"მინდოდა სწავლისთვის ფული ნაწილობრივ მაინც თვითონ მეშოვა" - 22 წლის გოგონას მწყრის ფერმა - კვირის პალიტრა

"მინდოდა სწავლისთვის ფული ნაწილობრივ მაინც თვითონ მეშოვა" - 22 წლის გოგონას მწყრის ფერმა

22 წლის ნინო წინწალაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში რამდენიმე წლის წინ მწყრების მოშენება დაიწყო. პროექტ "აწარმოე საქართველოს" დაფინანსების ფარგლებში შეიძინა ინკუბატორი და მწყრის ჩოჩრებს თვითონ ამრავლებს. ნინო სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, პარალელურად მუშაობს, დასვენების დღეებში კი სოფელში ჩადის და დროებით დედას მიბარებულ საქმეს ისევ თვითონ უძღვება.

- ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. ვემზადები რეზიდენტურისთვის. რეზიდენტურა საკმაოდ ძვირი ღირს, რის გამოც გადავწყვიტე, ვიდრე ჩემი პროფესიით მუშაობას შევძლებდი, გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც მომცემდა საშუალებას საკუთარი განათლება ნაწილობრივ მაინც დამეფინანსებინა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პარალელურად ვმუშაობ, ეს ჩემთვის არასაკმარისი აღმოჩნდა... ამან მიბიძგა, რომ გამეკეთებინა მწყრის ფერმა. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ფრინველები და ბავშვობაში ხშირად გადამირჩენია ნანადირევი მწყრები.

- რატომ მაინცდამაინც მწყერი?

-მწყრის ფერმის გაკეთება დედამ მირჩია. ის პროფესიით ზოოინჟინერია და კარგად იცოდა რამდენად სასარგებლოა როგორც მწყრის კვერცხი, ასევე ხორციც. ერთად დავწერეთ ბიზნესიდეა, წარვადგინეთ პროგრამა"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გადავლახე რამდენიმე ეტაპი და შემდეგ უკვე დამაფინანსეს. რომ არა ეს პროექტი, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ფერმის გაკეთებას.

- მწყერს თქვენ თვითონ ამრავლებთ თუ ყიდულობთ?

- თვითონ ვამრავლებ, მაქვს ინკუბატორი, სადაც დაახლოებით 1300 მწყრის კვერცხი ეტევა. მწყრის გამოჩეკვას კი 17 დღე სჭირდება. საშუალოდ 70% მაინც იჩეკება და ვიტყვი, რომ ნამდვილად ამართლებს. ისინი ძალიან პატარები და საყვარლები არიან.

- ფრინველებს დაავადებებისგან როგორ იცავ?

- მწყრის სხეული, სხვა ფრინველებისგან შედარებით, მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა და ის ნაკლებად ავადდება.

არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ერთადერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ახალდაბადებული მწყრის ჩოჩრებს შევუქმნათ შესაბამისი პირობები, გვყავდეს იმ ტემპერატურაზე, რაც მათთვის მისაღებია. სიცივის შემთხვევაში ერთმანეთს ეკვრიან და ხუთავენ ერთმანეთს. ჩოჩორი დაბადებიდან რამდენიმე დღე ფაქიზ მოვლას საჭიროებს, თუმცა მალე უკვე ბევრი აღარაფერი უნდა...

თავდაპირველად ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი, არ მქონდა სპეციალური გალიები. ისინი მაღალ ფართო გალიებში მყავდა, რადგან მეგონა, რომ ამ პირობებში უკეთესად იქნებოდნენ, თუმცა ასეთ გალიებში მაღლა აფრენას ახერხებდნენ და თავი სულ სისხლიანი ჰქონდათ, რაც არასწორი მიდგომა იყო. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ სხვადასხვა ჯგუფის მამლები ერთად ჩამისვია და ერთმანეთი მოუკლავთ. მწყერი გარეული ფრინველია და რა თქმა უნდა, თავისებური ხელშეწყობა უნდა, თუმცა ახლა სირთულეები, გამოცდილების მიღების პარალელურად, წარსულს ჩაბარდა და მოვლასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ მაქვს. დასვენების დღეებში ჩავდივარ ბაკურციხეში. როცა იქ არ ვარ იმ პერიოდში, დედა უვლის ყველაფერს და მე ქალაქიდან საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ.

 მაქვს ინკუბატორი, სადაც დაახლოებით 1300 მწყრის კვერცხი ეტევა

- ამჟამად რამდენი მწყერი გყავს?

- ორასი, რადგან ამ ზამთარს ძალიან გაჭირდა კვერცხის რეალიზაცია, მოთხოვნა ხორცზე უფრო იყო. თუმცა მყოლია 700-800 და ბევრად მეტი მწყერიც. ჯერჯერობით პატარა ფერმა მაქვს და მინდა უფრო გაფართოება.

- რით იკვებებიან?

- საკვებად დაღერღილ სიმინდს ვიყენებთ. პერიოდულად ასევე ვუმატებთ კომბინირებულ საკვებსაც.

- თქვენი რეალიზაციის ბაზარი სად არის?

- ძირითადად გურჯაანის რაიონში, თბილისში ჩამომაქვს მათთვის, ვინც პირადად მიკავშირდება და შეძენა სურს.

- კვერცხი უფრო კარგად იყიდება თუ ხორცი?

- უფრო მეტად ხორცზეა მოთხოვნა. ხალხმა მწყრის კვერცხის სარგებლიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ის საოცარი არომატულობის გარდა, ბევრი დადებითი თვისებითაც გამოირჩევა. მწყრის კვერცხს ვაქცინის დასამზადებლადაც იყენებენ. მასში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები, ასევე, ნატრიუმი, ფტორი, მაგნიუმი, კალციუმი. ორგანიზმიდან გამოაქვს რადიოაქტიური ნივთიერებები.

ნაკლებად ალერგიულია, აჭმევენ ბავშვებს ადრეულ ასაკში და განსაკუთრებით სასარგებლო იმ პატარებისთვისაა, რომლებიც თავის დროზე ვერ იწყებენ ლაპარაკს. მათ მწყრის კვერცხი ამ პრობლემის გადალახვაში ეხმარება და ბავშვის სწორ განვითარებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, მწყრის კვერცხი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს და დიაბეტის მქონეთათვის. ცილის, გაჯერებული ცხიმებისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობის გამო, იგი საუკეთესოა ქალის ორგანიზმისთვის.

- თქვი, რომ გაფართოებასაც გეგმავ...

- გაფართოვება ძალიან მინდა და ამისათვის არ დავიშურებ არც ძალას და არც ენერგიას. იმედია მოთხოვნა უფრო გაიზრდება, უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მწყრის, როგორც ხორცის, ისე კვერცხის სარგებლობიანობის შესახებ და მეც უფრო მეტი სტიმული მექნება ვაკეთო ეს საქმე.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)