"კარგი კაკალი მხოლოდ ნამყენი გამოდის"
15-05-2017
"კარგი კაკალი მხოლოდ ნამყენი გამოდის"
"კაკლის გასაშენებლად ნიადაგი 4-5 თვით ადრე უნდა მომზადდეს"

საქართველო კაკლის წარმოშობის ერთ-ერთ კერად არის მიჩნეული და მაღალმთიანი ზონის გარდა (ყაზბეგი, ახალქალაქი), ყველგან ხარობს. საქართველოში აღრიცხული იყო 2 მილიონამდე კაკლის ხე და აქედან 80% ან კერკეტია, ან ნაკლებად ხარისხიანი თუ ნაკლებმოსავლიანი. კაკლის კულტურის სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ შენგელია­ ამბობს, რომ კაკლის ბაღი აუცილებლად ნასხლავი ნერგებით უნდა გაშენდეს. კაკალი მსხმოიარობას მესამე წელს იწყებს. საშუალოდ 15 წლის ასაკში სრულ მსხმოიარობას აღწევს,
რაც 30-40 წლამდე გრძელდება. ერთი კარგი ძირი 40-50 კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა.

- ვინც ბაღს აშენებს, თადარიგი თავიდანვე უნდა დაიჭიროს, ნაკვეთი 4-5 თვით ადრე, გაზაფხულზევე უნდა გაამზადოს. აუცილებელია ღრმა ხვნა - ნიადაგის პლანტაჟი, მერე კი იქ ყველა სამუშაოს ჩატარება შეიძლება.

- როდის უნდა გავაშენოთ ბაღი?

-
ნოემბერში, თუმცა თბილ ამინდებში დეკემბერსა და იანვარშიც გაგვიშენებია. მეკითხებიან ხოლმე, თუ ხეს ფოთოლი შერჩენილი აქვს, დარგვისას ხელს არ შეგვიშლისო? იმ დროს ფოთოლს უკვე დაკარგული აქვს ფუნქცია, ამიტომ მებაღეს, მოყვარულს, ფერმერს, ყველას ვეტყვი, რომ თუ ნიადაგი მომზადებული აქვთ, დარგვა შესაძლებელია.

ნერგი უსათუოდ დარგვისთანავე უნდა მოვრწყათ. ბევრი მეკითხება, მორწყვა რაღად უნდა, წვიმა არ არის საკმარისიო? ახალდარგულ ნერგს წყალი აუცილებლად უნდა დავუსხათ, რათა ორმოდან ჰაერი გამოიდევნოს, ფესვთა სისტემას უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ნიადაგთან.

გაშენებულ ბაღს შემოდგომაზე პროფილაქტიკური სამუშაო სჭირდება: ნაკვეთი სუფთავდება, ჩამ­ოცვენილ ფოთლებს, ნაყოფს, ბალახს, ანათიბს, იმ მცენარეთა ნარჩენებს, რაც ბოსტანში გვქონდა, თავი უნდა მოვუყაროთ და კომპოსტირება მოვახდინოთ - უნდა ამოითხაროს ორმო, გროვა შიგ ჩაიყაროს, დაიტკეპნოს, მიწა დაეყაროს და დროდადრო აიჩეჩოს, რომ ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეერიოს. წელი­წად-ნახევრის შემდეგ მზა ორგანული ნივთიერ­ება გვექნება, რომელიც შეგვიძლია, ნაკვეთში დავაბრუნოთ.
კაკლის ბაღი შეიძლება იყოს ინტენსიური ტიპის, ნახევრად ინტენსიური ან ჩვეულებრივი.

