"ნაპოლეონის ქუდის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვეფერები" - ექსმოდელის ყვავილოვანი გატაცება - კვირის პალიტრა

"ნაპოლეონის ქუდის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვეფერები" - ექსმოდელის ყვავილოვანი გატაცება

წარსულში მოდელი და ტელესახე ქეთი ყიფშიძე დღეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს პროექტების მართვის განხრით. ძალიან დატვირთულია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, მცენარეებსაც მოუაროს.

- როდის შეიყვარე ასე მცენარეები?

- კერძო სახლში გავიზარდე. მეზობელი მყავდა, ქალბატონი ანიკო, ულამაზესი ბაღი ჰქონდა. ვგიჟდებოდი მის ბაღსა და ქოთნის მცენარეებზე. როცა ვფიქრობ - საიდან გამიჩნდა მცენარეების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, სწორედ ის ქალბატონი მახსენდება. ალბათ, მაშინ დაიწყო ჩემი ამ სამყაროთი დაინტერესება. მცენარეებს ხშირად მჩუქნიდა.

ჩემს ეზოშიც იყო ნარცისები, ტიტები, იასამნები, ვარდები - თითქმის ყველა სეზონის მიხედვით მოყვავილე მცენარე მქონდა. ეზოში, ცხადია, ხეხილიც იყო და ვაზის გასხვლაც ვიცოდი. ვაზსა და ხეხილს ადრე ბაბუა უვლიდა და რომ გარდაიცვალა, ეგ საქმე მე ვითავე...

- ჩანს, ყვავილების მოვლა უფრო მოგწონდა...

- ჩემ გარშემო ყველას ჰქონდა ტიტა, ნარცისი, სუმბული... ამიტომ, რომ წამოვიზარდე, სხვა მცენარეების გამრავლებაც მომინდა. მივდიოდი "დეზერტირების" ბაზარში და რაღაცებს ვყიდულობდი. მაშინ გავახარე პალმა და კიდევ არაერთი მცენარე.

- ახლა კერძო სახლი აღარ გაქვს, თუმცა აივნები სავსეა ქოთნის მცენარეებით...

- ორი წელია, ვახარებ ახალ-ახალ მცენარეებს და უზომოდ მიხარია. იქ თუ მიწაზე ვმუშაობდი, აქ ქოთნებში ვრგავ და ვთესავ ყვავილებს. მიწასთან მუშაობა ერთგვარი თერაპიაა. ბუნებასთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მამშვიდებს, ხე იქნება, ფოთოლი, ყვავილი თუ ბალახი - მათგან დიდ ენერგიას ვიღებ, დადებითად ვიმუხტები.

- ამ ლამაზ და უცხო-უცხო ყვავილებს სად იძენ?

- თესლს ინტერნეტით ვიწერ უცხოეთიდან, ან საყვავილეებში ვყიდულობ. ზოგი ერთწლიანია, ზოგიც - მრავალწლიანი. ვგიჟდები სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე და აივნების მოვლის მათ კულტურაზე. ჩვენთან შედარებით, იქ უფრო თბილა და გარემოც აფერადებული აქვთ.

ჩვენს სამეზობლოშიც ყველას უყვარს ყვავილები, თუ ერთი გააკეთებს რამეს, დანარჩენებიც აჰყვებიან. მინდა, ჩვენი კორპუსი ფერად-ფერადი მცენარეებით გამოირჩეოდეს.

წლეულს, თესლი რომ გამოვიწერე, ცოტა შევცდი - თებერვლის ბოლოს დავთესე და აღმოჩნდა, რომ ზაფხულამდე არ აყვავდება. ცოტა ადრე უნდა დამეთესა, მაგრამ არა უშავს, თანდათან ვსწავლობ. თავიდან ბევრი ხვიარა მცენარე მქონდა, მინდოდა, აივნისთვის ამეყოლებინა, სიმყუდროვის შეგრძნება რომ მოეტანა, მაგრამ მერე აღარ მომეწონა.

კორპუსის წინ დარგულია პატარა ნაძვები, ოლეანდრები. კარგი სამეზობლოა და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ეზო და მისი გამწვანება შეგვიძლია.

- თესლების შეძენა სარისკო არ არის? არ ჯობია, უკვე მცენარე იყიდო და იმას მოუარო?

- ოჯახის წევრებსაც უთქვამთ, მოდი, მცენარე იყიდე, ამდენს რომ ელოდებიო, მაგრამ სასიამოვნო ის არის, ნელ-ნელა რომ ამოდის, ვითარდება, შენ კი ყოველდღიურად აკვირდები.

ახლა ერთი ბოლქვი მაქვს ჩარგული და იმას ველოდები მოუთმენლად.

- როგორი ლამაზი სოჭია...

- ჰო, რაჭაში შარშან პირველად ვიყავი და ტყიდან წამოვიღე ეს რაჭული სოჭი. მშვენივრად გაიხარა. აივანზე იშვიათი ჯიშის მცენარეებიც მაქვს - პეტუნიები, ბეგონიები. კამელია ციხისძირიდან ჩამოვიტანე. ყველას სახელი არ ვიცი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის.

ინტერნეტით გაწევრებული ვარ მოყვარულ მეყვავილეთა ჯგუფებში და იქიდან ბევრ ინფორმაციას ვიღებ.

- მცენარეებს შენც ელაპარაკები?

- ყველას არა, ერთ მცენარეს ვეფერები გამორჩეულად, რადგანაც ძალიან მიყვარს - კარგი გოგო ხარ-მეთქი, ხშირად ვეუბნები. ნაპოლეონის ქუდს რომ ეძახიან, ის არის. საღამოს, როგორც კი მზე ჩავა, ფოთლებს კეცავს. ამას იცით, რატომ ვეფერები? რომ მოვიტანე, მაშინვე ქოთანში ჩავრგე და ყურადღება აღარ მივაქციე. თურმე ქოთანს გახვრეტა უნდოდა, არადა, მეგონა, გახვრეტილი იყო და დავალპე. ჩავთვალე, რომ გაფუჭდა, ის მიწაც სხვა ქოთნებში მივყარ-მოვყარე და არ ამოვიდა? ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია.

ასე რომ, მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ და გამორჩეულად ვეფერები.

ზოგიერთ მცენარეს ყოველდღიური ყურადღება უნდა. ვისაც ყვავილების მოშენება უნდა, ვურჩევ, ინტერნეტით ბევრი ინფორმაცია მიიღოს. ჯერ დაკვალიანება ჯობს და მერე მცენარეების გაშენება, მომრავლება.

ლალი ფაცია