მომთაბარე მეფუტკრე
29-05-2017
მომთაბარე მეფუტკრე
"პირველი გრანტით ცარიელი სკები­ ვიყიდე. სოფელში დამცინოდნენ, მეფუტკრეობა რა ქალის საქმეა და ეს ცარიელი­ სკები რაღად გინდოდაო..."

ოჯახი კარავში ცხოვრობდა და ნახირს მწყემსავდნენ, რომ ცოტა მეტი რძე და ყველი მიეღოთ. ერთ ზაფხულს მათ კარავთან სკებით დატვირთული მანქანა გაჩერდა.
ვიღაცამ ფუტკარი ამოიყვანა და მანანაც დაინტერესდა ფუტკრით...


30 წლის ფერმერი მანანა ბოლქვაძე წარმოშობით ხულოდან არის. წლების წინ მისი ოჯახი მეწყრის მოძალების გამო წალკაში გადასახლდა. მანანა გეოგრაფიის მასწავლებელია, მაგრამ რადგან მცირე შემოსავალი არ
ჰყოფნიდათ, ზაფხულობით ოჯახს სოფლის ნახირი მთაში აჰყავდა. კარავში ცხოვრობდნენ და ნახირს მწყემსავდნენ, რომ ცოტა მეტი რძე და ყველი მიეღოთ. ძნელი იყო, მით უფრო, რომ მცირეწლოვანი ბავშვებიც თან ჰყავდათ. ერთ ზაფხულს მათ კარავთან სკებით დატვირთული მანქანა გაჩერდა. ვიღაცამ ფუტკარი ამოიყვანა და ცოტა ხნის შემდეგ მანანაც დაინტერესდა
ფუტკრით, სკითა და თაფლის მოპოვებით. ძროხებს მოწველიდა, ყველს ამოიყვანდა, კარავს მოაწესრიგებდა, შვილებს დააპურებდა და საფუტკრეში გარბოდა... სამ წელიწადს მოხალისედ უვლიდა მთაში სკებს. ბოლოს ფუტკრის ორი ოჯახი აჩუქეს, მესამე კი თვითონ გამოიყვანა.

მანანა ბოლქვაძე:
- პირველი გრანტით ცარიელი სკები­ ვიყიდე. სოფელში დამცინოდნენ, მეფუტკრეობა რა ქალის საქმეა და ეს ცარიელი­ სკები რაღად გინდოდაო...
კოოპერატივში,­ რომელიც დავაფუძნე, სამნი ვიყავით. მერე ნელ-ნელა გამოჩნდა ახალი პროექტები, დავიწყეთ გაფართოება და დღეს 19 ქალი ვართ - ზოგი წალკიდან, ზოგი აჭარიდან,­ მარნეულიდან, ბოლნისიდან, სამტრედიიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან, ზემო აჭარიდან. 400-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი გვყავს. მომთაბარე მეფუტკრეობას მივდევთ, რომ მრავალფეროვანი პროდუქტი გვქონდეს - ყველა სახისა და ყველა ეკოლოგიური ზონის.

- მომხმარებელს, სამწუხარ­ოდ, მეფუტკრეების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული...

- ასეა, ამიტომ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა დავარწმუნოთ, რომ კეთილსინდისიერი მეფუტკრეები ვართ...
10 თვეა, საცხოვრებლად ბათუმში გადავინაცვლეთ. აქ დავიწყე მუშაობა - აჭარის კოოპერატივების ასოციაციის რეგიონული კოორდინატორი ვარ და ქართულ-ამერიკულ სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი, მომავლის სკოლაში კი - სამოქალაქო განათლებას. მეურნეობა ჩაქვში გვაქვს. ადგილი იჯარით ავიღე და საფუტკრე იქ მოვაწყვე. როცა სკოლაში არ ვარ, თითქმის სულ იქ ვმუშაობ.
რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან დავბრუნდი, სადაც კოოპერატივსა და კოოპერაციის შიდა ურთიერთობებზე, სამართლებრივ ფორმებზე, საკრედიტო-საფინანსო სისტემებზე კურსები გავიარე. კოოპერატივში მას ვაწევრებ, ვისაც წინსვლა უნდა და მეფუტკრეობას თვითონ ვასწავლი. თუ ოჯახური მეურნეობა არა აქვს, ფუტკრის ოჯახებსაც ვაძლევ. დიდი მეურნეობა არც მე მაქვს, მაგრამ ვცდილობ, სხვებს დავეხმარო, განსაკუთრებით, ქალბატონებს.