კაკლის ჯიშური თვისებები რომ შევინარჩუნოთ, გვქონდეს მაღალმოსავლიანი­ ბაღი, ნერგები აუცილებლად მყნობით უნდა გამრავლდეს. თესლნერგებით ხარი­სხიან პროდუქციას ვერ მივიღებთ. საუკეთესოა ის ჯიში, იმ ნამყენი მცენარით გაშენებული ბაღი, რომელიც მოცემულ ეკოლოგიურ ზონაშია აპრობირებული. ხშირად მეკითხებიან, კაკლის გაშენება მინდა, საუკეთესო კაკალი მაქვსო, მაგრამ ასეთი კაკლის დათესვის შემდეგ მივიღებთ თესლნერგს. თესლნერგებით გაშენებული ბაღი არაპერსპექტიული და არაკომერციულია. ძირებიც ერთნაირი არ გამოვა­ - ზოგი წვრილი, ზოგი მსხვილი ან უნაყოფო იქნება... ამიტომ ბაღი ნამყენი ნერგით უნდა გაშენდეს.

- მსმენია, რომ კაკლის მყნობა არცთუ ადვილია...

- კი, რთულია, რადგან ძნელად ხორცდება საძირე-სანამყენე. ამას ხელს უშლის კაკალში არსებული მთრიმლავი­ ნივთიერება, რომელიც ჰაერზე სწრაფად იჟანგება.
ინტენსიური ტიპის ბაღში 1 ჰა-ზე 285-288 მცენარე ირგვება. ჯიშები შეიძლება იყოს ქართულიც და შემოტანილიც.

- ბოლო დროს "ჩანდლერზეა" მოთხოვნა, რატომ?

- ეს ამერიკული ჯიშია, მეცნიერებმა­ გამოიყვანეს. "ჩანდლერი" მაღალმოსავ­ლიანია, კარგი გული აქვს, ადრევე ისხამს. ნამყენი კაკალი პირველ ნიშანს დარგვიდან მეორე-მესამე წელს იძლევა.

- დასავლეთ საქართველოში ყველგან მიზანშეწონილია კაკლის დარგვა?

- ყველგან არა, რადგან ზოგ ადგილას ჭარბტენიანი ნიადაგია, გურიის ზოგ ზონაში მჟავე ნიადაგია, ასევე აჭარაშიც. კაკალს თავისი ნიადაგური პირობები სჭირდება და დასავლეთში ყველგან ვერ ხარობს. თუ ფესვებს გრუნტის წყალი მოხვდა, ფესვთა სისტემა ლპობას იწყებს.

- როდის და როგორ უნდა მოვრწყათ?

- თუ კარგი მოსავალი გვინდა, ბევრი წყალი უნდა მივაწოდოთ, რადგან მცენარე დიდი რაოდენობით ტენს აორთქლებს, თუ გვალვაა, ფოთლების ნაადრევი ჩამოყრაც იცის და რაც მთავარია, გული ვერ ივსება. ამიტომ მაღალ ტემპერატურაზე, ზაფხულში უნდა მოირწყას, კარგია მორწყვა შემოდგომაზე, ადრე გაზაფხულზეც.

- ბოლო დროს დამკვიდ­რდა ტერმინი "ჯუჯა კაკალი", რაზეც ასევე დიდი მოთხოვნაა...

- ეს კაკალი მსხმოიარობას დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს იწყებს, ვარჯის მოცულობა 4-5 მეტრია და სულაც არ არის ჯუჯა, მაგრამ რატომღაც ასე შეერქვა.
არ არსებობს ჯუჯა კაკალი, არის სუსტად მოზარდი, საშუალოდ მოზარდი და ძლიერად მოზარდი.

- ამბობენ, რომ კაკალს გასხვლა არ სჭირდება...

- მსხმოიარე მცენარე თუ არ გაისხლა, ახალი ამონაყარი, ნაზარდი არ მივიღეთ, მომდევნო წელს მოსავალს არ მოგვცემს. მოსავალი ყლორტიდან ჩასახულ კვირტზე ყალიბდება.
გასხვლა აუცილებელია, აგრეთვე, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება წელიწადში 5-ჯერ მაინც, დაავადებების, მავნებლების საწინააღმდეგოდ.

და კიდევ, თუ ვეგეტაციის პერიოდში­ არ შევწამლეთ, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები