მეგონას ბრენდი ალპური საძოვრებიდან
29-05-2017
მეგონას ბრენდი ალპური საძოვრებიდან
"კვარაცხელიას ჯიშის წითელი ძროხები და მათი ყველ-სულგუნია ჩემი ოჯახის მარჩენალი"

სულგუნი ყველა კუთხეში დელიკატესად ითვლება. თუმცა, როცა ამბობენ, მეგ­რულ და განსაკუთრებით, მარტვილის სულგუნს ბადალი არ ჰყავსო, ალბათ სიმართლეა, მარტვილელი მწყემსები პირუტყვს ოდითგან ისეთ საძოვრებზე აძოვებენ,­ რომელთაც­ ასევე არ ჰყავს ბადალი - ეს სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე ალპური და სუბალპური საძოვრებია... ამიტომაც ითვლებოდა სულგუნი აქაურების ბრენდად.

მთების ძირში მიყუჟული პატარა, მეგრული სოფლის, დობერაზენის გლეხები ახლაც სახელგანთქმულ სულგუნს ამზადებენ. მათ შორისაა ბატონი
მეგონა­ ჯოჯუა, რომელიც სულგუნის მასისგან სხვადასხვა ფორმის ულამაზეს პროდუქტებს ქმნის...

- მეც იმ საქმეს მივდევ, რასაც ჩემი მამა-პაპანი აკეთებდნენ. მყავს 30 სული ძროხა, 20 სული ცხვარი, ფუტკარი და ღორებიც, - სოფელში რომ კაცი ცხოვრობს, როგორ შეიძლება მან სტუმარს თავისი ძროხის ყველი და თავის გაზრდილი ღორის
მწვადები არ მიართვას, თავისივე მოწეული ბოსტნეულით არ უმასპინძლოს... დიდებული სოფელი გვაქვს. სოფლის ზემოთ კურორტ ლებარდეს მთებია. აქ ოდესღაც 12 000 კაცი ისვენებდა. მეც იქ ვმუშაობდი. სამწუხაროდ, დღეს კურორტი განადგურებულია... პირუტყვისთვის ლებარდეს საძოვრების მსგავსს იშვიათად იპოვი. ასეთივეა მარტვილში ასხის მთების იალაღიც. ამ საძოვრების უამრავი ჯიშის ბალახი ყვავილობისას რძეს საუკეთესო ხარისხსა და გემოს აძლევს. იმიტომაცაა გემრიელი მარტვილური ყველი და სულგუნი.

- სხვა კუთხეებში საძოვრებზე მთელ ზაფხულს რჩებიან, თქვენც ასე რჩებით?

- მთელ ზაფხულს რომ საძოვრებზე დავრჩეთ, შინ საქმეს ვინ გაგვიკეთებს? საძოვრებზე 10-10 დღით მორიგეობით ვრჩ­ებით, ერთი რომ სოფლად მიდის, მის საქმეს მეორე აკეთებს. ამ დროს რძის ნაწარმის გაყიდვასაც ვახერხებთ. ყველ-სულ­გუნის გარდა, მაწონსაც ვადედებთ. ზაფხულში დამსვენებელი ჩამოდის და ჩვენს ნაწარმს ფასი ეძლევა... ლებარდეს საძოვრებზე ივნისის დასაწყისში მივდივართ, მანამდე კი, აპრილ-მაისში, სოფლის ახლოს, საყანეში­ ვაძოვებთ ნახირს - აქ სიმინდს ვთესავთ ხოლმე. კარვებში ვცხოვრობთ, რიგრიგობით ჩავდივართ სოფელში და სიმინდის ყანის მოძლიერებას ველოდებით. პირველ სულგუნსაც იქვე ვამზადებთ­. ზამთარში სულგუნს იშვიათად ვაკეთებთ - სად თივითა­ და ქერით ნაკვები პირუტყვის რძით დამზადებული სულგუნი და სად - ალპური ყვავილებით ნაკვებისა...

- თურმე თქვენ მარტვილში საუკეთესო სულგუნს ამზადებთ.

- მამა-პაპიდან ვიცი ეს საქმე. თანაც­ მეხალისება - როცა ამ საქმით თავს ირჩენ, რატომ არ უნდა გეხალისებოდეს? ნაირ-ნაირ ფიგურებს ვაკეთებ სულგუნით.

- ამბობენ, ამის სანახავად დობერაზენში უამრავი სტუმარი ამოდის.

- სტუმარი ნამდვილად არ მაკლია, უფრო სოფლიდან 5 კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე მომდის. სტუმარს რა სჯობს, გულით ვუშლი სუფრას. ელარჯსა და სულგუნსაც არ ვაკლებ. გაოცებულები უყურებენ, როგორ იწელება ელარჯი დამზადებისას. ”ავერსის" მფლობელმა, პაატა კურტანიძემ, ასე გაწელილ ელარჯს სურათებიც კი გადაუღო... ჩემთვის კი ეს საქმე ჩვეულებრივია, ხელს თავისით მოჰყვება.

- სულგუნიც ასე იწელება დამზადებ­ისას?

- რა თქმა უნდა. როცა იწელება,­ სწორედ ის არის მოსული სულგუნი.­ ყველიც მოსული უნდა იყოს, მისგან სულ­გუნი­ რომ გააკეთო. ამას გამოცდილი თვა­ლი კარგად ხვდება, დილით რომ ყველს ამოვიყვან, საღამოს ვამოწმებ, რამდენად მოსულია. თუ ასეა, ვთლი, ადუღებულ წყალში ვყრი და ნელ-ნელა ვურევ... ხშირად 15 კილო ყველიც კი ჩამითლია წყალში. მეტის სულგუნად ამოყვანა ძნელია - ამოწევისას ძალ-ღონე სჭირდება. მერე ამ ამოზელილ ყველს ცივ წყალში ვაძლევ ფორმებს. ბოლოს კი ჭურჭელში გადამაქვს და მარილს ვაყრი... მიხარია, ჩემი დაწნული სულგუნები­ ადამიანს რომ აოცებს, ხანდახან მეც კი გავიკვირვებ ხოლმე - რამდენს აქებენ, ნუთუ ეს მე გავაკეთე-მეთქი! აი, ასე ვცხოვრობ. კვარაცხელიას ჯიშის ლამაზი წითელი ძროხები და მათი ყველ-სულგუნია ჩემი ოჯახის მარჩენალი. წელიწადში 700-800 კილო სულგუნსა და ყველს ვყიდი, ცოტ-ცოტა ხორცსაც და ბედს არ ვემდური. მშრომელი კაცი საკუთარი თავის პატრონია.

ეთერ ერაძე
TOTIKA
02 ივნისი 2017 17:08
ღმერთმა დაგლოცოს მშრომელო ადამიანო! ზოგს თავის სამშობლოში წესიერ შრომას გადასაკარგავში დამცირებული ყოფნა ურჩევნია, თურქების და ბერძნების ქაქის წმენდას ასეთი ღირსეული ლუკმა არ ჯობიაა ხალხო!!!

რედაქტორის რჩევით