- კოოპერატივის წევრები რომ სხვადასხვა რეგიონიდან არიან, ეს ხელს არ გიშლით?

- წელიწადში ერთხელ ვიწვევთ საერ­თო კრებას, გვყავს სამწევრიანი სამეთვ­ალყურეო საბჭო, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება. მინდა უფრო შევიკრათ და ისეთი­ კოოპერატივი ჩამოვაყალიბოთ, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია.

მეფუტკრეობა საჭიროებს მომთაბარეობას. რაც უფრო გაფანტული გეყოლება ფუტკარი ბუნებრივ გარემოში, მით მეტად მრავალფეროვანი თაფლი გექნება. რაც უფრო ბევრგან და ბევრი ვიქნებით, ბევრს­ ვაწარმოებთ, უფრო კონკურენტუნარიანი გავხდებით.

- პირადად თქვენ რამდენი ოჯახი გყავთ?

- 84, კოოპერატივი კი 422 ოჯახის პატრონია...­ ზოგს 700 ოჯახიც ჰყავს, საკუთარი შრომით, შეიძლება ითქვას, ცარიელი ხელებით, აქამდე მოსვლა შევძელი.­ ეს უფროა მნიშვნელოვანი, ვიდრე 84 ფუტკრის ოჯახი. საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ეს მე შემიძლია! დღეს ჩვენს კოოპერატივს აქვს სხვადასხვა სახეობის თაფლი: მინდვრის ყვავილების, წაბლის, ცაცხვის, ალპური ზონის, ხეხილის, მაისის ყვავილების, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ბუნებრივ გარემოსა და იქ არსებულ საფუტკრეებში იწარმოება.

- წალკაში სახლ-კარი დატოვეთ?

- იქ 1998 წლის მაისში ხულოს რაიონის სოფელ გელაურიდან გადავსახლდით, რადგანაც ჩვენი სახლი მეწყერმა დაანგრია. მამა იყო ჩვენი აჭარიდან წალკაში ჩასახლების თაოსანი. 2 წლის შემდეგ იმ მიწით ვისარგებლებ და მეკარტოფილეობას, რომელიც იქ კარგად არის განვითარებული, მეტად მივხედავ. მეფუტკრეობიდან მიღებული შემოსავლით მიწას კიდევ შევისყიდი.
ჩაქვში მაქვს საცდელი სკებიც, სადაც მცენარეულ მედიკამენტებს ვამზადებ ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგოდ. ფუტკარი დაავადებებისგან უნდა დავიცვათ და თუ ეს ბუნებრივი გზით გაკეთდება და არა ქიმიურად, ეს საბოლოოდ პროდუქციის ხარისხზე იმოქმედებს.

ლალი ფაცია
მზია
06 სექტემბერი 2017 18:54
თქვენი შემართება სამაგალითოა. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი თქვენთან. როგორ დაგიკავშირდეთ?
ქართლოსი
06 ივნისი 2017 16:52
საქართველოში ხალხი მშრომელია. საზღვარგარეთ წასული ემიგრანტებიც ამის დასტურია. უბრალოდ საჭიროა ხალხს მიეცეს საშვალება ცოდნის მიღების თუ რა გააკეთოს. დახმარებაც აქაა საჭირო.
04 ივნისი 2017 12:08
მონდომებული ყოველთვის აღწევს წარმატებას! საქართყელოში კი ყველა ელოდება ისეტი მთავრობის მოსვლას, მუქთად რომ დაარიგებს ყველფერს, თან სამყოფად!!! საოცარია როგორ მოვაღწიეთ დღემდე...... ქვეყანა რომელიც ოქროს იძლევა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იცლება ნებაყოფლობით და რაც ყველაზე საიტერესოა, მონებად და მოსამსახურეებად მიდიან....

რედაქტორის რჩევით