ევრობაღი ქარელში - კვირის პალიტრა

ევრობაღი ქარელში

ბოლო წლებში ქარელის რაიონის ორ სოფელში - აფნისსა და ახალსოფელში, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიით გაშენებული ბლისა და ვაშლის ბაღები გაჩნდა. ბაღები მამა-შვილ ზურაბ და კონსტანტინე დავითაშვილებს ეკუთვნით. კონსტანტინემ მანამდე ასეთი ბაღები იტალიაში, ვერონაში ნახა და მოხიბლული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელ ფერმერებს უკეთესი პირობები და მეტი გასაქანი აქვთ, დავითაშვილებმა ევროპული ტექნოლოგიის დანერგვა მშობლიურ მიწაზე სცადეს და გამოუვიდათ კიდეც.

კონსტანტინე დავითაშვილი: - ვერონაში ფერმერებს ნაკვეთებში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები აქვთ დაყენებული, მიწის ანალიზისთვის სინჯებსაც თვითონ იღებენ. აქ ფერმერს 10-15 კაცის დაქირავება სჭირდება, რომ ბაღს მოუაროს, იქ კი მთელ საქმეს 2-3 კაცი აკეთებს, რადგან ტექნიკა აქვთ. ხილს რომ მოკრეფენ, იქვე აფასოებენ, პატარა ყუთებში ფუთავენ და პირდაპირ ბაღიდან უშვებენ მაღაზიებში. შუამავალიც არ სჭირდებათ... ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტეთ მსგავსი ბაღების გაშენება. ნერგებიც იქიდან ჩამოვიტანე.

- ძველი ნარგავები ამოძირკვეთ?

- ჩვენებური, მამაპაპური ჯიშები 5 ჰექტარზე ახლაც გვაქვს. იტალიური ჯიშის ვაშლისა და ბლის ნერგები კი ცარიელ ნაკვეთებზე დავრგეთ. მესამე წელია, ვაშლის ბაღი გვაქვს, ხოლო ბლისა - მეორე. ევროპული ჯიშები ჩვენსას იმით სჯობს, რომ მაღალი არ იზრდება და ადვილი მოსავლელია. ჩვენებურ ბაღში 1 ჰექტარზე 500 ძირი ვაშლის გაშენება შეიძლება, ევროპულში - 2 000 ძირისაც. თან ხარისხი უკეთესია, ნაყოფიც უფრო მსხვილია.

თუ ძველი, ტრადიციული ჯიშის ვაშლის ხეები 4-5 მეტრზე უნდა დარგო, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, ევროპული ტექნოლოგიით გაშენებულ ბაღში ნერგები ერთმანეთისგან 1,2-1,5 მეტრით არის დაშორებული, ხოლო მწკრივებს შორის დაშორება 4 მეტრი უნდა იყოს, რომ ტრაქტორმა თავისუფლად გაიაროს. ასეთ ვაშლსა და ბალს, ვაზის მსგავსად, სჭირდება საყრდენი, რისთვისაც აკაციის ბოძებს ვიყენებთ... თითო ძირი მეხუთე წელს უკვე 20-25 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. შარშან დავკრიფეთ ამ ტექნოლოგიით მოწეული ბალი და ძალიან გაგვახარა. წლეულს, სულ ცოტა, 10 ტონას ველოდებით.

- სარეველებისგან როგორ იცავთ?

- კვლებს შორის ამოსული ბალახი ტრაქტორით იწმინდება, ძირებში ჰერბიციდის დასხმაა საჭირო. როცა ვაშლს ზომაზე მეტად ასხია, ნაყოფი უნდა გამოხშირო, რათა დანარჩენებს ხელი არ შეუშალოს.

- რა განსხვავებაა აქაურ და იტალიურ ბაღებს შორის?

- საყრდენად ჩვენ აკაციის ბოძებს ვიყენებთ, ვერონაში კი ხილი ბეტონის ბოძებზე იყო აყვანილი. ჩვენთან ასეთი ბოძები 25 ლარი ჯდება, აკაციისა - 7-8 ლარი. ვაშლის ბაღი 20-25 წელს ძლებს, შემდეგ კი ახალი ნერგებით უნდა ჩაანაცვლო. აკაციის ბოძი 10-15 წელიწადში ლპება და შესაცვლელია, ბეტონი კი დიდხანს გაძლებს.

- ჩვენი, ტრადიციული ვაშლის ჯიშები რით სჯობია ევროპულ ჯიშებს?

- ჩვენებური კეხურა რა პირობებშიც უნდა გააჩერო, არაფერი მოუვა, ეს ახალი ჯიშები კი მალფუჭებადია. სამაგიეროდ, მეტი მოდის, რადგან მცირე ზომის, ჯუჯა ხეებია. ბლის ნერგიც 1 ჰექტარზე 1000 ძირი ხარობს. მაგრამ ასეთი ბაღის გაშენება ძვირიც ჯდება: ვაშლის 1 ძირს საშუალოდ 6 ლარამდე ხარჯი უწევს, ხოლო ბლისას - 15 ლარამდე. ნერგების გარდა საჭიროა წვეთოვანი სისტემა, ბოძების თანხაც ხარჯია, მუშახელსაც ვქირაობთ... ჩვენ იმან გვიშველა, რომ სახელმწიფო პროგრამებში ვიყავით ჩართული. 27 წლის ვარ, მეუღლე და ორი შვილი მყავს. შრომას ბავშვობიდან შევეჩვიე, ახლაც დაქირავებულ მუშახელთან ერთად ვმუშაობ. ახალ ტექნოლოგიებში თანდათან ვერკვევი და მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე