდგება, წონის გამო ფეხები ებრიცება, დიდ მანძილზე ვერ დადის, მოუქნელია და მოუხეშავი. ჩვენებურებს განსხვავებული ფორმები, ზომები და ფსიქოლოგია აქვთ. ძველად ისინი ნაკლებად გამოიყენებოდნენ სამწყემსურში, მათი მოვალეობა ბინის დარაჯობა და ფარა-ჯოგების დაცვა იყო მგელ-დათვებისგან. მებრძოლ ძაღლებს მახრჩობელებს ეძახდნენ. ქართული ნაგაზი დახვეწილი აღნაგობით და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევა. გაზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს, ლეკვობიდან უნდა დაუკვირდეს პატრონი, რა ხასიათი აქვთ პატარებს. კავკასიური ნაგაზი ბრძოლისუნარიანობას დაბადებიდან ამჟღავნებს, პირველობა უყვარს, მაგრამ ამის უფლება არ უნდა მისცეთ, თუ ერთი-ორჯერ თავისი გაიტანა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. არც ერთმა არ უნდა იაროს ბრმად ერთმანეთის ჭკუაზე, ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს, ერთმანეთის ნდობაზე აგებული. უნდა დაუკვირდე და ჩაუღრმავდე მის საქციელს - თუ რამეს დააშავებს, აგრესიულად არ უნდა მოექცე, წყნარად უნდა აუხსნა, რომ მეორედ აღარ გააკეთოს. ისიც დაგიჯერებს, პატივს გცემს და ბოლომდე მოგყვება. მათ თითოეული ჩვენი სიტყვა ესმით, უბრალოდ, ვერ გველაპარაკებიან. მე მყავს ერთი ხვადი, ჩემი გუნდის მეთაური, ბაჩო ჰქვია. მასში 7000 დოლარს მაძლევდნენ, მაგრამ არ გავყიდე. რამდენიმე წლის წინ, მაშინ ბაჩო 6 თვის იყო, გზაზე მანქანამ ტურა გაიტანა, სახლში წამოვიღე, მაინტერესებდა, რას იზამდნენ ძაღლები. ბაჩოს გარდა, ყველა დაიმალა, დიდებიც კი. მეძაღლეებს უკვირდათ, 100 შინაური (სახლის პირობებში დაბადებულ-გაზრდილი) ძაღლისგან შეიძლება ერთმაც ვერ გაბედოს ნადირთან მიახლოებაო. მტაცებელი ცოცხალია თუ მკვდარი, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ამ დროს, რადგან ძაღლები ნადირის სუნზეც კი ფრთხებიან, პატარა ბაჩო კი ტურის დანახვისას გაგიჟდა - ყბებში მოიქცია მისი თავი და სადილობას შეუდგებოდა, რომ არ დამეშალა. ზუსტად იგივე გადახდა ბაჩოს მამას, ლომასაც, ისტორია განმეორდა და მამა-პაპის გვარზე წავიდა შვილიც.

ძველად მეცხვარეები ახალშობილ ლეკვებს მოკლული ნადირის (დათვის, მგლის) ტყავში გახვეულს ზრდიდნენ, რათა მტაცებლის შიში გაჰქრობოდათ.

მე და ჩემს "მახრჩობელებს" ერთმანეთის ენა კარგად გვესმის, ტყუილუბრალოდ ხმას არ ამოიღებენ, თუ არ იციან და ვერ ხედავენ ხმაურის მიზეზს. უცხო ადამიანებთანაც წყნარად არიან.

მხოლოდ ჭამა, დასუფთავება და სუფთა ჰაერზე სეირნობა არ არის მოვლა, დრო უნდა გაატაროთ მათთან, უნდა შეისწავლოთ მათი ფსიქოლოგია, რა სწყინთ, რა უხარიათ, რა სტკივათ, რა სჭირდებათ, ყველაფერი უნდა იცოდეთ.

ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებთ. უყვართ სეირნობა, თამაში, მოფერება, ლაპარაკი, ისინი ჩვენს ფიქრებს, ზრახვებს საუკეთესოდ ხვდებიან.

შეიძლება ორი უცხო ადამიანისგან ერთს ყველაფრის უფლება მისცენ, მეორეს - არაფრის. ეს მათი დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისებაა. ორი წლის წინ ბაჩომ პირველი ადგილი აიღო ერთ-ერთ ტურნირზე, ყველაზე მაღალი ქულები სწორედ აღზრდის პუნქტში დავიმსახურეთ.

ჩემი ნაგაზების წინაპრები ორივე მხრიდან ძველისძველი ქართული გვარებიდან არიან. ერთი თვის ლეკვს რომ შევხედავ, ვიცი, როგორი დადგება, რომელ მხარეს უნდა წავიდეს, დედის თუ მამის,""მახრჩობელად" ივარგებს, დარაჯად თუ"მწყემსად. არიან უნივერსალურებიც, რომლებიც სამივე მოვალეობას უნაკლოდ ასრულებენ, მაგრამ ასეთი ათასში ერთი თუ იბადება. ცხადია, ამ საქმით კაცი ვერ გამდიდრდება. არც მიფიქრია ეს არასოდეს. ალბათ მთელი ცხოვრება მოყვარულად დავრჩები, უბრალოდ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი აღზრდა. არ მომწონს მათი მიგრაცია, აქ თუ 100 იყიდება წელიწადში, საზღვარგარეთ 300 გადის. მართალია, საბუთებით, მაგრამ მერე მათი ბედი უცნობია... რას ვიზამთ, ძაღლსაშენს შენახვა უნდა და იძულებული ვარ, შეველიო, მათ შორის საუკეთესოებს... იმხელა თანხებს იხდიან უცხოელები... რომ მქონდეს მათი დატოვების საშუალება, არც ერთს არ გავუშვებდი საქართველოდან. ერთი ძაღლის შენახვა წელიწადში 300-500 ლარი მიჯდება. საქართველოში ცოტა რომ მოიმატოს გაყიდვამ, სულ რომ გადასაგდები იყოს ლეკვი, საზღვარს იქით მაინც არ გავუშვებ. რაც შეეხება ძაღლების ორთაბრძოლებს, ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ ძაღლმა თუ არასოდეს იჩხუბა, ფსიქიკა დაერღვევა.

ჩვენებურებს ეს გენში აქვთ, უნდა იჩხუბონ, რაღაც ან ვიღაც უნდა დაიცვან. თუ ეს წაშლილია ნაგაზის სისხლში, ის ქართული, კავკასიური აღარ არის. მირჩევნია, აგრესიის მაგიერ სხვა თვისებები გამოავლინონ. თუმცა არიან ძაღლები, რომლებიც მხოლოდ ბრძოლისთვის იბადებიან. რინგზე ჩხუბს სხვა მომზადება უნდა. ზოგჯერ შეიძლება მაგარი მოჩხუბარიც იყოს ნაგაზი, მაგრამ რამე აწუხებდეს, ხასიათზე არ იყოს და არ იჩხუბოს. ყველა ძაღლს ერთხელ მაინც აუცილებლად მოუწევს თანამოძმესთან შერკინება და ისიც ეყოფათ. მომავალში ვოლიერების გაფართოებას ვაპირებ, მინდა ნაგაზების რაოდენობა 30 ძუმდე გავზარდო.

კახა მჭედლიშვილი