საზამთროს "დაკიდებული ბაღები" უდაბნოში - კვირის პალიტრა

საზამთროს "დაკიდებული ბაღები" უდაბნოში

"ისრაელელი მეურნეები სხვა ქვეყნების მეურნეებისგან იმით განსხვავდებიან, რომ უმეტესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული"

ისრაელის სოფლის მეურნეობას ხშირად უწოდებენ სასწაულს, რადგან ამ ქვეყნის მკვიდრებს მოსავალი უდაბნოში მოჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი პირობები ხელს არ უწყობს, ისრაელი არა მარტო თავის მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვები პროდუქტებით, არამედ მსხვილი ექსპორტიორიც არის, პროდუქციას აწვდის რუსეთსა და ევროპის მრავალ ქვეყანას. როგორ შეძლო ეს პატარა ქვეყანამ უმოკლეს დროში, აგრონომი აკაკი ღლონტი მოგვითხრობს:

- ებრაელების კიბუცებს, სასოფლო-სამეურნეო კომუნებს, საერთო საკუთრება აერთიანებს. მისი წევრები ირჩევენ მმართველს და ერთად წყვეტენ ყველა საკითხს. დღეს ისრაელის მოსახლეობის 5% კიბუცებში ცხოვრობს. აქ არის ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ყველა პირობაა ადამიანის თვითგანვითარებისთვის. როცა ისრაელში სახლდებოდნენ, ებრაული დიასპორის წევრები თითქმის ყველა პროფესიას ფლობდნენ, თუმცა მათ შორის ნაკლებად იყვნენ გლეხები და ფერმერები. ეს ფენა ბოლო ათწლეულებში შეიქმნა, დღეს კი იქ ათასობით მიწათმოქმედი ცხოვრობს, რომელთა წინაპრები ქალაქელები იყვნენ. ისრაელელი მეურნეები სხვა ქვეყნების მეურნეებისგან იმით განსხვავდებიან, რომ უმეტესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ამ პატარა ქვეყანაში 10 მსხვილი დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია. ის, რაც გუშინ ლაბორატორიაში იყო, დღეს მეურნეობაშია. შედეგიც სახეზეა - ისრაელის სოფლის მეურნეობა სამაგალითოა მსოფლიოში.

ისრაელში სიმწვანე ხელოვნურად არის შექმნილი. მოსავალი უდაბნოში მოჰყავთ, რისთვისაც იყენებენ კარგად განვითარებულ წვეთოვან სისტემას. სხვა მოწინავე აგრარული ქვეყნების მსგავსად, ისრაელში ძირითადად, ერთი ან ორი კულტურა მოჰყავთ. უმჯობესია, ფერმერმა ერთი კულტურა მოიწიოს, ვიდრე ყველაფერი ერთად და საბოლოოდ არაფერი ჰქონდეს. ჩვენ სათანადოდ არ ვიყენებთ მთის მდინარეებსა და წყლის რესურსს, ისრაელში კი, იცით, კალმახი როგორ მოჰყავთ? - წყალი მაღალ ადგილზე აჰყავთ, რომ ხელოვნური ჩანჩქერი შექმნან და იქ კალმახი მოამრავლონ. ყველა მეთოდს იყენებენ მოსავლიანობის გასაზრდელად, მათ შორის, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს.

ხეებზე საზამთროს, ნესვის ან გოგრის მოყვანა ისრაელის ფერმერებს შორის გავრცელებული ხერხია. ასეთი სათბურები უფრო უხვ მოსავალს იძლევა. ამასთან, ეკონომიურიცაა, მცენარეებიც უკეთესად არის დაცული სიდამპლისა და სოკოსგან. ამგვარად მოყვანილი საზამთროს ან ნესვის წონა სრულად ჯდება სტანდარტებში. როცა საზამთრო და ნესვი ხეებზე იზრდება, მათი მოვლაც უფრო ადვილია, რაც გამრჯე ებრაელმა ფერმერებმა კარგად იციან.

წიწაკა რომ პარაზიტებმა არ შეჭამონ, ამისთვის მთელ მსოფლიოში პესტიციდებს იყენებენ, თუმცა ამ შემთხვევაში პროდუქტი ნატურალური აღარ არის. როგორ უნდა გაანადგურონ მავნებელი მწერები? - ამისთვის ისრაელში ფერმერები სხვა მწერებს ამრავლებენ, რომლებიც წიწაკის "მტრებს" სანსლავენ და როცა წიწაკის მავნებლებს გაანადგურებენ, მერე თავადაც შიმშილით იხოცებიან. ამ გონივრული ბიოლოგიური მეთოდის წყალობით ლამის მთელი ევროპა ისრაელში წარმოებული წიწაკით არის სავსე. ამ ქვეყანაში წიწაკას წელიწადში ცხრა თვის განმავლობაში აწარმოებენ, გამონაკლისი მხოლოდ ზაფხულია, როცა ძალიან ცხელა.

ერთ-ერთ კიბუცში წიწაკის წარმოებისთვის შექმნეს კომპიუტერული ტექნოლოგია. წიწაკაში მოთავსებულია ელექტრონული სენსორი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან. სენსორი ზომავს, რამდენ წყალსა და მინერალს საჭიროებს მცენარე. თუ დააკლდება, ის კომპიუტერის საშუალებით ავტომატურად მიეწოდება: იხსნება საირიგაციო სისტემა და ირწყვება. თუ საკვები ნივთიერებები სჭირდება, წყალში ავტომატურად იხსნება მინერალები და მიწის ქვეშ გაყვანილი მილებით მიეწოდება.

მეტი ეფექტიანობისთვის მოსავალი წყალზეც მოჰყავთ. ეს ხერხი დღეს ყველგან არის გავრცელებული. მცენარე იზრდება პირდაპირ წყალზე, პენოპლასტისგან დამზადებულ ფირფიტებზე. ქვეყნებში, სადაც მიწის დეფიციტია, მოსავალი ბამბაზეც მოჰყავთ. სწორედ ასეთი გონივრული მეთოდებით შეძლო ისრაელმა აგრარული სექტორის ფეხზე მყარად დაყენება და განვითარება.

ხათუნა ჩიგოგიძე